ენდი როდიკმა (#6) მაიამის მასტერსტურნირის ნახევარფინალში რაფაელ ნადალს (#4) სძლია და ზედიზედ მეორე დიდი ტურნირის ფინალში გავიდა.
27 წლის ამერიკელმა, ვინაც ტურნირის 2004 წლის ჩემპიონია, 4 წლით უმცროს ესპანელ მეტოქეს ორ საათსა და ხუთ წუთში 4:6 6:3 6:3 მოუგო.
რაფამ პირველი სეტი მძლავრად ჩაატარა და როდიკს უკანა ხაზიდან გამართულ ბრძოლებში ბდღვირი ადინა. მაგრამ მეორე სეტის ბოლოსკენ ენდი ძალზე აგრესიულად და მრავალფეროვნად ათამაშდა, რის შედეგადაც მოახერხა, მატჩის სასწორი სათავისოდ გადაეხარა. საკუთარ გეიმებზე ის უწინარესად თავისი ბარაქიანი მოწოდებითა და ბადესთან საუცხოო გარჯით ხეირობდა, ნადალისაზე კი – ბასრი ხელწაღმით, რომელმაც მას რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გათამაშება მოაგებინა...
ეს მათი მე-8 შეხვედრა იყო და ენდიმ ნადალთან ჩამორჩენა 3:5-მდე შეამცირა.
ახლა ის ფინალში შვედ რობინ სოდერლინგსა და ჩეხ ტომაშ ბერდიხს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მასტერსის სერიის ტურნირებზე მას 2006-ში ცინცინატიში წარმატების შემდეგ აღარ უმარჯვია. წინის წინა კვირაში მან ინდიან უელსის მასტერსტურნირის გადამწყვეტ მატჩსაც უწია, მაგრამ იქ ვეტერან ხორვატ ივან ლიუბიჩიჩთან დათმო.
რაც შეეხება ნადალს, მან თავისი 11-თვიანი უტიტულო სერიის დასრულება ვერც ამ ჯერზე შეძლო. მაიამის ტურნირი კი კვლავაც იმ იშვიათ გამონაკლისად რჩება, სადაც დიად ესპანელს ჯილდო არასოდეს აღუმართავს.







