22-23 მაისს, რიო დე ჟანეიროში გასამართი ძიუდოისტთა “დიდი სლემი” საქართველოს ნაკრების გარეშე არ ჩაივლის. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ წინასწარი გეგმა ერთხელაც შეცვალა და ბრაზილიაში გუნდის გაშვება გადაწყვიტა, ოღონდ ეგაა, შემცირებული შემადგენლობით. რიოს ტატამზე დავით ქევხიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ლევან ჟორჟოლიანი გავლენ. მწვრთნელობას კი გურამ მოდებაძე გასწევს.
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგი 8-9 მაისს, ტუნისის დიდი პრიზით გაიხსნა. ეს ტურნირი ქართულ გეგმაში ბოლო მომენტში ჩაჯდა, რიოს დიდი სლემის ნაცვლად. მიზეზად ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა შორი გზა და ევროპის ჩემპიონატზე ნაჭიდავები ძიუდოისტების ზედმეტად გადაღლა დაასახელა. მანვე, ფინანსური მხარე კატეგორიულად უარყო, თუმც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას ეს პრობლემაც ახსენა. ქართველები წლის ბოლომდე დარჩენილი 7 სარეიტინგო ტურნირიდან 2-ზე უნდა გამოსულიყვნენ: 5-6 ივნისს, მადრიდის მსოფლიოს თასზე და 3-4 ივლისს, მოსკოვის დიდ სლემზე.
მსოფლიოს თასი დიდ სლემს სარეიტინგო ქულებით 3-ჯერ ჩამოუვარდება. ამიტომაც იყო, გამორჩეულად გულდასაწყვეტი ბრაზილიური ვარიანტის ჩაშლა. რიოს ტატამზე გაჩემპიონებული ძიუდოისტები 300 ქულას მიიღებენ, მეორე-მესამეადგილოსნები – 180 და 120 ქულას.
ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ ვარლამ ლიპარტელიანსა და ლევან ჟორჟოლიანზე არჩევანი სავარაუდოდ სალიცენზიო ციკლში მათი გამორჩეულად გამოსვლის გამო შეაჩერა. რაც შეეხება დავით ქევხიშვილს, იგი კანადაში სწავლობს, იქვე ვარჯიშობს და წინასწარი ინფორმაციით, დიდ სლემზე საკუთარი ფინანსებით გამგზავრებას აპირებდა.
აქვე სეზონის ბოლომდე დარჩენილი სალიცენზიო ტურნირების ჩამონათვალი:
22-23 მაისი დიდი სლემი (რიო დე ჟანეირო)
29-30 მაისი მსოფლიო თასი (სან პაულუ)
5-6 ივნისი მსოფლიოს თასი (მადრიდი)
12-13 ივნისი მსოფლიოს თასი (ლისაბონი)
3-4 ივლისი დიდი სლემი (მოსკოვი)
24-25 ივლისი მსოფლიოს თასი (ულანბატორი)
26-28 აგვისტო მსოფლიოს თასი (მაიამი)
ოთარ მაღლაკელიძე







