ფეხბურთი

17:15 | 22.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

“რენი” – სათასო გუნდი

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის “მეტალურგის” მეტოქე საფეხბურთო კლუბი “რენი” 1901 წლის 10 მარტს ქალაქ რენის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააფუძნეს. გუნდმა პირველი თამაში თანაქალაქელ “რენთან” 0:6 წააგო. 1902 წელს, კლუბი საფრანგეთის სპორტული კლუბების კავშირში გაწევრიანდა. მომდევნო წელს გუნდი ბრეტანის საფეხბურთო ლიგის წევრი გახდა. 1904 წლის 4 მაისს რენში არსებული ორივე საფეხბურთო გუნდი გაერთიანდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა “რენი”, რომელმაც ამ სახელწოდებით დღემდე გამოდის.
“რენის” პირველი მწვრთნელი უელსელი არტურ გრიფიტი იყო, რომლის ხელმძღვანელობით “რენმა” ბრეტანის ლიგა 1908 და 1909 წლებში მოიგო. სხვათა შორის, გრიფიტი მოთამაშე-მწვრთნელი იყო. 1915-1922 წლებში კლუბი არაერთხელ გახდა სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებული, რომელიც იმ პერიოდში საფრანგეთში არარეგულარულად ტარდებოდა. 1922 წელს “რენი” საფრანგეთის თასის ფინალში პირველად გავიდა, მაგრამ სასურველ ჯილდოს ვერ შეწვდა.
1932 წელს “რენი” იმ 20 კლუბს შორის იყო, რომლებმაც მონაწილეობა საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის გათამაშებაში მიიღეს. პირველსავე სეზონში გუნდმა ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო მისი ფორვარდი უოლტერ კაიზერი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჩემპიონატში “რენი” განსაკუთრებულ წარმატებას ვერ აღწევდა, მაგრამ 1935 წელს თასის ფინალში ხელმეორედ გავიდა, თუმცა კვლავ წარუმატებლად ითამაშა. თანდათანობით, კლუბში ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და 1939 წელს მან პროფესიონალის სტატუსი დაკარგა. ორი წლის განმავლობაში გუნდი მხოლოდ საფრანგეთის თასზე თამაშობდა და ამხანაგურ შეხვედრებს ატარებდა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, “რენი” ნელ-ნელა წელში გაიმართა და 1949 წელს საფრანგეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო. იგივე “რენმა” 1965 წელს გაიმეორა და თან საფრანგეთის თასი მოიპოვა. პირველ დღეს ფინალი 2:2 დასრულდა და გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ დამატებითი დრო და პენალტების სერია არ იყო,  გადათამაშება დაინიშნა, რომელშიც რენელებმა 3:1 გაიმარჯვეს. 1965 წლის შემოდგომაზე “რენს” დებიუტი ევროტურინებზე ჰქონდა. თასების თასის გათამაშების პირველსავე რაუნდში, ფრანგები გათამაშებას ჩეხურ პრაღის “დუკლასთან” გამოეთიშნენ. 1970 წელს “რენმა” საფრანგეთის თასის ნახევარფინალს უწია, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქვეყნის თასს მეორედ დაეუფლა – ფინალში “ლიონი” 1:0 დაამარცხა. კლუბის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მონაწილეობა ორივე ფინალში მიიღო მცველი ლუი კარდიე იყო. 1975 წელს “რენი” ქვედა დივიზიონში გავარდა, საიდანაც ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნება 1983 წელს მოახერხა. 1986 წელს “რენი” საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც “მარსელის” ბარიერი ვერ დაძლია.        
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში “რენში” ვითარება ნელ-ნელა დასტაბილურდა. თუმცა, 1990-1991 წლების სეზონი გუნდმა ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ მის რიგებში ისეთი ფეხბურთელები გამოდიოდნენ, როგორიც ფრანსუა ომამ-ბიიკი და არნოლდ უსტერვირერი იყვნენ. პირველი ლიგიდან დაქვეითებისგან “რენი” საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ იხსნა, რომლის ძალითაც მეორე ლიგაში “ნიცა” და “ბრესტი” გავარდნენ. თუმცა, მომდევნო სეზონში “რენმა” ლიგა მაინც დატოვა. კლუბის ხელმძღვანელობამ აქცენტი საკუთარი აკადემიის აღზრდილებზე სილვენ ვილტორზე, ჟოსლენ გურვენეკზე, უილრიშ ლე პენზე და ლორან იუარზე გააკეთა, რამაც შედეგი მოიტანა – რენელები მომავალ წელს ისევ პირველ ლიგაში აღმოჩნდნენ. 1993 წელს კლუბის სპონსორი კომპანია PPღ-ი გახდა, ხოლო 1998 წელს გუნდი მილიარდერმა ფრანსუა პინომ შეიძინა, რაც სამომავლო ფინასური სტაბილურობის გარანტი გახდა.
