რიონს ნირს ვერ შეუცვლი. უვლია და ივლის. ივლის მისებურად - ხან მდორედ, ხან ზათქით და ზრიალით. ჯერ გაბაშვილების გორას აჰხედავს წკიპზე შემართული (თვალში არავის ვეპატარავებოდეო), მერე თეთრ ქვებს დაკოცნის ათასმეერთედ და ბოლოს ხიდებსაც ჩამოუვლის - ჯაჭვისას, თეთრს, წითელს...
ზევით ბაგრატის ტაძარია. ქვემოთ - ბაღისკიდე. სიმბოლურია. ასეც უნდა იყოს: მაღლა ღვთის სახლი და დაბლა - კაცთა ალაგი. მაღლა - უფლის კანონი, დაბლა - რჯულისა. ასი წელი იცხოვრო, ამ კანონებს ვერ გაექცევი - ტაძრისას და ბაღისკიდისას. სხვანაირად არავინ გაცხოვრებს ამ ქალაქში.
ქუთაისია, ბიძია, ეს...
მისი რიონით, გორით, ხიდებით, თეთრი ქვებით, ბაგრატითა და ბაღისკიდით - სად სცალია ოდელია ჯამაათისთვის.
პირველად მიხეილ ქორქიამ მითხრა, ცხონებულმა: ყველა კი ვერ გაივლიდა ბაღისკიდეზე, იქ გავლის უფლებას დამსახურება უნდოდაო...
სულ მახსოვს ეს.
ასეც უნდა იყოს. კაცის ცხოვრებას საზომი სჭირდება. საზომი ავისა და კარგისა, სწორისა და არასწორისა, მართლისა და ტყუილისა. ან ქუთაისში რომ იციან - კაის და გლახას ქე უნდა არჩევდე კაცი...
ის ოდელია ჯამაათი კი რეზო ჭეიშვილის წიგნიდან მახსოვს, "გამობერილუბეებიანი შარვლებით" მოსიარულე "კოდლა", ასე რომ არ უხდებოდა ქუთაისს.
მარტო რიონი არ მიდის. მიდის დროც. მიდის და მიაქვს. ყოველ შემთხვევაში, უნდა, რომ წაიღოს, მაგრამ...
ვინ გაატანს...
ქუთაისია, ბიძია, ეს!
დრო მკვლელია - თუთაშხიასი არ იყოს, ათიდან შვიდი მისია, მაგრამ ის სამი ხომ არის ჩვენი? ჩვენი - ადამიანებისა. საბედნიეროდ, ისეთი კაცებიც ხომ ცოცხლობენ, დრო რომ ვერ კლავს. ასეთი კაცების იმედი მაქვს - სიკვდილის მერეც აგრძელებენ არსებობას. კვალს ტოვებენ ისეთს, ვერავინ, ვერაფერი წაშლის.
ისე კი, სუსტები ვართ. ზოგადად. მგონია, რომ კაცის სიკვდილზე მეტად იმ სიცარიელისა გვეშინია, რომელიც მისი გარდაცვალების მერე გვრჩება.
არ არის შიში საჭირო. საჭირო იმაზე ფიქრია, როგორ იქცე და აქციო სხვა კაცი იმაზე უკეთესად, ვიდრე ხარ და არის. არსად, არავის მოუგონია ამაზე დიდი ფილოსოფია. სხვა ყველაფერი ბალასტია, გველის პერანგი - რიონი მიასილავს ან მოიცვლი და გადააგდებ.
დიდუბის პანთეონში, აკაკი ბაქრაძის საფლავზე თეთრი და შავი მარმარილოსაგან ნაკვეთი გადაშლილი წიგნია. შავით თეთრზე წერია ზედ: "მე მწამს სულის მარადიულობისა და მჯერა, რომ ისევ შევხვდებით".
ამის გამოც მგონია, რომ გარდაგვეცვალა, არ მოგვკვდომია რამაზ შენგელია.
შერჩა ხსოვნას. შერჩა ფეხბურთს. შერჩა თბილისს. ქუთაისს და ბაღისკიდეს შერჩა.
****
კვიპროსში რომ თამაშობდა, გეგე შეუცვლიათ და მაყურებელს მქუხარე ტაშით გაუცილებია. გეგემ ქართველ მენეჯერს გადახედა თურმე და ტრიბუნებისკენ გაუქნია თავი.
- არაფერი გაგიკვირდეს, ბიჭო, მამაშენს თხუთმეტი კი არა, ასი ათასი კაცი უკრავდაო ტაშს, - უპასუხნია მენეჯერს.
ეს ამბავი პირველწყაროდან ვიცი. გეგე გიორგი შენგელიაა. მამამისი... კიდევ ის ვიცი, "რამაზამ ახლანდელებს უთხრა, ახლა გადავიცმევ მაიკას და გიჩვენებთ, ვინაა მაგარი ფეხბურთელიო...“
ბევრმა შეიძლება იცოდეს ეს - თბილისი მოლაპარაკე ქალაქია და საფეხბურთო სამყაროც ისეთი გვაქვს, ყველამ ყველაფერი იცის.
