ინტერვიუები

13:19 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ არველაძე: “დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, ერთად გამოვასწოროთ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნებს – არა”

პარასკევს, 22 თებერვალს საქართველოში საგაზაფხულო საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ვაკში, “მიხეილ მესხზე”, სუპერთასის მატჩში ერთმანეთს გორის “დილა” და “ზესტაფონი” შეხვდებიან. ამას დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური მატჩები მოჰყვება და 9 მარტს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპიც დაიწყება. ზამთარში უამრავ პრობლემასთან ერთად, რაღაც სასიკეთო სიახლეებიც მოხდა, მაგალითად, უამრავი ქართული გუნდი იმყოფებოდა თურქეთში მოსამზადებლად. ასეთი რამ გასულ წლებში არ გვახსენდება. სწორედ ამ თემით ვაპირებდით სფფ-ის გენერალურ მდივანთან, რევაზ არველაძესთან საუბრის დაწყებას, თუმცა პირველი შეკითხვის არსი, ოთხშაბათს, “ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის” განცხადებამ: ფეხბურთის ფედერაციაში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდესო, შეცვალა.
-    რას გვეტყოდით “ქომაგთა ლიგის” განცხადების შესახებ?
-    ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, რაც გამოსასწორებელია გამოვასწოროთ, ვითანამრშრომლოთ. ხოლო რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენ უკვე არაერთხელ დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიცია და კიდევ ვიმეორებ, რომ არც ჩვენი კანონმდებლობით და არც უეფას თუ ფიფას კანონებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას. საჭიროების შემთხვევაში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი მზადაა ყველაზე მაღალ დონეზეც კი დააფიქსიროს უეფას და პირადი პოზიციაც. ფეხბურთში პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩვენი არჩეული კურსით ვმუშაობთ და ამ საკითხის ირგვლივ რამდენი შეხვედრაც არ უნდა შედგეს, შეთანხმებას ვერ მივაღწევთ.
-    ზამთრის პირზე ეროვნულ ჩემპიონატში რამდენიმე გუნდს მწვავე ფინანსური პრობლემები შეექმნა. იანვარ-თებერვალში კი ლამის ყველა თურქეთში გაემგზავრა მოსამზადებლად. ანთალიაში ჟურნალისტის გაგზავნაც კი მოგვიხდა, რადგან ყველა იქ იყვნენ, საქართველოში პრაქტიკულად არაფერი ხდებოდა.
-    ძალიან კარგია ამდენი გუნდი რომ გაემგზავრა თურქეთში. თუმცა, ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთი რომ, ალბათ, არსებული კონკურენცია ქმნის ასეთი შეკრებების აუცილებლობას. მეორეც, პატარ-პატარა კონტრიბუციები ამ საქმეში ფეხბურთის ფედერაციასაც აქვს. მაგალითად, საპრიზო ფონდი, რომელიც ელემენტარულ პრობლემებს უგვარებს, სამწუხაროდ, დღეს უფრო დიდ გუნდებს, ვიდრე პატარებს, მაგრამ ჩვენი იდეაც ის არის, რომ უახლოეს მომავალში გუნდების, მატჩებისა და პროფესიონალი ფეხბურთელების ოპტიმალურ რაოდენობას მივაღწიოთ. თუ გვეყოლება 18 საკმარისბიუჯეტიანი კლუბი, რომლებსაც დამატებითი ბენეფიტებიც ექნებათ, ვთქვათ, კარგი ფორმა ეცმევათ, ხშირად გამოიცვალიან ტექნიკური სპონსორს, ანუ განაახლებენ თავის ტექნიკურ არსენალს, წელიწადში ორჯერ საქართველოში და საზღვარგარეთ გაივლიან შეკრებებს, ამის შემდეგ უკვე სამარკეტინგო სამუშაოს დრო დგება: სატრანსფერო პოლიტიკა, სატელევიზიო უფლებები, გულშემატკივარი, ლოგო, ატრიბუტიკა, თამაშებზე გასაყიდი ბილეთები, ვებგვერდები, ინფორმაციული ბანკები. ანუ, მეტ-ნაკლებად, ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს ის ელემენტარული პირობები, რომელიც საერთაშორისო დონეზეც გამოადგებათ. ბოლო მაგალითს გეტყვით, 10 დღის წინათ, ძალიან საინტერესო პროგრამა ვიყიდეთ იტალიური კომპანია “ვაისქაუთისგან”, რომელიც აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას იძლევა მოწინააღმდეგეებზე: პოტენციურზე, არსებულზე, ნებისმიერ ფეხბურთელზე. პირველ ეტაპზე ამ პროგრამის გამოყენების უფლება უმაღლესი ლიგის 12-ვე გუნდს ვაჩუქეთ. წელიდნახევარი უფასოდ მოიხმარენ და შემდეგ უკვე 75 პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდიან, რადგან სფფ ამ კომპანიის პარტნიორია და შეღავათიანი ურთიერთობები გვაქვს.