ამბიციურმა პინომ თავდაპირველად აქცენტი ლეგიონერების მიწვევაზე გააკეთა და 1999 წელს გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა. იმავე წელს “რენი” ინტერტოტოს თასის ფინალში გავიდა, სადაც ტურინის “იუვენტუსთან” დამარცხდა.  თუმცა, 2000-2001 წლებში ჩემპიონატში ჩავარდნის შემდეგ, კლუბის განვითარების სტრატეგია შეიცვალა. კლუბმა ახალი თანამედროვე ტიპის სამწვრთნელო ცენტრი ააშენა და პირველ გუნდში თავისი აკადემიის აღზრდილების დაწინაურება დაიწყო. ამან თავისი შედეგი გამოიღო – 2005 და 2007 წლებში გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო 2009 წელს ქვეყნის თასის ფინალში გავიდა, სადაც “გენგამთან” 1:2 დამარცხდა. 2008 წელს “რენმა” ინტერტოტოს თასი მოიგო. სხვათა შორის, “რენის” საფეხბურთო აკადემია საფრანგეთში ერთ-ერთი საუკეთესოა – სწორედ აქ დაოსტატდა იოან გურკუფი, რომელიც რენელთა ძირითა გუნდში 2003-2006 წლებში გამოდიოდა. საერთო ჯამში, 2000-2010 წლებში “რენმა” ევროტურნირებზე 5-ჯერ ითამაშა, ხოლო წელს მეექვსე ცდა აქვს. გასულ სეზონში, გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა.
“რენის” მთავარი მწვრთნელია 49 წლის ფრედერიკ ანტონეტი, რომელიც გუნდში 2009 წლიდან მუშაობს. კლუბის მეტსახელია “წითელ-შავები”, ხოლო საშინაო თამაშებს რენელები “რუტ დე ლორიენზე” ატარებენ, რომელიც 31127 ქომაგს იტევს. ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების გარდა, სხვადასხვა პერიოდში “რენში” ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორიც ჟოსელინ ანგლომა, ბრაზილიელი ლუიშ ფაბიანო, ჩეხი პეტერ ჩეხი, შვეიცარიელი ალექსანდერ ფრაი, ფრანგები – ოსმან დაბო, სტეფან გივარში, იანიკ სტოპირა, გი ლაკომბი და ბერნარ ლამა არიან. მათ მსგავსად “რენში” უასპარეზიათ სენეგალელ ელ-ჰაჯი დიუფს, ბურუნდელ შაბანი ნონდას, შვედებს კიმ კალსტრიომსა და ანდრეას ისაკსონს.
კლუბში მწვრთნელებად უმუშავიათ ისეთ ცნობილ სპეციალისტებს, როგორიც პოლ ლე გუენი, გი ლაკომბი, ლასლო ბოლონი და ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი არიან.
ევროტურნირებზე ქართულ-ფრანგული დაპირისპირება სათავეს 1981 წლიდან იღებს. მაშინ, თასების თასის 1/8-ფინალში “დინამო” სტუმრად “ბასტიასთან” 1:1 ითამაშა, ხოლო შინ 3:1 დაამარცხა. 1996 წელს, ფოთის “კოლხეთმა” ინტერტოტოს თასის ჯგუფურ ეტაპზე საკუთარ მოედანზე “გენგამთან” 1:3 წააგო. 2003 წელს, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედომ” შინ “ლანსთან” 0:2 მარცხი იწვნია, ხოლო სტუმრად - 0:3. 2004 წელს, თბილისის “დინამო” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე სახლში “სოშოსთან” 0:2 წააგო.  

“რენის” ამჟამინდელი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები:
იოან კარასო, ბენუა კოსტილი, აბდულაე დიალო, ჩეიკ ნდაიე.
მცველები: ონუეკაჩი აპამი, ჯონ ბოიე, რომან დანზე, იასინ იებური, ჟან არმელ კანა-ბიიკი, მალიკ კანდი, კადერ მანგანე, კრის მავინგა, კატერინ კევინ თეოფილე.
ნახევარმცველები: იაცინ ბრაიმი, სტეფან დალმა, ტონგო ჰამედ დუმბია, ჟულიენ ფერეტი, კამალ ისაა, ფაბიენ ლემოინი, ჟორჟ მანდჯეკი, იან მვილა, ვინსენ პაიო, ალეხანდერ ტეტეი.
თავდამსხმელები: რაზაკ ბუკარი, აბდულ კამარა, ჟირეს კემბო-ეკოკო, ვიქტორ ჰიუგო მონტანო, ჟონათან პიტროიპა, ჟონე ვერჰოეკი.

 

ლაშა თაბაგარი

           
 

0.119942