ჩოგბურთი

0:01 | 5.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

როდიკმა მაიამის ტურნირი მოიგო


ენდი როდიკმა მაიამის მასტერსტურნირის ფინალში ტომაშ ბერდიხს მოუგო და წლის მეორე, ხოლო კარიერის 29-ე ტიტულს დაეუფლა.
27 წლის ამერიკელმა, რომელსაც იქ 2004-შიც ემარჯვა, 3 წლით უმცროს მეტოქეს დამაჯერებლად – 7:5 6:4 – აჯობა.
ბერდიხმა ვერაფერი დაუპირისპირა ენდის უმძლავრეს მოწოდებას და მასთან უკანა ხაზიდან გამართულ ბრძოლებშიც დათმო.
ეს მათი მე-8 შეხვედრა გახლდათ და როდიკმა მეტოქეს ჯამში მეექვსედ, ხოლო წლეულს უკვე მესამედ სძლია. მიმდინარე სეზონში მათი გზები მაიამიმდე ბრისბენსა (ნახევარფინალი) და სან ხოსეშიც (მეოთხედფინალი) გადაიკვეთა. სხვათა შორის, როდიკმა წლეულს თავისი პირველი ტიტული სწორედ ბრისბენში მოიპოვა.
აღსანიშნავია შემდეგიც:
მასტერსის სერიის ტურნირებზე ენდის წარმატებისთვის 2006-ში ცინცინატიში გამარჯვების შემდეგ აღარ მიეღწია; ამ სერიის შეჯიბრებებზე მან უკვე მეხუთე ტიტული მოიხვეჭა; კარიერის 29-ე ჯილდო მან თავის 49-ე ფინალში მოინაგრა; და კიდევ – ბერდიხის ძლევის შემდეგ ის წლეულს 4 მარცხის წილ 26 მოგებით კაცთა ამქრის ლიდერია.
რაც შეეხება ჩეხ მეჩოგნეს, რომელმაც ფინალამდე მიჯრით სამი ზეათეულელი – როჯერ ფედერერი, ფერნანდო ვერდასკო და რობინ სოდერლინგი – დაჯაბნა, მან შანსი გაუშვა, წლის პირველი, კარიერის მეხუთე, ხოლო მასტერსის სერიის ტურნირებზე მეორე ტიტული მოერეწა.
თუმცა მას სარეიტინგო ქულებთან ერთად ფინალისტისთვის განკუთვნილი 295 500 დოლარი ანუგეშებს. როდიკის მოგებამ 605 500 დოლარი შეადგინა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098118