და მაინც შევეცდები, მე რომ ვიცნობ და მახსოვს, იმ რამაზ შენგელიაზე მოვყვე. იმ რამაზ შენგელიაზე, რომლის ძარღვებშიც შენგელიების სისხლთან ერთად, გოგიშვილების სისხლიც დარბოდა - დედა ჰყავდა ჩვენი გვარისა და დედულიც ჩვენთან, მარანში ჰქონდა.
ჰოდა, ვინ იცის, რამდენი მარნული დღე დაუღამებია პატარა რამაზს ბურთი დევნაში, რამდენი გოლი გაუტანია - ამაზე მის თანატოლებთან ბევრჯერ მისაუბრია.
მე შენ გეტყვი, მოლი აკლდა იქაურობას და ბურთის სადევად შორს წასვლა დასჭირდებოდათ ბიჭებს. შეაღე ნებისმიერი ჭიშკარი, არჩევანი-არადანი და წავიდააა...
მისი მაგარი ფეხბურთელობისა ყველაზე მეტად მაშინ დაიჯერეს, როცა თოთხმეტი წლისა გახდა - რაც პრიზები იყო, ერთიანად დახიკაო.
გაანათლოს კარლო ხურციძის სული ღმერთმა - ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა დიდ ფეხბურთელობამდე.
არადა, სხვა დრო იყო, სხვა სისტემა. ქუჩასაც თავისი კანონები ჰქონდა, ხარკს ითხოვდა თავისებურს. გინდოდა თუ არა, უნდა მდგარიყავი. მერე გაარომანტიკულეს და საერთოდ აკადემია დაარქვეს, თორემ, სინამდვილეში ბუნებრივი გადარჩევა იყო - ძლიერებისა და სუსტების დახარისხება. იქაც მაგრად იდგა - ყველამ იცის, ვინც იმდროინდელ ქუთაისს და რამაზ შენგელიას იცნობდა.
საქვეყნოდ პოპულარული კი, "დინამოში" რომ გადაიყვანეს, მერე გახდა. ასეც უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა. ტელევიზია, გაზეთი, საბჭოეთი, ევროპა და გოლები, გოლები, გოლები...
გოლები და ის განსაკუთრებული რიტუალი - გოლის გატანის მერე ცალხელშემართული ჰაერში რომ შეინავარდებდა. მინდია მოსაშვილის წიგნში ასე ახსნა ის რიტუალი: პატარაობიდან ძალიან, ძალიან მიხარია ბურთის გატანა და ის შეხტომაც ამ უკიდეგანო სიხარულის გამოხატულებააო.
ტელევიზორში "გამოსვლა" რომ დაიწყო, ლამის მასზე უფრო პოპულარული მისი ბებია გახდა. ხალხი დღემდე ღიმილით იხსენებს, როგორ მხურვალედ გულშემატკივრობდა მოხუცი შვილიშვილს. თავად რამაზ შენგელიასაც არაერთ ინტერვიუში უხსენებია ბებია ალექსანდრა, მისი სითბო და სიტკბო.
სხვა დასტური არ სჭირდება მათ ბებია-შვილიშვილობას - როცა ალექსანდრა ბებია გარდაიცვალა, მთელი "დინამო" ჩავიდა შენგელიას დედულეთში.
- რა კაფანდარები ყოფილან, - ჰკვირვობდნენ მერე მარნელები.
...ოცდაერთი წლისას მთელი საბჭოთა კავშირი იცნობდა. საუკეთესოდაც მაშინ არ აღიარეს? საქვეყნოდ ცნობილ ბლოხინსაც მაშინ ექცა კონკურენტად და აკი აჯობა კიდეც. მეორე წელსვე. მათ საქმეში ჯობნა ბევრი გოლის გატანას ნიშნავდა და აკი გაჰქონდა - ფეხით, თავით, მკერდით, მხრით - როგორც კარლო ხურციძე ასწავლიდა: "რითაც გინდა გაიტანე, ოღონდ გაიტანეო"...
კიდევ ხიზანიშვილის ნათქვამი მახსოვს. ჭირივით მეზარებოდა, ბაზაზე ვარჯიშისას ახალკაცი შენგელიას დევნას რომ დამავალებდა. ვერცხლისწყალივით იყო და ღვიძლი გამიდიდა მაგისმა დევნამო.
ახალკაცი მოიტანა სიტყვამ. იაკუშინისა და ახალკაცის ინიციატივა იყო სწორედ, "ტორპედოს" ბიჭები რომ "დინამოსთვის" შეიგულეს. თუმცა, სულ ასე არ ხდებოდა? სადაც "დინამოს" უჭირდა, იქ იყო "ტორპედოც". ასე მოხვდა "რამაზია" "დინამოში" და ის ნამესხარი მაისურაც ასე მოირგო.
