ბევრს ეცადა თბილისის “თბილისი” და ორი პერიოდის შემდეგ წინაც იყო, მაგრამ თანაქალაქელ “ლიგამუსთან” ძალა აღარ ეყო, საჩემპიონო მარათონის პირველ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ძნელად წარმოსადგენია, იგივე კომპონენტმა ხვალ უკეთესი შედეგის ჩვენების საშუალება მისცეს.
საქართველოს ჩემპიონატს წყალბურთში გადამწყვეტი დრო დაუდგა. ფლეი ოფებმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ გახდება ქვეყნის ჩემპიონი. ვერ ვიტყვით, რომ ანშლაგი იყო, მაგრამ ტრიბუნაზე 100-150 ადამიანი მაინც შეიკრიბა, რომელთა შორისაც ვეტერანი წყალბურთელებისა და მოთამაშეების ნათესავთა შორის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კანდიდატი ირაკლი ყიასაშვილიც იყო...
პირველ მატჩში, ერთმანეთის პირისპირ მესამე ადგილისთვის მებრძოლი “ივერია” და “ზვიგენები” წარსდგნენ. რეგულარულ პირველობაში უკეთ მოთამაშე “ივერიამ”, უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და პირველი პერიოდი 2:0 მოიგო, მერე ოთხი ბურთითაც დაწინაურდა, მაგრამ “ზვიგენებმა” ადვილად არაფერი დათმეს და მესამე პერიოდში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს - 3:4. აქ დაძაბულობამ პიკს მიაღწია და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ “ზვიგენების” სპორტსმენები ერთმანეთს წაეკიდნენ. შედეგად, “ივერიამ” დასკვნით პერიოდში ძალები მოიკრიბა და ჯამში 10:5 იმარჯვა. ამრიგად, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში “ივერია” 1:0 დაწინაურდა, თუმცა, რეგლამენტის თანახმად, თითოეულ მატჩში ბურთებით მოპოვებული უპირატესობა არაფერს ნიშნავს და “ზვიგენებს” ხვალ, 15:00 საათიდან დასაწყებ შეხვედრაში, ერთი ბურთით მოგება იმის საშუალებას მისცემს, რომ მეტოქეს ბრინჯაოს მედლებისთვის მესამე, გადამწყვეტ მატჩში ებრძოლოს.
საფინალო დუელის პირველ შეხვედრაში, თბილისის “თბილისმა” “ლიგამუსს” მხოლოდ პირველი ორი პერიოდი გაუძლო, მერე კი, ძალა გამოეცალა და მარცხი განიცადა. “თბილისმა” აქცენტი შორეულ ტყორცნებზე გააკეთა, ამასთან, მათი ერთი, ან ორი თავდამსხმელი მუდამ რჩებოდა მეტოქის ნახევარზე და ამით მეტოქეს პრობლემებს უქმნიდა. სამ წუთზე მეტი დრო დაჭირდათ გუნდებს ანგარიშის გასახსნელად. “თბილისს” ბურთის გატანის შანსი მიეცა, მაგრამ მათმა წყალბურთელმა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, ვერ იხეირა და “ლიგამუსმა” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა. “თბილისმა” წონასწორობა თხუთმეტიოდე წამში აღადგინა, მაგრამ პერიოდის დასრულებამდე “ლიგამუსმა” სწრაფი, ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და წინ გაიჭრა. პირველი რვა წუთის დასრულებამდე, “თბილისმა” ორი გოლის გატანა მოახერხა და საწყისი პერიოდი 3:2 მოიგო.
განახლდა მეორე ტაიმი და “ლიგამუსის” სწრაფი კომბინაციის შემდეგ, წონასწორობა აღდგა. ამის შემდეგ, მორიგ შესვენებამდე ყველა დარტყმა მეკარის ნადავლი ხდებოდა და პერიოდის დასრულებამდე დაახლოებით 40 წამი რჩებოდა, როდესაც “თბილისის” წყალბურთელი მეტოქის შეტევისას განზრახ დარჩა მოწინააღმდეგის ნახევარზე, სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და საკუთარი გუნდი კვლავ დააწინაურა - 4:3.
დაიწყო მესამე პერიოდი და “ლიგამუსმა” წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე “თბილისმა” ორი ბურთით უპასუხა, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით ლამაზი იყო – შემტევი კარს უყურებდა, საშუალო დისტანციიდან ზურგსუკან ისე ისროლა და გაიტანა - პირველად მატჩში ერთი გუნდი ორი ბურთით დაწინაურდა. მაგრამ “თბილისს” ძალა გამოელია, “ლიგამუსმა” იძალა და პერიოდის დასრულებისას უკვე 11:8-ს იგებდა. მეოთხე პერიოდში “ლიგამუსმა” უპირატესობა ოთხამდეც გაზარდა და კარგახანს კომფორტულ უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ ბოლოს ბევრი შეცდომები დაუშვა და “თბილისმა” შეხვედრის დასრულებამდე წუთითა და ოცი წამით ადრე, ჩამორჩენა ორ ბურთამდე დაიყვანა - 13:15, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, 13:17 დამარცხდა.
ამრიგად, ხვალ, “ივერიას” - მესამე ადგილისთვის, ხოლო “ლიგამუსს” ჩემპიონობის მოსაპოვებლად, მინიმალური სხვაობით მოგებებიც ჰყოფნით, მათ მეტოქეებს კი, საერთო ანგარიშის გასათანაბრებლად უშეღავათო ბრძოლა მართებთ.
ზურა ქსოვრელი







