თურქული ეტაპისთვის, „რედ ბულ რეისინგი“ კერს-ის გაუმჯობესებულ ვერსიას მოამზადებს, რათა ამ სისტემამ გუნდის პილოტებს - სებასტოან ფეტელს და მარკ უებერს რბოლების დროს წარმატებაში ხელი აღარ შეუშალოს. კერს-ის გაუმართაობა პირველ სამ რბოლაში „რედ ბულის“ მთავარი პრობლემა იყო. ორ პიტსტოპიანი სტრატეგიის გარდა, კერს-იც იყო იმის მიზეზი, რომ ფეტელმა ზედიზედ მესამე რბოლის მოგება ვერ შეძლო.
კერს-თან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, გუნდს ბევრი ტექნიკური საკითხის გადაჭრა მოუწევს, თუმცა მისი შეფი ქრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ ტექნიკური პერსონალი სამუშაოს დროულად შეასრულებს და თურქეთიდან მოყოლებული, RB7-ზე ეს სისტემაც გამართულად იმუშავებს.
„ყოველი რბოლის შემდეგ, ჩვენ ამ სისტემის გასაუმჯობესებლად ვმუშაობთ. თურქეთისთვის მას კიდევ ერთხელ სრულვყოფთ. რაც დრო გადის, ამ სისტემის მუშაობას სულ უფრო უკეთ ვსწავლობთ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მალე ის ჩვენი მანქანის სუსტი წერტილი აღარ იქნება“ - ამბობს ჰორნერი.
გავრცელებული ინფორმაციით, „რედ ბულის“ კერს-ის მთავარი პრობლემა, მისი აკუმულატორის გაგრილების სისტემის არაეფექტურობაა. სისტემა მეტად მჭიდრო სივრცეშია მოთავსებული, რომ მან არ გააუარესოს ავტომობილის აეროდინამიკური მახასიათებლები. ამის მიზეზი ისაა, რომ გუნდმა კერს-ი თავის მანქანაზე სეზონისწინა ტესტების მიწურულს დააყენა და ამიტომ, მისი ჯეროვანი ტესტირება ვერ მოასწრო.
„თანამედროვე ფორმულა 1-ში, კერს-ს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს, რომ ჩვენ პირველ რიგში, მის სრულყოფას ვცდილობთ. „მაკლარენს“ და „მერსედესს“ ამ სისტემის შემუშავების უზარმაზარი გამოცდილება აქვთ და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ მათ საუკეთესო კერს-ი აქვთ, ამიტომ დაუღალავად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მათ დავეწიოთ“ - ამბობს უებერი (ფოტოზე, რბოლისას).
ავსტრალიელმა მრბოლმა აღნიშნა, რომ ჩინური რბოლის დღეებში, სწორედ კერს-ის გამო, მისი მანქანა ოთხჯერ დაშალეს, რაც მისი რიგიანად მომართვის საქმეში ხელის შემშლელი გარემოება იყო, რადგან მანქანის დაშლის დროს, შეცდომის დაშვება ადვილია.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ







