ფეხბურთი

11:36 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი: “საპასუხო მატჩშიც მოგებისთვის ვითამაშებთ“

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ზენიტს“ სანკტ პეტერბურგში 4:2 იმარჯვა. საპასუხო მატჩის წინ მოპოვებული სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, დორტმუნდელთა პოლონელი თავდამსხმელი მეოთხედფინალის საგზურის დაუფლებას განაღდებულ ამბად მაინც არ თვლის და საშინაო ასპარეზზეც სრული მობილიზებით თამაშს ჰპირდება გულშემატკივარს. ლევანდოვსკის წინასამატჩო ინტერვიუს გაცნობამდე შეგახსენებთ, რომ რუსეთის „ჩრდილოეთ დედაქლაქში“ ჩატარებულ მატჩში ლევანდოვსკიმ ორჯერ აიღო „ზენიტის“ კარი.

- დორტმუნდის „ბორუსიამ“ სამიოდე კვირის წინათ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე „ჰამბურგთან“ გერმანულ ბუნდესლიგაში მარცხი განიცადა. სანკტ პეტერბურგის „ზენიტთან“ საპასუხო შეხვედრამდე ამჯერად მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ წააგეთ...

- ვერ გეტყვით, რატომ ვმარცხდებით ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობათა წინ, მაგრამ ის კი შემიძლია მოგახსენოთ, რომ გაცილებით უკეთ თამაში შეგვწევს, ვიდრე გასულ შაბათს გლადბახთან ნაჩვენები საშინაო ასპარეზობის ხარისხია. მოწინააღმდეგეს პირველ ტაიმში ორად ორი საგოლე შანსი ჰქონდათ და ორივე ეპიზოდი გოლად გარდასახეს. ჩვენ კი ბევრი ხელსაყრელი მომენტი გავაცუდეთ. სწორედ ეს მომენტი გამოდგა გადამწყვეტი.

- არ შიშობთ, რომ ბუნდესლიგაში განცდილი მარცხის გამო „ზენიტთან“ მატჩის წინ თქვენი გუნდის ბრძოლისუნარინობა დაეცემა?

- არა. ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვართ, როგორც რუსეთში გასამართი პირველი მერვედფინალური შეხვედრის წინ. მაშინ „ჰამბურგმა“ 3:0 მოგვიგო. „ზენიტთან“ ყურადღებით ვითამაშებთ, რადგანაც მეოთხედფინალის საგზური ჯერ კიდევ განაღდებული არ გვაქვს.

- ამას ეტიკეტის დაცვის მიზნით ხომ არ ამბობთ?

- არავითარ შემთხვევაში. გავიმეორებ – მეოთხედფინალის საგზური განაღდებული არ გვაქვს. „ზენიტთან“ საპასუხო მატჩშიც კი მხოლოდ მოგებისთვის გავალთ მინდორზე. ჩვენი ერთგული ფანების გასახარებლად ძალას არ დავიშურებთ.

- დავუბრუნდეთ ბუნდესლიგას. გლადბახთან მატჩის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიმდინარე სეზონში „დორტმუნდი“ საშინაო ასპარეზზე მრისხანე ძალას ნაკლებად წარმოდგენს?

- ბოლო შეხვედრას სკურპულოზურ ანალიზს გავუკეთებთ. იმედია, სათანადო დასკვნას გამოვიტანთ და როგორც ბუნდესლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში გაცილებით უკეთ განვაგრძობთ თამაშს. ამის იმედი მაქვს და გულშემატკივარსაც კვლავინდებურად ჟინიან, შედეგიან თამაშის ჩვენებას ვპირდები.


0.114192