არგენტინელი ცენტრალური მცველი რობერტო ნესტორ სენსინი 13 წლის განმავლობაში (1987-2000) იცავდა საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას და 1991 და 1993 წლებში კოპა ამერიკას ჩემპიონი გახდა. სენსინიმ 3 მსოფლიოს ჩემპიონატზე (1990, 1994, 1998) მიიღო მონაწილეობა, იტალიის მუნდიალზე კი ფინალში იასპარეზა. შულ არგენტინის ნაკრებში 60 მატჩი ჩაატარა. საკლუბო დონეზე სენსინიმ “ნიუელს ოლდ ბოისში”, “უდინეზეში”, “პარმასა” და “ლაციოში” ითამაშა. რობერტომ არგენტინისა და იტალიის ჩემპიონობა, ორჯერ უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოიპოვა. არგენტინისა და იტალიის ჩემპიონატებში ჩაატარა 529 შეხვედრა, გაიტანა 30 გოლი. იტალიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ლეგიონერია. სერია A-ში ბოლო მატჩი 39 წლისა და სამი თვის ასაკში ჩაატარა.
აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სენსინიმ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. იგი ჯერ “უდინეზეს” დამრიგებლობდა, 9 თვე ბუენოს აირესის “ესტუდიანტესს” ედგა სათავეში, შემდეგ მშობლიური “ნიუელს ოლდ ბოისის” მთავარი მწვრთნელი იყო, 2012-13-ის სეზონში კი “კოლონს” მოძღვრავდა.
- სამ მუნდიალზე გიასპარეზიათ. მოდით 1990 წლის ჩემპიონატი გავიხსენოთ. უპირველესად რა ჩაგებეჭდათ გონებაში აპენინის ნახევარკუნძულზე ჩატარებული მსოფლიოს პირველობის მსველობისას?
- ტურნირის დაწყების წინ სირთულეებს წავაწყდით. დიეგო არმანდო მარადონა სათანადო ფორმაში არ იყო, რაშიც დამნაშავე კოჭის ტრავმა გახლდათ. ფეხი სტკიოდა ხორხე ბურუჩაგასაც. “ალბისელესტემ” მაყურებელს კოლექტიური თამაშის ნიმუში უჩვენა და ფინალამდეც მივაღწიეთ. ისე კი, უნდა ვაღიარო, ვერც 1986 წლის ნაკრების დონემდე “გავქაჩეთ” და სანახაობრივი თვალსაზრისითაც ამერიკაში, 1994 წელს უკეთ გამოვიყურებოდით. ამასთან, გადამწყვეტ მატჩს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, იტალიაშიც მშვენივრად ვითამაშეთ. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჯერ ბრაზილიელები ჩამოვიშორეთ, შემდეგ კი ტურნირის მასპინძლები. სიცოცხლის ბოლომდე კი გულდასაწყვეტ მოსაგონრად გერმანიასთან პენალტით წაგებული ფინალი დამრჩება. თანაც, ჩვენ კარში თერთმეტმეტრიანი ძირითადი დროის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე დაინიშნა. მარცხი ყოველმა ჩვენგანმა მტკივნეულად განვიცადეთ. ალბათ, გახსოვთ, დიეგო პატარა ბავშვივით რომ ზლუქუნებდა.
- ამ თემაზე საუბარი არ გსიამოვნებთ, მაგრამ მაინც გკითხავთ, მსაჯმა საპენალტე ნიშნულისკენ ხელი თქვენი და რუდი ფიოლერის შეტაკების შემდეგ გაიშვირა. იყო პენალტი?
- არა. კარგა ხანია ეს თემა მაწვალებს, სულ იმ მომენტს ვუკირკიტებ, გონებაში აღვადგენ ხოლმე და სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის არბიტრი ედგარდო კოდესალი შეცდა. ახლა კი ამაზე ფიქრი და მსჯელობა აღარ მსურს. რაც იყო, იყო.
- 1994 წელს ამერიკაში არგენტინის ნაკრებმა ჯგუფურ სტადიაზე შთამბეჭდავად ითამაშა, მაგრამ მარადონას დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდი გატყდა. მაინც რატომ ვერ შეძელით ლიდერის მეტ-ნაკლებად სათანადოდ შეცვლა?
- დიეგოს დასჯა ჩვენთვის თვალის ჩინის დაკარგვის ტოლფასი იყო. მარადონა ჩვენთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავდა და მოწინააღმდეგესაც მისი მინდორზე ყოფნა შიშის ზარს სცემდა. მარადონას დისკვალიფიკაციის შემდეგ მეტოქეები უფრო თამამად გვეთამაშებოდნენ. რუმინეთთან თამაშს რაც შეეხება, უამრავი ხელსაყრელი სიტუაცია საჩვენოდ რომ გამოგვეყენებინა, არ წავაგებდით. ისე კი, არგენტინა-რუმინეთის დაპირისპირება იმ მუნდიალის ფინალს დაამშვენებდა. არ გეგონოთ, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრება იყოს. გულშემატკივართა დიდი ნაწილიც ამას იზიარებს.
- რა მოხდა საფრანგეთში 1998 წელს?
- საკუთარ თავს არ ვგავდით. ჰოლანდიელებმაც სავსებით დამსახურებულად მოგვიგეს.
- როგორ თვლით ლეო მესი დიეგო არმანდო მარადონას გაუტოლდა?
- ნუ მოვთხოვთ მესის მარადონად გახდომას, რადგანაც მე ერთადერთ და განუმეორებელ დიეგოს ვიცნობ. შესაძლოა, “ბარსას” ფორვარდი მარადონას მიუახლოვდეს, მაგრამ ვერასდროს გაუტოლდება.
- თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რით განსხვავდება ფეხბურთელისა და მწვრთნელის პროფესია?
- დამრიგებელი ერთი მატჩის დასრულებისთანავე მეორეზე იწყებს ფიქრსა და ზრუნვას. მას ახალი ტაქტიკური მონახაზი აქვს შესამუშავებელი, მოთამაშეთა ფიზიკურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს. მოსაფიქრებელია მოწინააღმდეგის გუნდის წამყვანი ფეხბურთელების განეიტრალების გზებიც. მოთამაშე კი მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს და მისი ერთადერთი საზრუნავი მომდევნო შეხვედრისთვის მზადებაა.
- ფეხბურთელობისას ისეთი აღიარებული სპეციალისტების მეთვალყურეობითა და ხელმძღვანელობით გიხდებოდათ ასპარეზობა, როგორებიც მარსელო ბიელსა, კარლოს ბილარდო და დანიელ პასარელა არიან. პირადად თქვენზე რომელმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
- ძნელი სათქმელია. სამივესგან ბევრი რამ ავითვისე. ისე კი, ჩემ ფეხბურთელად ფორმირებაში ყველაზე დიდი როლი მაინც ბიელსამ და ბილარდომ ითამაშეს. სინიორ კარლოსმა მასწავლა, თუ როგორ უნდა მეთამაშა დაცვის ხაზის ნებისმიერ პოზიციასა თუ წერტილში. ეს ძალიან გამომადგა იტალიაში ასპარეზობის დროს. ცხადია, ფეხბურთელი ყველაზე მეტს უშუალოდ მინდორზე ყოფნისას სწავლობს და გამოცდილების შეძენასთან ერთად თავის საუკეთესო თვისებებს სულ უფრო და უფრო უკეთ წარმოაჩენს, მაგრამ თუკი მოთამაშეს მწვრთნელმა სწორი მიმართულება არ მისცა, რაც არ უნდა მაღალი რანგის მატჩებში მიიღო მონაწილეობა, ვერ გაიზრდები.