ფეხბურთი

18:36 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ არველაძე: “ თბილისიდან ჩვენი სტუმრები კმაყოფილნი წავიდნენ”

 

გასულ კვირაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვანი ვიზიტით ეწვია უეფას წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი 2015 წელს, თბილისში გასამართი უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დათვალიერება და ქართული მხარისთვის რეკომენდაციების გაწევა იყო.

რამდენიმედღიანი ნაყოფიერი და ინტენსიური მუშაობის შემდეგ, უეფას დელეგაცია თბილისიდან კმაყოფილი და იმედიანი წავიდა. ვიზიტის შესახებ კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან შემაჯამებელი კომენტარი ამავე ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ გააკეთა.

რევაზ არველაძე: „უეფადან საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები გვყავდა. ვიზიტის ძირითადი თემა იყო უეფას 2015 წლის სუპერთასის საორგანიზაციო საკითხები. ისეთები, როგორიცაა თამაშისთვის მომზადება, აეროპორტისა და ქალაქში ტრანსპორტირების თემები, ორივე მონაწილე გუნდის გულშემატკივრებისთვის ფან-ზონების გაკეთება, სტადიონების დათვალიერება.

უეფას დელეგაციაში იყო საკლუბო გათამაშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფინალური მატჩების დირექტორი, რომელიც უკვე წლებია ხელმძღვანელობს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ფინალების ჩატარების ორგანიზებას. აქ იყვნენ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები და რასაკვირველია, უეფას იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც უკვე დაგვიტოვა იმ დიდი ხელშეკრულების ე.წ. “დრაფტი”, რომელზეც უეფამ და ქართულმა მხარემ უნდა მოაწერონ ხელი. მხარეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა, ასევე იგულისხმება რამდენიმე ინსტანცია - აეროპორტი, სტადიონი, ქალაქის მერია და სხვა ორგანიზაციები.

ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე, რომ სტადიონთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. მარტისთვის უკვე დავგეგმეთ უეფას მომდევნო ვიზიტი თბილისში, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიცხადეს მოგვიტანს ბევრ საკითხთან დაკავშირებით.

გარდა იმისა, რომ ყოველდღიური, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ჩვენს ფედერაციაში, სტუმრებს ჰქონდათ შეხვედრა ქალაქის მერთან, ორივე სტადიონის (“დინამო არენა” და “მიხეილ მესხი”) ხელმძღვანელობასთან და უშუალოდ, თამაშების პროცესში ნახეს ეს სტადიონები. ასევე, დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც შეიძლება განთავსდეს ფან-ზონები. ნახეს რამდენიმე ვარიანტი, სადაც უნდა გაიმართოს სუპერთასის ოფიციალური გალა-ვახშამი, რომელიც ამ დიდი ღონისძიების ტრადიციული ნაწილია და სადაც წარმოდგენილია თასი, ესწრებიან უეფას და კლუბების ხელმძღვანელები. ვიმუშავეთ იმ თემაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის ბრენდინგი ანუ როგორ უნდა შეიფუთოს ქალაქი ამ ღონისძიებისთვის.

როგორც უკვე გითხარით, უეფას მომავალი ვიზიტი, სავარაუდოდ, 2014 წლის მარტში შედგება. ჩვენი ძირითადი ამოცანა კი, მათ ჩამოსვლამდე სტადიონების თემაზე უფრო კარგად ჩამოყალიბება იქნება. რა რეკომენდაციებიც ჩვენ მივიღეთ, არაფერი განსაკუთრებული და რთული ამაში არ არის. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ეტაპი. ამ ეტაპზე, ჩვენ ჯერ გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები. მერე, ბევრი რამაა გასაკეთებელი და ბოლო ეტაპია ყველაზე დატვირთული და მნიშვნელოვანი.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბილეთის ფასს, სტადიონს, რადგან ძალიან გვინდა, რომ სუპერთასს “მიხეილ მესხმა” უმასპინძლოს, მაგრამ ეს საკითხი ცოტა მოგვიანებით გადაწყდება. ახლავე შემიძლია გითხრათ და ეს უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ბილეთების საკითხი კვოტირებული იქნება: მონაწილე კლუბები მიიღებენ გარკვეულ რაოდენობას, ნაციონალური ფედერაციები თავის კვოტას, უეფა, მისი სტუმრები, სპონსორები და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი გარკვეულ რაოდენობას. დანარჩენი ბილეთები კი, როგორც ყოველთვის uefa.com-ზე გაიყიდება.

მარტში გაფორმდება ხელშეკრულება უეფასა და ქართულ მხარეს შორის, სადაც მხარეების ყველა ვალდებულება დეტალურად იქნება გაწერილი.

დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტუმრები თბილისიდან უზომოდ კმაყოფილები წავიდნენ. კმაყოფილები ჩვენი მზაობით, ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ინტელექტუალური რესურსითა და კომუნიკაბელურობით, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება.“

სფფ-ის პრესსამსახური

ფოტო gff.ge  

0.132822