ნუკრი რევიშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სანამ თემურ ქეცბაია იქნება მწვრთნელი, საქართველოს ნაკრებში არ ჩამოვა. რუსული “ტოსნოს” მეკარე ქეცბაიამ გამოიძახა, თუმცა რევიშვილმა თქვა, რომ კლუბი არ უშვებდა ნაკრებში. სხვა რამეში ყოფილა საქმე.
აქვე, რევიშვილის განცხადება:
“მე ვთქვი, “ტოსნო” არ მიშვებს-მეთქი, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ არ მსურდა, ირლანდიასთან შეხვედრის წინ ნაკრებში დაძაბულობა შექმნილიყო. ახლა, როცა ჩემს საკითხს სხვა კუდი გამოება, იძულებული ვარ, ყველაფერი ვთქვა. ჩემსა და ქეცბაიას შორის კონფლიქტი ზაფხულში დაიწყო, როცა ნაკრებს ორი ამხანაგური მატჩი ელოდა ესპანეთში. არ მქონდა ვიზა და ამის გამო ნაკრებს ვერ გავყევი ესპანეთში.
... ქეცბაია გაბრაზდა, არადა ვიზა რომ ვერ მოესწრო, ჩემი ბრალი არ იყო. ჩემზე თქვა, სანადიროდ იყო წასულიო, მე კი ნაკრების ბაზაზე ვიყავი და დავურეკე მას, ვისაუბროთ-მეთქი. ქეცბაიამ მითხრა, შენთან საქმე აღარ მაქვსო და ტელეფონი გამითიშა. ახლა კი ისევ გამომიძახა.
... პირად საუბარში ამბობს ქეცბაია, რომ ფეხბურთელად არ მიმიჩნევს და ნაკრებშიც არ მათამაშებს. მე რევიშვილი სათამაშოდ არ მჭირდება, უბრალოდ, შეკრებაზე ჩამოვიდესო. იცოდეს, რომ ტურისტი არ ვარ.
... საქციელით არაერთხელ დამიმტკიცებია, რომ ნაკრები ჩემთვის მთავარია. ქეცბაიას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ როცა 10-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, ძირითადად მე ვიდექი ნაკრების კარში. მაშინ ყველანი ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები, მაგრამ ცუდად დამიფასა მეც და სხვა არაერთ ფეხბურთელსაც.
... კიდევ ვიმეორებ, “ტოსნოდან” არგამოშვების ამბავი იმიტომ ვთქვი, რომ დაძაბულობა ამერიდებინა ნაკრებისთვის, მაგრამ ისევ მე გამოვდივარ ცუდი. მინდა, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს. ქეცბაია მეუბნება, რომ ფეხბურთელად არ მიმიჩნევს. გადავწყვიტე და ოფიციალურად ვამბობ: სანამ ქეცბაიაა ნაკრების მწვრთნელი, მე არ ჩამოვალ”.