ავტოსპორტი

16:57 | 1.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

”რედ ბულმა” შეიძლება გუნდის შეფი დაითხოვოს

”რედ ბულმა” შეიძლება გუნდის შეფი დაითხოვოს

კორეული დიდი პრიზის შემდეგ, ”რედ ბულის” ავსტრალიელმა პილოტმა მარკ უებერმა ლიდერობა დაკარგა, რასაც პადოკში ახალი ჭორის გავრცელება მოჰყვა. მის მიხედვით, თუ ”რედ ბული” რომელიმე ტიტულს - პილოტებისას, ან გუნდებისას, ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრიული კომპანიის შეფი დიტრიხ მატეშიცი გუნდის ხელმძღვანელ ქრისტიან ჰორნერს თანამდებობას დაატოვებინებს.
ამ ჭორებზე ყველაზე მკვეთრი გამოხმაურება აქვს ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს და ”რედ ბულის” მონათესავე ”ტორო როსოს” ყოფილ თანამფლობელს, ავსტრიელ გერჰარდ ბერგერს (სურათზე მარჯვნივ, ჰორნერთან ერთად), ვინც საერთოდ, ჰორნერს ხშირად აკრიტიკებს ხოლმე. მაგრამ ამჯერად, მან გუნდის შეფი დაიცვა და განაცხადა, რომ ”რედ ბულის” წარმატებები ნაწილობრივ სწორედ მისი შეფის დამსახურებაა, რომელმაც ფუნქციურად გამართული გუნდური მექანიზმი ჩამოაყალიბა.
უფრო მეტიც, ბერგერმა ამ ჭორებს უსამართლო და სულელური უწოდა: ”გავრცელებული ჭორები უსამართლოა და სულელური. ”რედ ბულს” ახლა კარგი შანსი აქვს, ორივე ტიტული მოიპოვოს. გუნდს წარუმატებელი სეზონი რომ ჰქონოდა, მაშინ სხვა სიტუაციაში აღმოჩნდებოდა და ტიტულების მოპოვების შანსიც არ ექნებოდა”.
სხვათა შორის, ბერგერი მატეშიცის მეგობარია და როცა ამ თემაზე ლაპარაკობს, მისი არგუმენტები გასათვალისწინებელია. მაგრამ თუ მაინც დავუშვებთ, რომ ჰორნერს გაუშვებენ, მაშინ წამოიჭრება კითხვა - დარჩება თუ არა ”რედ ბულში” მისი ბრწყინვალე ბოლიდების მთავარი შემოქმედი ადრიან ნიუი. ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ მისი წასვლა ”რედ ბულისთვის” კატასტროფული იქნება.
თავად ჰორნერს ამ ჭორზე სალაპარაკოდ არ სცხელა. ახლა მისი საზრუნავი ისაა, რომ ბრაზილიაში ორივე პილოტი თანაბარი მხარდაჭერით უზრუნველყოს. ბრაზილიის შემდეგ კი შესაძლოა, ტიტულისთვის ბრძოლას ერთი პილოტი შემორჩეს. დღესისათვის უებერი ახალ ლიდერს - ესპანელ ფერნანდო ალონსოს 11 ქულით ჩამორჩება, მის გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს კი ლიდერთან 25 ქულა აშორებს. კონსტრუქტორთა პირველობაზე, ”რედ ბული” ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა ბრაზილიური რბოლის წინ, ”მაკლარენს” 27 ქულითღა უგებს.

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090239