ფეხბურთი

17:20 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეზო არველაძე: “ეს იდეა სერიოზულად ჯერ არ განგვიხილავს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რეზო არველაძემ ინტერნეტგამოცემა azerisport.com -თან საუბარში განაცხადა, რომ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე სერიოზულად არც ქართულ მხარეს უმსჯელია.

- ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკები კომენტარს საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატის თაობაზე აკეთებდნენ...

- ეს მხოლოდ იდეაა, რომელიც საქართველსო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გაახმოვანა. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესოა. დეტალებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ცნობილია სამი ქვეყანა.

- თქვენ ამის გჯერათ?

- რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორი არსებობს, რომლებსაც ამ იდეის ჩაშლა შეუძლიათ. თუმცა, პირველ ყოვლისა ფიფასა და უეფას აზრი უნდა გავიგოთ. თუ ტურნირის ჩატარების შანსი იქნება, მაშინ შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ერთი მხრივ, იდეა საინტერესოა, მეორე მხრივ, გამოჩნდა ხალხი, რომელიც მას მხარს არ უჭერს.

- საქართველოს იდეას მხარი აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა არ დაუჭირეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ქვეყანაში ის ისე აქტიურად არ განუხილავთ, როგორც თქვენთან...

- სიმართლე გითხრათ, ჩვენ ეს იდეა სერიოზულად ჯერ არ განგვიხილავს. ასე რომ, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. იმის შესახებ არ გვისაუბრია, ამ ტურნირზე რამდენი გუნდი ითამაშებს, მატჩებს ვინ მოემსახურება, როგორი კვოტები იქნება. ჯერ მხოლოდ იდეაა, რომელსაც სხვა იდეების მსგავსად არსებობის უფლება აქვს.

- რას იტყვით ბაქოში ჩატარებულ აზერბაიჯანისა და მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩზე?

- ასეთ მატჩებში ყოველთვის ბევრი ემოციაა. მატჩში ბევრი ისეთმა მოთამაშე მონაწილეობდა, რომლებსაც ერთმანეთი რამდენიმე წელია არ უნახავთ. ზოგიერთს დიდი ხანი ფეხბურთი არ ჰქონდა ნათამაშები. ყოველთვის სასიამოვნოა მეგობრებთან ერთად შეკრება მეგობრულ აზერბაიჯანში.

- რა გასაკვირიც უნდა იყოს, თამაში ფრედ დასრულდა. შედეგზე წინასწარ მოილაპარაკეთ?

- პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამის შესახებ საერთოდ არაფერი გამიგია. არა მგონია, რომ ამ შეხვედრის შედეგი წინასწარ მოლაპარაკებული ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, მე არავინ მომლაპარაკებია.


0.117485