ჭიდაობა

21:14 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ მინდორაშვილი: “ჭიდაობა სწორი მიმართულებით დაიძრა”

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, სეზონის უმთავრესი ტურნირისთვის - მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისი ამ უქმეებზე, დიღმის ძიუდოს აკადემიაში ჩატარებული “საქართველოს თასით” დაიწყეს. შედეგების მიხედვით გამოიკვეთა ის გუნდი, რომლიდანაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი, თითოეული წონითი კატეგორიის საუკეთესო მოჭიდავეს შეარჩევს. გასული ტურნირი გვარიანად შეცვლილი წესებით ჩატარდა და აბსოლუტურად თვალშისაცემი იყო, რომ სიახლეებმა სახეობა აშკარად გამოაცოცხლა და გაალამაზა. შეჯიბრების ჩამთავრების შემდეგ, მინდორაშვილიც აშკარად კმაყოფილი ჩანდა.

- ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩატარდა და უკმაყოფილების მიზეზიც თითქმის არ არსებობს. ადრე, სანახაობრივი შეხვედრები თითოოროლა თუ გამოერეოდა მთელ შეჯიბრებაში, ახლა კი, თითქმის ყველა ბრძოლა კარგი საყურებელი იყო. ძალიან კარგია ისიც, რომ ნაკრების წევრებმა და კანდიდატებმა ტრავმები არ მიიღეს.

- მათი ჭიდაობის ხარისხით თუ დარჩით კმაყოფილი?

- საერთო ჯამში, ამოცანას თითქმის ყველამ კარგად გაართვა თავი, თუმცა რამდენიმე გამოცდილმა სპორტსმენმა, როგორც ჩანს, სათანადოდ მომზადება ვერ მოახერხა. კონკრეტულად არც მათ დავასახელებ და არც იმ სპორტსმენებს, რომლების ჭიდაობითაც პირიქით, მეტი დადებითი ემოცია მივიღე.

- ახალი საინტერესო სახეები თუ გამოჩდნენ?

- რამდენიმე ძალიან საინტერესო მოჭიდავე მოვინიშნე. მათ შორის ისეთებიც, სამეულში შესვლა რომ ვერ მოახერხეს, მაგრამ ძალიან კარგად იჭიდავეს. ვფიქრობ, წესებში განხორციელებულმა ცვლილებებმა, ნიჭიერ სპორტსმენებს თავისი შესაძლებლობის გამოვლენის მეტი შანსი მისცა.

- და მაინც, თუ არის რამე, რაც ახალ წესებში არ მოგწონთ?

- ჭიდაობა სწორი მიმართულებით დაიძრა. პრინციპი ნაპოვნია და ესაა მთავარი, თორემ პატარ-პატარა ნაკლოვანებები, რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს. ჩემი აზრით, 7 ქულიანი უპირატესობის მოპოვებისას შეხვედრის შეჩერება და უმალ გამარჯვებულის გამოვლენა, ცოტა საკამათო წესია. ეს მაშინ, როდესაც მეტოქის ჩოქბჯენში გადაყვანისას, მოჭიდავეს უკვე, ერთის ნაცვლად ორი, ქულა ენიჭება. კარგი იქნება, თუ ან ისევ ქულამდე შეამცირებენ, ან სუფთად მოგებას 7-დან 10 ქულამდე გაზრდიან. ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შეიძლება სხვა არ მეთანხმებოდეს.

- სიახლეების შესახებ, სპორტსმენებმა ზედ ტურნირის წინ შეიტყვეს. ხომ არ გაუჭირდათ შეგუება?

- ტექნიკურად ისეთი არაფერი შეცვლილა, რომ ვინმეს ალღო ვერ აერო. ყველამ ის შედეგი აჩვენა, რისთვისაც მზად იყო.

- 55 და 60 კილოგრამში, “საქართველოს თასი” ნაკრების უმთავრესმა ფავორიტებმა მოიპოვეს. უკვე შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ედიშერაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობის უფლება გაინაღდეს?

- წინასწარვე ყველამ იცოდა, რომ სეზონის უმთავრეს ტურნირზე წასაყვანი შემადგენლობის დაკომპლექტებისას, უპირატესობა “საქართველოს თასის” ჩემპიონებს მიენიჭებათ, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ დიდი დროა და მათ, სათანადო მზადყოფნა, ამ დარჩენილი დროის განმავლობაშიც უნდა გამოავლინონ. ედიშერაშვილმა და ხინჩეგაშვილმა ძალიან კარგად იჭიდავეს და დამსახურებულად მოიგეს.

