ავტოსპორტი

11:12 | 9.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

"რედ ბული" რაიკონენის დაბრუნებას არ გამორიცხავს

”რედ ბულ რეისინგის” მრჩეველი ავტოსპორტის საკითხებში, წარსულში ფორმულა 1-ის პილოტი, ავსტრიელი ჰელმუტ მარკო არ გამორიცხავს, რომ 2011 წელს კიმი რაიკონენი შეიძლება ისევ ფორმულა 1-ს დაუბრუნდეს.
ფინელი პილოტი, რომელიც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი 2007 წელს გახდა, ამ სეზონში რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, ”სიტროენის” მეორე გუნდ ”ჯუნიორში” იასპარეზებს, რომლის სპონსორიც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბულია”. რა თქმა უნდა, ხელფასსაც ”რედ ბული” გადაუხდის, რომელთან ურთიერთობაც მას ჯერ კიდევ ”ფერარიში” ყოფნისას ჰქონდა.
დიდი ხანია, ფორმულა 1-ის კულუარებში დადის ხმები იმის შესახებ, რომ 2011 წელს კიმი ”რედ ბულ რეისინგში” ავსტრალიელ მარკ უებერს შეცვლის, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.
”კიმის ”რედ ბულთან” კონტრაქტი აქვს. ეს კომპანია ერთი დიდი ოჯახია, რომელსაც რამდენიმე ვარიანტი აქვს. ყველაფერი კი, პირველ რიგში, რაიკონენის სურვილზე და რალის რბოლებში მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. და მე არ მიმაჩნია დაუჯერებლად, რომ ის ფორმულა 1-ს დაუბრუნდება”, - ამბობს მარკო.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შემდეგ, რაიკონენს ”ფერარის” დატოვებამ მოუწია, რისი მიზეზიც ის გარემოება გახდა, რომ იტალიურმა საჯინიბომ მის ადგილზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მიიწვია. ეს გადაწყვეტილება კი, ”სკუდერიამ” ახალი ტიტულოვანი სპონსორის, ესპანურ საბანკო კონგლომერატ ”სანტანდერის” სურვილით მიიღო. ”სანტანდერი” ”მაკლარენის” სპონსორიცაა და მზად იყო, რაიკონენი ინგლისურ გუნდში გადაეყვანა. თუმცა ფინელმა თავის ყოფილ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და რადგან, ტოპ-გუნდებში ვაკანსიები აღარ რჩებოდა,  ფორმულა 1-დან წასვლა ამჯობინა. მით უმეტეს, ამისათვის ის კონტრაქტის გაწყვეტის გამო, ”ფერარისგან” სოლიდურ (მრავალმილიონიან) კომპენსაციას მიიღებს. სხვათა შორის, ფინელი ამ კომპენსაციას ვერ მიიღებდა, თუ ფორმულა 1-ის რომელიმე გუნდში გადავიდოდა. ახლა კი რალის ჩემპიონატზეც გამოვა და ამ კომპენსაციის გარდა, ”რედ ბულისგანაც” მიიღებს ხელფასს.
რაიკონენს რალის ასპარეზზე გამოსვლა დიდი ხანია, სურდა და ”ფერარისგან” წამოსვლა იმის საბაბი გახდა, რომ თავისი ძველი ოცნება განეხორციელებინა.
ფინელი პილოტის დებიუტი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ კვირის ბოლოს შედგება, როდესაც ის და მისი ნავიგატორი კაი ლინდსტრიომი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, შვედეთის რალიზე იასპარეზებენ. სხვათა შორის, სადებიუტო რბოლის წინ, რაიკონენმა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონთან, ფრანგ სებასტიან ლოებთან ერთად ივარჯიშა. ვარჯიშის დროს, ფინელს დიდი ჩემპიონის ნავიგატორის სავარძელი ეკავა.

მოამზადა
მერაბ ლორთქიფანიძემ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173984