ასეთი პატარ-პატარა ჭანჭიკებისგან იქმნება შემდეგ გამართული ინფრასტრუქტურა. ამის ნაწილია ხსენებული მოსამზადებელი შეკრებებიც. რა არის ამისათვის საჭირო? ამინდი, ამხანაგური შეხვედრები, ტექნიკური უზრუნველყოფა, კარგი კვება, კარგი ვიტამინიზაცია და კომფორტული მგზავრობა. აი, არსი კლუბის მოსამზადებელი პერიოდისა და როცა ჩემპიონატი დაიწყება ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ნებისმიერის მზადყოფნაზე.
- ახლახან გორის “დილას” მენეჯერმა, გია ისიანმა საინტერესო პროექტი წარმოადგინა, რომელსაც ჰქვია “სახელმწიფოს როლის გაძლიერება რეგიონებში ფეხბურთის ეფექტური განვითარებისთვის”. საკმაოდ ვრცელი პროექტია და ძირითადად საბიუჯეტო გუნდებს შეეხება (საქართველოში ასეთი ხუთია: გორის “დილა”, “ზუგდიდი”, ბოლნისის “სიონი”, ფოთის “კოლხეთი” და ბათუმის “დინამო”). პროექტის მიხედვით, სახელმწიფომ სამი წლის განმავლობაში უნდა დააფინანსოს გუნდები, მაგრამ ეს დაფინანსება ძირითადად გრძელვადიან კონტრაქტებს, ინფრასტრუქტურის გამართვას, მწვრთნელთა გადამზადებას და ბავშვთა სკოლების შექმნას ითვალისწინებს. ანუ, სამი წის შემდეგ ეს კლუბები სპონსორებისთვის თუ ბიზნესმენებისთვის საინტერესონი უნდა გახდნენ და უკვე დამოუკიდებლად გააგრძელონ არსებობა. უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ბიუჯეტის სათანადო დაგეგმარებასა და სწორ მენეჯმენტს.
- გიას პროექტი არ წამიკითხავს, მაგრამ ზოგადად ჩემს აზრს მოგახსენებთ. სახელმწიფო არავის არ უნდა დაეხმაროს. ეს არის მახინჯი მოვლენა, დამოკიდებული ამა თუ იმ რაიონის ხელმძღვანელზე, რომელსაც შეიძლება მეტ-ნაკლებად უყვარდეს ფეხბურთი, კალათბურთი, ან ჭიდაობა და ამის მიხედვით განსაზღვროს სპორტული პრიორიტეტები თავის მხარეში. განვითარებისთვის სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულება. ცხადია, სოციალურ თუ ჯანმრთელობის პრობლემებზე წინ სპორტს ვერ დააყენებს, მარამ სპორტიც ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება გიას პროექტს, კი ბატონო, იყოს სამწლიანი, მაგრამ ვის აქვს გარანტია, რომ სამი წლის თავზე იპოვი სპონსორს? პოვნა ნებისმიერ წამს შეიძლება. აი, თუნდაც ქუთაისის “ტორპედოს” მაგალითი ავიღოთ. იქნებ ერთ თვეში ჩნდება ინვესტორი, მაშინ? იდეა კარგია, მაგრამ ახალი მასში მგონი არაფერია. და კიდევ, რა საჭიროა ასეთი ცენტრალიზებული მართვა? ნებისმიერ კლუბს ერთი ადამიანის იდეის დონეზე შეუძლია განავითაროს ეს ჩანაფიქრი, მარტოს, ან ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად და პირველივე წუთიდან დაიწყოს სპონსორის ძებნა.
-    საქართველოს ნაკრების პერსპექტივებზე რას გვეტყოდით?
-    რაღაც ზედმეტი მოლოდინი რომ შევქმნა, ალბათ, არ ვიქნები მართალი. ფეხბურთი საკმაოდ პოპულარული თემაა ჩვენთან, ყველამ იცის, ყველა ხვდება და ანგარიშობს, რომ რეალურად ამ ჯგუფიდან გასვლა ძალიან რთულია. ვფიქრობ, უფრო ძნელი თამაშები წინ გველის, ვიდრე აქამდე გვქონდა. ქულების თვლას ნამდვილად არ დავიწყებ, თუ ჩვენს შესაძლებლობებს ობიექტურად შევაფასებთ, საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს. ამისათვის აუცილებელია თბილისში ფინეთი დავამარცხოთ და დანარჩენ მატჩებში შეძლებისდაგვარად, დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ქულები ავიღოთ. ვერ გეტყვით, რა სიკეთეს მოგვიტანს მესამე ადგილზე გასვლა, მაგრამ მეოთხეს და მეხუთეს რომ სჯობს, ფაქტია (იცინის). ეს კარგია საერთო რეიტინგისთვის და სამომავლოდ უკეთეს კალათაში მოსახვედრად. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენი მიზნები უფრო შორს ვერ მიდის, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ილუზიები არც მე მარგებს და არც თქვენ. ახლა ჩვენ შეგნებულად არ გვისაუბრია თამაშის ხარისხზე და კიდევ უამრავ ნიუანსზე, მაგრამ კონკრეტული შესარჩევი ციკლის ჩემეული შეფასება ასეთია.  
-    -ორიოდე დღის წინ, რუსეთში გაერთიანებული რუსულ-უკრაინული ჩემპიონატის იდეა გაახმოვანეს. ტურნირს “გაზპრომი” დააფინანსებს და რაღაც ასტრონომიულ საპრიზო თანხებზეა საუბარი (ბიუჯეტი 1 მილიარდი დოლარი იქნება). როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს ჩანაფიქრი. ფიფა და უეფა არ გაბრაზდებიან?
- ძალიანაც რეალურია. არ მგონია რაიმე პრობლემა იყოს. უეფაში არის დროებითი კომიტეტი, რომლის წევრი მეც გახლავართ. გადაუწყეტავს ვერაფერს ვხედავ. რამდენადაც ვიცი, თუ დავუშვათ, უკრაინულმა გუნდმა დაიკავა მე-5 ადგილი და ის თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საუკეთესოა, ევროთასზე მონაწილეობის უფლებას მაინც მიიღებს. თუ სისტემა დარეგულირდა, ვფიქრობ, კარგი იდეაა: კლუბები, ფეხბურთელები და მწვრთნელები გამდიდრდებიან, ტელევიზიაში ბევრი ფეხბურთი იქნება. ტურნირი  ორივე ქვეყნის ქომაგთათვის უფრო საინტერესო გახდება. სად კიევის “დინამო” და მოსკოვის “სპარტაკი” რომ ითამაშებენ და სად შინაური დაპირისპირება. სულ სხვა ინტრიგაა. კიდევ გავიმეორებ, იდეა მომწონს.
- ამასთან, რაღაც ფანტასტიკურ თანხებზეა ლაპარაკი. ჩემპიონი 92, ხოლო ბოლოადგილოსანი (სულ 18 გუნდიანი უმაღლესი ლიგაა ჩაფიქრებული) 25 მილიონ დოლარს მიიღებენ…
- ეგ თურქეთშიც ასეა. ცხადია, ამხელა ფულს არა, მაგრამ ყველა მონაწილე იღებს რაღაცას დაკავებული ადგილების მიხედვით. გაყიდული კონტრაქტიდან დიდი გუნდების წილი გაცილებით მეტია. მაგალითად “ფენერბაჰჩე” რომ მე-5 ადგილზე გავიდეს და რომელიმე “ქასიმფაშა” პირველზე, “ფენერი” მაინც მეტ ფულს მიიღებს ტელევიზიიდან, რადგან კონტრაქტი გრძელვადიანია და ერთი სეზონით არ შემოიფარგლება.
- ტურნირს პოლიტიკურ სარჩულსაც აკერებენ, მავანთ “გაზპრომის” ცათამბჯენთან პლაკატებიც გაშალეს: დღეს გაერთიანებული ჩემპიონატი, ხვალ კი საბჭოთა კავშირის აღდგენაო...…
- არა, ჩვენ ვსაუბრობთ შემადგენელზე – რუსეთსა და უკრაინაზე, სადაც შეიძლება პრობლემა პოლიტიკური იყოს. მაგრამ გადავიტანოთ ეს იდეა, ვთქვათ, სკანდინავიაში, შვედეთმა და ნორვეგიამ რომ გადაწყვიტონ ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარება, როგორი პლაკატი უნდა გამოიტანონ – რომ საბჭოთა კავშირი აღსდგება? რახან რუსეთი ურევია და ჩვენ საქართველოში ვართ, ყველაფერი ერთი მიმართულებით მიგვყავს. დავუშვათ, თურქებთან ან აზერბაიჯანელებთან ერთად ჩავატარეთ გაერთიანებული ჩემპიონატი, ეს ნიშნავს, რომ რომელიმეს შევუერთდით? ეს არის კომერციული პროექტი და მათი ფეხბურთის ფედერაციები გადაწყვეტენ ღირს თუ არა მსგავს ჩემპიონატში მონაწილეობა. ფეხბურთშიც და უფეხბურთოდაც ამ ქვეყნებმა თავად უნდა დაადგინონ რა უნდათ. მე მხოლოდ საფეხბურთო კუთხით ვუყურებ ამ პროექტს და მიმაჩნია, რომ იდეის დონეზე ცუდი არაა.


0.121947