- 66 კილოგრამში, ნაკრების წევრმა კონსტანტინე ხაბალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იმედი ხომ არ გაგიცრუათ?

- ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რადგან ამ წონაში შიდა კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა. რამდენიმე მონაწილე მომეწონა. ჩემპიონი ლევან ქელეხსაშვილი კი, მართლა საუკეთესო იყო.

- “საქართველოს თასზე” ვერ იჭიდავეს ნაკრების გამოცდილმა წევრებმა დავით ხუციშვილმა (74 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (84 კგ). ორივე შემთხვევაში, მიზეზი ტრავმაა. როდის შეძლებენ ხალიჩაზე დაბრუნებას?

- სამწუხაროდ, ხუციშვილისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია. მხრის საკმაოდ მძიმე ტრავმა გადაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონატამდე მისი მწყობრში ჩადგომა გამორიცხულია. მხოლოდ მომავალი სეზონიდან შემოგვიერთდება. მარსაგიშვილის შემთხვევაში, საგანგაშო არაფერია. სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლსაც სრულყოფილად გაივლის. საქართველოს თასზე 74 კილოგრამში ყველას იაკობ მაქარაშვილმა აჯობა. სიმართლე გითხრათ, სწორედ ამ ბიჭისგან ველოდი ოქროს მედალს. მახაჩყალის საერთაშორისო ტურნირით, მის საჭიდაო კარიერაში აშკარად ახალი ეტაპი დაიწყო. შევნიშნე, რომ გაიხსნა და შიდა კონკურენციაში დასაწინაურებლად უკვე მზად იყო. 84 კილოგრამის ჩემპიონი სანდრო ამინაშვილიც ძალიან მომწონს. მშრომელი ბიჭია და რაც მთავარია, მზარდი სპორტსმენი.

- 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბევრისთვის მოულოდნელად, ნაკრების წევრი ელიზბარ ოდიკაძე მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა. როგორ შეაფასებთ მის ჭიდაობას?

- ოდიკაძეს ძირითად ბადეში დავით ქერაშვილმა მოუგო, რომელმაც ტურნირზე მშვენივრად იჭიდავა და ჩემპიონიც დამსახურებულად გახდა. ელიზბარმაც საკმაოდ ნორმალურად იჭიდავა, მაგრამ... შეიძლება შეჯიბრებას ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდა.

- გენო პეტრიაშვილმა, საქართველოს პირველობის შემდეგ, საქართველოს თასზეც დაამტკიცა, რომ შიდა კონკურენციის ლიდერია. არადა, 120 კილოგრამი ერთ-ერთი უძლიერესი წონითი კატეგორიაა...

- საქართველოს პირველობაზე ბრწყინვალედ გამოსვლის მიუხედავად, გენოს ევროპის ჩემპიონატის განაცხადში შეყვანა, ჩემი მხრიდან, მაინც საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ მე მაშინვე დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებულად გამოვიდოდა. პეტრიაშვილმა დამიმტკიცა, რომ სწორი გათვლა გავაკეთე. ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და რაც მთავარია, უდიდესი გამოცდილება მიიღო, რამაც პროფესიულად ძალიან გაზარდა. ეს, “საქართველოს თასზეც” გამოჩნდა.

- მძიმე წონაში ოლიმპიური თამაშების ფინალისტი დავით მოძმანაშვილი, სამეულს მიღმა დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ნაკრების მოსამზადებელ შეკრებებშიც ვეღარ ჩაერთვება?

- მოძმანაშვილი ძალიან ძლიერი მოჭიდავეა და მისთვის ხაზის გადასმა სისულელე იქნება. შეკრებებში სამეულს მიღმა დარჩენილი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას, ნაკრების ინტერესის გათვალისწინებით მივიღებთ. წონების ლიდერების მოთხოვნასაც განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდებით და სასურველ სპარინგპარტნიორებთან ერთად მომზადების საშუალებას მივცემთ.

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (უნგრეთი. 16-18 სექტემბერი) მოსამზადებელ გეგმაში, რამდენი შეკრება და ტურნირი შევა?

- მზადებას ივლისის დასაწყისში, ბაკურიანული შეკრებით გავხსნით. ამის გარდა, კიდევ სამ შეკრებას გავივლით, სამივეს საქართველოში. რაც შეეხება ტურნირებს, 3-4 აგვისტოს, ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა სომხეთში იჭიდავებს. 10-11 აგვისტოს კი, პოლონეთში, სავარაუდოდ, შედარებით მცირერიცხოვანი გუნდით ჩავალთ.

0.119179