მახსოვს ისე თხუთმეტ ნომრადაც - როცა შეცვლაზე შეჰყავდათ. ათასში ერთხელ, მაგრამ ასეთებიც ხდებოდა.
მანუჩარი ჰყვარებია ძალიან - ის, მინდია მოსაშვილის წიგნი რომ ვახსენე, იქაა ამაზე საუბარი. კიდევ ყიფო - როგორც თავად ეძახდა. ხურციძის, ნორაკიძისა და ახალკაცის მერე დავით ყიფიანია ის კაცი, ვინც ლომის წილი დაიდო მის დიდ ფეხბურთელობაში. ოცდაათზე მეტი წლის ქაღალდის საჩემპიონო "გარმოშკა" მახსოვს, მეგობრული შარჟებითა და თითო სტროფით. შენგელიასი ასე მთავრდებოდა: "როცა თასში ჩაიხედა, იქაც დათოს პასი იდო!"
გია გორგოძის მონაყოლია: "დინამო" მოსკოვში, "ტორპედოსთან" სათამაშოდ ჩასულა. ყიფიანი ავად გამხდარა. შენგელიასთვის საქართველოდან დაურეკავთ, გუნდის ამბები უკითხავთ და "ყიფო რაფერააო", დაინტერესებულან.
"რაფერაა და ზარაპინმა დეპეშა რომ გამოატანოს, თბილისამდე ჩამეიტანს თუ არა, ვერ გეტყვიო", – უპასუხა რამაზმა.
ზარაპინი "ტორპედოს" მეკარე იყო. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
მერე ჭომაც მიიყვანეს. მერე ბინებიც ერთ კორპუსში იყიდეს.
რომ არ ვთქვა, არ შეიძლება: ერთხელ, მუშთაიდის საფეხბურთო მოედანზე იდგა, სხვები გუნდს ავარჯიშებდნენ და თვითონ მაინცდამაინც არ აქტიურობდა. მზესუმზირას აწკაპუნებდა. "ახალკაცმა რა გითხრათ გასახდელში, "კარლ ცაისთან" შესვენებაზე რომ გახვედით-მეთქი", - ვკითხე...
"არაფერი ისეთი. თქვენი თამაში ითამაშეთო. დავალებები მოგვცა, კონკრეტული... ცოტა სიღრმეში ჩამოიწიე, ნახევარდაცვას მიეხმარეო".
ეს იყო სულ. სხვაგან და სხვა მე და რამაზ შენგელიას არ გვილაპარაკია.
თუმცა, "ტვ-4“-ის სპორტულ რედაქტორად მუშაობისას, ჩვენი რედაქციიდან ჯგუფი კი გავუშვით ჩაწერაზე. მასთან და თენგიზ სულაქველიძესთან ჩაიწერა ის გადაცემა - ჭომას სახლში.
რამდენი სიხარული მოუტანია. ყველა გოლი სიხარული არ იყო? სახლში ბასას მონათხრობების მიხედვით დაბეჭდილი წიგნი მაქვს და იქიდან ვიცოდი, ჩვენი ბომბარდირი ბასა იყო - 127 გოლით. შენგელიამ მოხსნა ის რეკორდი. "ფეოლასი" არ იყოს, გაუჭირდებოდა...
ხომ მაგარი მატჩები ითამაშა - "ლივერპულთან", "ვესტ ჰემთან", ესპანურ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილისთან და შოტლანდიასთან...
მე მაინც "ფეიენოორდთან" გასვლის თამაში მახსოვს (მისი ჩანაწერი რომ არ გვეღირსა დღემდე) - იფრინა კაცმა, კამეჩის ნალოსავით ათრია ჰოლანდიელების დაცვა.
ნეტავი ის მსაჯი, ავსტრიელი ვიორერი თუ არის ცოცხალი...
ფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანმა სამსახური ხუთ, ხოლო საცხოვრებელი ათ წელიწადში ერთხელ უნდა იცვალოსო. მაგათსას რას გაიგებ. მაგრამ რაღაცებს რომ ვეჩვევით, ფაქტია. თავდაპირველად რომ დარდობდა ქუთაისზე, ნამდვილად ვიცი. ვიცი ისიც, მერე რომ თბილისს შეეჩვია, მაგრამ ის ნოსტალგია დრომ დაუნისლა თუ ძველებურად ყველგან დაჰყვებოდა, ამაზე ვერაფერს ვწერ.
დრო მოვა, ბატონ თენგიზს ვკითხავ - შენგელიასი სულაქველიძეს ეცოდინება. მით უმეტეს, ქუთაისზეა საუბარი.
****
წავიდა. მაგრამ დარჩა. არ მორჩა. სულ იცოცხლებს - ხსოვნაში, ქართულ ფეხბურთში, თბილისში, ქუთაისში და ბაღისკიდეზე.
საქართველოა... თბილისია... ქუთაისია, ბიძია, ეს!
კონსტანტინე გოგიშვილი