მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა მცველმა, რობერტო კარლოსმა, დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და მცირე პროგნოზიც გააკეთა. ბრაზილიელი მარცხენაფლანგელის კომენტარს Football Espana ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს კარდიფში ერთმანეთს “რეალი” და “სევილია” უეფას სუპერთასის მოსაპოვებლად შეერკინებიან.
“რეალი” სუპერთასის ფავორიტია. ამის უმარტივესი მიზეზი ისიცაა, რომ, როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ევროპის ლიგის გამარჯვებულზე ძლიერია. გარდა ამისა, “რეალს” ზღაპრული შემადგენლობა ჰყავს.
“სევილია” ძალიან კარგი გუნდია. და რაკიტიჩის დაკარგვის მიუხედავად, ის მომავალ სეზონში სერიოზული ძალა იქნება. “რეალის” მსგავსად, ამ გუნდსაც წარმატებას ვუსურვებ, როგორც სუპერთასზე, ისე მთლიანად სეზონის განმავლობაშიც”, – განაცხადა მადრიდელთა ლეგენდამ.
ცნობისათვის, “რეალმა” სუპერთასზე ბოლოს 2002 წელს ითამაშა, როდესაც მონაკოში როტერდამის “ფეიენოორდს” 3:1 მოუგო და იმ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ რობერტო კარლოსი დაასახელეს.
ლევან გოგოტიშვილი