მიუნხენის “ბაიერნის” 31 წლის ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მიზეზად, ფრანგმა მოთამაშემ ზურგის პრობლემები დაასახელა, რის გამოც, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.
“ნაკრებიდან მივდივარ. ვთვლი, რომ ამის დრო დადგა. მსურს, მეტი დრო გავატარო ოჯახთან ერთად და მთლიანად კონცენტრირებული ვიყო “ბაიერნის” მიზნებზე.
გარდა ამისა, ჩვენ ნიჭიერი თაობა მოგვდის, რომელთათვისაც ადგილის განთავისუფლებაა საჭირო. მქონდა როგორც აღმავლობის პერიოდი, ასევე ჩავარდნები. ახლა კი, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება”. – ციტირებს ფრანგის სიტყვებს გერმანული kicker-ი.
რიბერი საფრანგეთის ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობდა. ამ დროის მანძილზე 81 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. 2006 წელს ახლოს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან, თუმცა მისი გუნდი იტალიის ნაკრებთან დამარცხდა ფინალში.
ირაკლი ალიმბარაშვილი