არაბთა გაერთიანებული საემიროების დუბაიში Dubai Duty Free Tennis Championships-ის მორიგმა გათამაშებამ აიღო სტარტი. ტურნირის ხუთგზის ჩემპიონმა (2003, 2004, 2005, 2007, 2012) როჯერ ფედერერმა პირველ წრეში გერმანელ ბენჯამინ ბეკერს 6:1, 6:4 სძლია და ხსენებულ შეჯიბრებაზე 38-ე მატჩი მოიგო (5 მარცხის წილ). შეხვედრის დასრულების შემდეგ სადიდსლემო ტურნირების 17-გზის გამარჯვებული შვეიცარიელი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი.
- დუბაის ტურნირის სასტარტო შეხვედრაში პრობლემა არ შეგქმნიათ...
- ბეკერთან მატჩით კმაყოფილი ვარ. გითხრათ სიმართლე, პაუზის შემდეგ ესოდენ კარგ თამაშს ნაკლებად ველოდი. უკვე კარგა ხანია დუბაიში ვიმყოფები, ტურნირისთვის მშვიდ გარემოში მოვემზადე და სათანადო შედეგიც მივიღე.
- ბეკერთან მატჩიდან გამომდინარე, კარგ ფიზიკურ მდგომარეობას მიაღწიეთ. თავად თუ ხართ კმაყოფილი აკრებილი სპორტული ფორმით?
- ასე კარგად თავი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ მიგრძვნია. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. დილაობით ტკივილის შეგრძნების გარეშე ვიღვიძებ. ახლა მთავარია, ტრავმები ავიცილო თავიდან.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დუბაიში ასპარეზობა?
- ამ ტურნირს ყოველთვის მნიშვნელოვან შეჯიბრებად ვთვლი. ტრადიციულად, თუკი დუბაიში კარგად გამოვალ, სეზონის დარჩენილ ნაწილსაც მაღალ დონეზე ვატარებ. გასულ წლებში სასტარტო მატჩებში პრობლემები მექმნებოდა, ამჯერად საკმაოდ იოლად ვიმარჯვე და იმედია, მომდევნო შეხვედრებსაც წარმატებით ჩავატარებ.
- მოწინააღმდეგეებზე რას იტყვით?
- რთულ და მძიმე ტურნირს ველი. აქ ხომ თავი წამყვანმა ჩოგბურთელებმა მოიყარეს. შარშანდელი ფინალისტი ტომაშ ბერდიხი მშვენიერ ფორმაშია, ჟო-ვილი ცონგა ყოველთვის საშიში ოპონენტია. ფავორიტი, რა თქმა უნდა, შეჯიბრების მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია. ავსტრალიის ღია პირველობაზე მას სტენთან (ვავრინკა) რომ მოეგო, სავარაუდოდ მელბურნის შეჯიბრების გამარჯვებული გახდებოდა. ერთი სიტყვით, დუბაიში ჩემპიონობა ვისაც სურს, ჯოკოვიჩის წინააღმდეგობა უნდა დაძლიოს.
- რამდენიმე დღის წინ პიტ სამპრასმა განაცხადა, ფედერერი კიდევ მინიმუმ ერთ სადიდსლემო ტურნირს მოიგებსო...
- სასიამოვნოა, პიტს ჩემი შესაძლებლობებისა რომ სჯერა. მისი ეს სიტყვები დამაჯერებლობას მმატებს. ისე კი ჩემი მიზანი რეკორდებზე გამოკიდება არაა, საკუთარი სიამოვნებისთვის, გუნდისა და შვეიცარიისთვის ვთამაშობ.