ხვალ, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მეტად პრინციპული მატჩი ჩატარდება. ერთმანეთის პირისპირ სადიდსლემო შეჯიბრებების სარეკორდო რაოდენობით მომგები შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და სადღეისოდ მსოფლიო რეიტინგსიის მეხუთე ნომერი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო წარსდგებიან. მათ შორის მოგებული ნახევარფინალის საგზურს დაიმსახურებს. ამ მატჩის წინ ჟურნალისტებმა ფედერერს რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
- როგორი განწყობით ხვდებით ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრებს?
- ჩემი აზრით, თანდათან სათანადო ფორმაში შევდივარ. გასკესთან მატჩმა მეტი დამაჯერებლობა შემძინა. ზუსტად ასეთ ოპონენტებთან პაექრობა მესაჭიროება.
- კონკრეტულად დელ პოტროსთან დაპირისპირებაზე რას გვეტყვით?
- მოხარული ვარ, ხუან მარტინს პარიზში რომ მოვუგე. იმ მომენტისთვის უკვე ვიცოდით, ლონდონში ერთ ჯგუფში რომ მოგვიწევდა გამოსვლა. საფრანგეთის დედაქალაქში “დელპოს” დამარცხების შემდეგ მასთან ფსიქოლოგიური უპირატესობა მაქვს.
- შემაჯამებელი ტურნირის მონაწილე ლონდონის კორტითა და ტრიბუნებზე გამეფებული ატმოსფეროთი კმაყოფილები არიან. თქვენც იზიარებთ კოლეგების პოზიციას?
- მოხარული ვარ, ლონდონში კიდევ ერთხელ რომ მომიწია ასპარეზობა. უიმბლდონისა და შემაჯამებელი შეჯიბრებებთან დაკავშირებით ბევრი კარგი რამ მახსენდება.
- რაფა ნადალი აცხადებს, რომ ATP-ის სეზონის შემაჯამებელი ტურნირი სხვადასხვა საფარის მქონე კორტებზე უნდა ჩატარდეს. ამ იდეასთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება როგორია?
- დიახ, მსმენია ამის თაობაზე. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს დასკვნითი ტურნირი გრუნტზე, ბალახსა და ღია კორტებზე მონაცვლეობით უნდა ტარდებოდეს. ჰიუსტონში შემაჯამებელი ტურნირი ღია კორტებზე მითამაშია. ჩემი აზრით, ძალიან ცოტას ვასპარეზობთ დარბაზში. სეზონის ეს მონაკვეთი ისედაც ხანმოკლეა და დარბაზში სერიოზული ტურნირი უნდა ტარდებოდეს – ისეთი, როგორიც სეზონის შემაჯამებელი შეჯიბრებაა.
- ვიქტორ ტროიცკის 12 თვიან დისკვალიფიკაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენ რას იტყოდით?
- ტროიცკის ამბავთან დაკავშირებით ყველა დეტალი ჩემთვის ცნობილი არაა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელიც დოპინგ-ტესტის ჩაბარებისას ჩოგბურთელს კონტროლს უწევს, მოთამაშეს გვერდიდან არ უნდა მოშორდეს. ისეც ხდება, წაგების შემდეგ სპორტსმენი ისეა ნერვებაშლილი და გაღიზიანებული, მასთან მიახლოებას ვერავინ ბედავს. ყველაფრის მიუხედავად ვთვლი, რომ ნებისმიერი ჩოგბურთელი დოპინგ-ტესტს მოთხოვნის დღეს უნდა აბარებდეს და არანაირი მიზეზით შემოწმების გადავადება სასურველი არაა.