ავტოსპორტი

2:59 | 10.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ ისევ წინაა

 

როგორც ჩანს, „რედ ბულ რეისინგის“ და მისი პილოტების უპირატესობა მარტო ჩასაბერი დიფუზორის შედეგი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანული ეტაპის კვალიფიკაციამ გვაჩვენა, რომ ავსტრიული გუნდის პილოტები კვლავ ყველაზე სწრაფები არიან. თუმცა, ერთი რამ მაინც შეიცვალა - მოწინავე პოზიციაზე ამჯერად მარკ უებერს ვხედავთ, სებასტიან ფეტელი კი მეორეა და რბოლის სტარტზე შესანიშნავ პოზიციას დაიკავებს იმისათვის, რომ მორიგი, მეშვიდე გამარჯვება მოიპოვოს...

„რედ ბულისთვის“ ეს ამ სეზონის ცხრა ეტაპზე მოპოვებული მეცხრე პოულ პოზიციაა, რომელთაგან შვიდი ფეტელის ანგარიშზეა, ორი კი - უებერისა. სხვათა შორის, სილვერსტოუნზე წინა ორ სეზონში, პოული ფეტელს აქვს მოგებული. ამასთან, გერმანელი პილოტი, ზედიზედ მე-14 რბოლას, წინა რიგიდან დაიწყებს.

„სები და მე მხოლოდ რბოლაზე ვართ კონცენტრირებული და ტექნიკური საკითხები ჩვენი საქმე არაა. ყოველ სეზონში, რეგლამენტის ამათუიმ მუხლზეა ლაპარაკი. ეს ერთი კვირა კი ყველას აინტერესებდა, ვისი მანქანა როგორ შეეგუებოდა ახალ წესებს. იმედია, გამოსავალს ყველა მიაგნებს. კარგი იქნებოდა, თუ ტექნიკურ რეგლამენტს გაამარტივებენ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, რბოლისთვის კარგად ვარ მომზადებული და დღეს მოპოვებული პოულის გამოყენებას ვეცდები“, - განაცხადა ავსტრალიელმა, ვინც შარშან ბრიტანული დიდი პრიზი მოიგო (ის რბოლა პოულიდან ფეტელმა დაიწყო).

მეორე სასტარტო რიგს „ფერარის“ პილოტები დაიკავებენ. მათგან მესამე შედეგი ფერნანდო ალონსომ აჩვენა, რომელიც კვალიფიკაციის გამარჯვებულს წამზე ოდნავ მეტით ჩამორჩა, თავის თანაგუნდელ ფელიპე მასას კი ნახევარ წამზე მეტით აჯობა. მასასთან თითქმის 0.8 წამი წააგო ჯენსონ ბატონმა, ვისაც საშინაო რბოლაში, კვარცხლბეკზე ადგილი ჯერ არასდროს დაუკავებია. მეათე ადგილს დასჯერდა ლუის ჰამილტონი. ვინც სესიის მიწურულს, სწრაფი წრე წვიმის გამო აღარ დაასრულა.

სამაგიეროდ, კვალიფიკაციის მესამე, მთავარ სესიაზე სამმა ისეთმა პილოტმა იასპარეზა, რომლებიც აქ იშვიათად ხვდებიან ხოლმე. ბრიტანელმა პოლ დი რესტამ, ვენესუელელმა პასტორ მალდონადომ და იაპონელმა კამუი კობაიაშიმ ჰამილტონის გარდა, ნიკო როსბერგიც ჩამოიტოვეს.

 

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:30.399

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:30.431

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:30.516

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:31.124

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:31.898

6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:31.929

7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:31.933

8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:32.128

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:32.209

10. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)       1:32.376

- - - - - - - - - -

11. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია)             1:32.617

12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:32.624

13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:32.656

14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:32.734

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:33.119

16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                          1:33.805

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:34.821

- - - - - - - - - -

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:35.245

19. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:35.749

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:36.203

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                         1:36.456

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:37.154

23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:37.484

24. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:38.059

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

0.09367