ესპანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ”რედ ბულ რეისინგის” პილოტების - მარკ უებერის და სებასტრიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. ავსტრალიელმა პილოტმა 0.106 წამით აჯობა თავის გერმანელ თანაგუნდელს და ამ სეზონში მე-2 პოულ-პოზიციას დაეუფლა.
”ეს პოული მთლიანად გუნდს ეკუთვნის. ორ ღამეში ბიჭებს, ალბათ, 5 საათი თუ ეძინათ. ისინი დაუღალავად მუშაობდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ ორივესთვის - სებისა და ჩემთვის, ეს სენსაციური კვალიფიკაციაა”, - განაცხადა უებერმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული სულ მე-3 პოულია.
მეორე რიგში ადგილებს ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო დაიკავებენ, რომლებმაც შესაბამისად, მე-3 და მე-4 შედეგები აჩვენეს. ესპანელი, როგორც ”ფერარის” პილოტი, პირველ საშინაო რბოლას ატარებს, რომელიც მას იმითაც დაამახსოვრდება, რომ პიტლეინზე გამოჩენილი ზედმეტი აგრესიულობისთვის, რის გამოც ნიკო როსბერგს ლამის დაეჯახა, 20 000 დოლარით დაჯარიმდა.
მესამე რიგში დადგებიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომლებსაც შესაბამისად, მე-5 და მე-6 შედეგები აქვთ. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როცა შუმახერმა კვალიფიკაციაზე თავის თანაგუნდელს აჯობა. თანაც, ამ სეზონში შუმისთვის ეს ყველაზე მაღალი სასტარტო პოზიციაა.
როსბერგი ამჯერად მე-8 ადგილს დასჯერდა, მას კი სტარტზე გვერდს რობერტ კუბიცა დაუმშვენებს. ათეულის ბოლო 2 საფეხური ფელიპე მასას და ”ზაუბერის” იაპონელ კამუი კობაიაშის ერგოთ. ამ უკანასკნელისთვის ეს საუკეთესო შედეგია.
საინტერესო ორი ფაქტი: მიმდინარე სეზონში, პოულის მომგები რბოლაში გამარჯვებას ვერ ახერხებს. სამაგიეროდ, ბარსელონაში ჩატარებულ ბოლო 9 რბოლაში ის პილოტი იმარჯვებს, რომელიც ასპარეზობას პოულიდან იწყებს. ხვალ კი ამ ”ტრადიციებიდან” რომელიმე აუცილებლად დაირღვევა...
კვალიფიკაციის შედეგები
| 1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) | 1:19.995 |
| 2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) | 1:20.101 |
| 3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:20.829 |
| 4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 1:20.937 |
| 5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:20.991 |
| 6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 1:21.294 |
| 7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) | 1:21.353 |
| 8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) | 1:21.408 |
| 9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) | 1:21.585 |
| 10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 1:21.985 |
| 11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდი) | 1:21.985 |
| 12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) | 1:22.026 |
| 13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) | 1:22.131 |
| 14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) | 1:22.139 |
| 15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 1:22.191 |
| 16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 1:22.207 |
| 17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) | 1:22.854 |
| 18. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) | 1:23.125 |
| 19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) | 1:24.674 |
| 20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) | 1:24.748 |
| 21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 1:25.475 |
| 22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | 1:25.556 |
| 23. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) | 1:26.750 |
| 24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) | 1:27.122 |
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







