საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ.
რეხვიაშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე სლოვენიელი როკ დრაკშიჩი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა ორ იუკოს საფინალო სირენამდე წამით ადრე იპონიც მიაყოლა, ისე, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ერთი ილეთის შესრულებაც ვერ შეძლო. ტატალაშვილი კი ყაზახ დასტან იკიბაიევთან ასევე იპონით დამარცხდა, მესამე წუთზე.
ამრიგად, ქართველი ძიუდოისტებისთვის ბრაზილიური კვირეულის მესამე დღეც პირველი ორის მსგავსად წარუმატებელი გამოდგა. ხვალ მედლები 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს სახელით ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური იჭიდავებენ.