ფეხბურთი

12:45 | 15.03.2013 | ნანახია NaN - ჯერ

რიო ფერდინანდი ნაკრებში დააბრუნეს

2011 წლის ზაფხულიდან პირველად, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი ეროვნულ გუნდში გამოიძახეს.

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა იმ 26 მოთამაშის სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის უახლოესი მატჩებისთვის, სან მარინოსა და მონტენეგროს ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადებიან და სწორედ ამ სიაში მოხვდა 34 წლის ფერდინანდი.

“მანჩესტერის” მცველს ნაკრებში მისი ძმის - ანტონ ფერდინანდისა და ჯონ ტერის შორის რასისტულ ნიადაგზე მომხტარი კონფლიქტის შემდეგ აღარ ეძახდნენ. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ, მწვრთნელებმა არჩევანი “ჩელსის” მცველის სასარგებლოდ გააკეთეს და ფერდინანდი თამაშგარეში დარჩა. ჰოჯსონმა ვეტერანი მცველი არც მიმდინარე წლის თებერვალში, ბრაზილიასთან გამართული ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა და მაშინ განაცხადა, რომ მისი დახმარება არ ჭირდებოდა, მაგრამ ახლა აზრი შეიცვალა.

“რიოს ასაკის და კალიბრის ფეხბურთელს ნაკრებში იმის გამო არ იძახებენ, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს. მან გუნდი უნდა გააძლიეროს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად ითამაშებს” - განაცხადა ჰოჯსონმა.

ინგლისის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიუყურება:

მეკარეები: ბენ ფოსტერი (“ვესტ ბრომვიჩი”), ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”), ფრეიზერ ფოსტერი (“სელტიკი”, შოტლანდია);

მცველები: ლეიტონ ბეინსი (“ევერტონი”), გარი კეჰილი, ეშლი კოული (ორივე “ჩელსი”), გლენ ჯონსონი (“ლივერპული”), კრის სმოლინგი, რიო ფერდინანდი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), მაიკლ დოუსონი, კაილ უოკერი (ორივე “ტოტენჰემი”);

ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი, ტომ კლევერლი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”),, სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”), ფრენკ ლემპარდი (“ჩელსი”), აარონ ლენონი (“ტოტენჰემი”), ჯეიმს მილნერი (“მანჩესტერ სიტი”), ლეონ ოსმანი (“ევერტონი”), სკოტ პარკერი (“ტოტენჰემი”), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ტეო უოლკოტი (ორივე “არსენალი”), ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”);

თავდამსხმელები: ჯერმენ დეფო (“ტოტენჰემი”), უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), დენი უელბეკი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).

ინგლისის ნაკრებს H ჯგუფში ჩატარებული 4 თამაშის შემდეგ 8 ქულა აქვს, ორით ჩამორჩება ლიდერ მონტენეგროს და მეორე ადგილს იკავებს. ბრიტანელები სან მარინოს 22 მარტს, ხოლო მონტენეგროს 26 მარტს ეთამაშებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070558
სარეკლამო ადგილი - 99
X x X