ჩოგბურთი

13:52 | 15.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ფედერერი: “მამაჩემი, მე და როჯერი ერთმანეთს ვგავართ”

 როჯერ ფედერერის მეუღლეს, მირკა ვავრინეცს ჩოგბურთის გულშემატკივრები კარგად იცნობენ. მირკა პრაქტიკულად როჯერის არცერთ ტურნირს არ აკლდება და ფედერერიც ხშირად ამბობს, ჩემი წარმატებები დიდწილად მირკას ქომაგობის დამსახურებაცააო. სპორტის ქომაგები ნაკლებად იცნობენ ფედერერის მშობლებს. დღეს ეს “ხარვეზი” ნაწილობრივ გვსურს აღმოვფხვრათ და როჯერ ფედერერის მამასთან რობერტ ფედერერთან შემოგთავაზებთ მოკლე ინტერვიუს. 

- ცოტათი უფრო ახლოს გაგვაცანით თქვენი თავი...

- 1946 წლის 18 ივნისს, სანკტ-გალენის პროვინციის პატარა ქალაქ ბერნაკში დავიბადე დავიბადე. მამაჩემის მსგავსად მეც მუშაობა ვიდნაუს ხელოვნური ბოჭკოს ქარხანაში დავიწყე მუშაობა. როდესაც 20 წლის გავხდი, იქ საქმიანობა მომბეზრდა და ბაზელში გადავსახლდი, სადაც ფირმა Ciba-ს ქიმიური მრეწველობის ქარხანაში განვაგრძე მუშაობა. მოგვიანებით ამ ქალაქში დაიბადა ჩემი ორივე შვილი.

- როდის შეატყვეთ როჯერს, მაღალი კლასის ჩოგბურთელი რომ დადგებოდა?

- მას საჩოგბურთო ტალანტი რომ ჰქონდა, ადრეული ბავშვობიდანვე გამოჩნდა. პრინციპში, მას ჩემი და მეუღლის ლინეტის გენები გამოჰყვა.

- თქვენ და როჯერის დედა ჩოგბურთს თამაშობდით?

- ჩოგბურთს საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. ჩემი სტილი აგრესიული, შემტევი გახლდათ. სამოყვარულო დონეზე ვასპარეზობდი და ამ დონეზე წარმატებულ მოთამაშედაც ვითვლებოდი. ჩემზე უფრო მაღალი კლასის მოთამაშე გახლდათ ლინეტი. სადღეისოდ კი იგი უფრო გოლფის თამაშითაა გატაცებული და დაინტერესებული.

- როჯერის დაბადება გახსოვთ?

- 1981 წლის 8 აგვისტოს რა დამავიწყებს! საღამო ხანს მეგობრებთან ერთად ჩოგბურთს ვთამაშობდით, როდესაც ჩვენ კლუბში დარეკეს. როდესაც ტელეფონთან მივედი, ლინეტი შემრჩა, რომელმაც შეშინებული ტონით მითხრა, უმჯობესია სასწრაფოდ შინ მოხვიდეო. სახლში გავემგზავრე, შემდეგ სამშობიაროში წავედით და დილის 8 საათზე ქვეყნიერებას როჯერი მოევლინა.

- ჩოგბურთის სიყვარულის გარდა, როჯერი მშობლებს კიდევ რით დაემსგავსა?

- მამაჩემი, მე და როჯერი ერთმანეთს ხასიათითაც ვგავართ და ფიზიკურადაც. ჩოგბურთის თამაშის გარდა, ჩემგან და ლინეტისგან როჯერმა მოგზაურობის სიყვარულიც შეიძინა. როჯერი ყოველთვის სიახლეების შემეცნებისკენ მიისწრაფის და ეს მას საჩოგბურთო კორტზე წარმატებების მიღწევის საქმეშიც დიდ სამსახურს უწევს.

0.123513