ჩოგბურთი

10:42 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობრედომ ფედერერ-ნადალის მეოთხედფინალი ჩაშალა

როჯერმა საკუთარ თავთან დავმარცხდიო...

 მთელი საჩოგბურთო სამყარო ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში როჯერ ფედერერისა და რაფა ნადალის შეხვედრის მოლოდინით იყო, მაგრამ შვეიცარიელისა და ესპანელის მატჩი რაფას თანამემამულე ტომი რობრედომ “ჩაშალა”. მან სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორ როჯერს სამი სეტით, 7:6, 6:3, 6:4 მოუგო და თავად გავიდა მეოთხედფინალში.

“ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საკუთარ თავთან დავმარცხდი, ამასთამ რობრედოს თამაში საუცხოო გახლდათ. ტომი მეტად აქტიურად პაექრობდა, მატჩში გარდატეხის შეტანა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. გულგატეხილი ვარ, მეოთხედფინალში რომ ვერ გავედი, თუმცა, ასეთი თამაშით რაფასთან მოგების შანსი არ მექნებოდა. ახლა ამ წაგების სასწრაფოდ დავიწყება და კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით ვარჯიში მმართებს. სამომავლოდ საასპარეზო გრაფიკს არ შევცვლი და წარმატებების მიღწევას შევეცდები”, - ფედერერი ოპტიმიზმს კვლავ არ კარგავს.

აქამდე 31 წლის რობრედოს ზედიზედ 10 მატჩი ჰქონდა წაგებული ფედერერთან და კარიერაში როჯერის პირველად ძლევის შემდეგ, ცხადია, სიხარულს არ მალავდა: “ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს მოვუგე, რის გამოც ბედნიერი ვარ. როდესაც კორტზე გავდიოდი, ტრიბუნებზე სიჩუმე იყო, ხოლო როცა როჯერი გამოჩნდა, აპლოდისმენტებმა იქუხეს. შეხვედრისას საკუთარი ბრეიკ-პოინტები გამოვიყენე, როჯერმა ეს ვერ მოახერხა. წლეულს კასაბლანკას ტურნირის მოგებამ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა განმიმტკიცა. იმედია, წარმატებულ ასპარეზობას განვაგრძობ”.

რობრედოს სამეოთხედფინალე მოწინააღმდეგე მოლოდინისამებრ რაფა ნადალი იქნება. 27 წლის ესპანელმა გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს 6:7, 6:4, 6:3, 6:1 მოუგო. რაფამ 2 საათისა და 52 წუთის განმავლობაში 5 ბრეიკი, 3 ეისი შეასრულა და კოლშრაიბერთან პირადი შეხვედრების ანგარიში 10:1 გახადა.

და ბოლოს, ისევ ფედერერზე. 2002 წლიდან მოყოლებული პირველად როჯერი დიდი სლემის ვერცერთი ტურნირის ფინალში ვერ გავიდა. შეგახსენებთ, წლეულს ავსტარლიის ღია პირველობაზე შვეიცარიელი ნახევარფინალში დამარცხდა, “როლან გაროსზე” მეოთხედფინალს უწია, უიმბლდონზე მეორე წრეში წააგო, ამერიკის ღია ჩემპიონატს კი მერვედფინალში გამოეთიშა. 3 სეტითაც ფედერერს 2002 წლის შემდეგ არ წაუგია. 

0.113701