ფეხბურთი

18:00 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” მეტოქე ლონდონში გამოვლინდება

ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების სეზონის ერთი ფინალისტი უკვე ცნობილია. დღეს, ლონდონში, გაირკვევა გუნდი, რომელიც ლისაბონში გასამართ ფინალში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

ერთი კვირის წინათ, მადრიდში, “ატლეტიკომ” და “ჩელსიმ” უგოლოდ ითამაშეს. ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, დაფიქსირებული ანგარიში “ჩელსის” ფინალში გასვლის 67%-იან შანსს აძლევს. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ლონდონური გუნდი ამ ანგარიშის სათავისოდ გამოყენებას მიჩვეული არაა, ხოლო “ატლეტიკო” საკუთარ კედლებში 0:0 თამაშის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლას ყოველთვის ახერხებდა.

მას შემდეგ, რაც გუნდებმა მადრიდში უგოლო ფრე ითამაშეს, მათ შიდა ასპარეზზე თითო მატჩი ჩაატარეს. “ატლეტიკომაც” და “ჩელსიმაც” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, მაგრამ განსაკუთრებით ეს დიეგო სიმეონეს გუნდზე ითქმის. “როხიბლანკომ” ვალენსიაში იმარჯვა და თუ დარჩენილი 3 ტურიდან 2 მოიგო, 1996 წლის შემდეგ პირველ ჩემპიონობას იზეიმებს. მომდევნო 2 თამაში კი “ატლეტიკოს” თითქმის უმოტივაციო “ლევანტესთან” და “მალაგასთან” ელის.

უფრო ძლიერი მეტოქე ჰყავდა “ჩელსის”. ლონდონელები პრემიერლიგის ლიდერს, ბრწყინვალე ფორმაში მყოფ “ლივერპულს” ეწვივნენ და მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. თუმცა, დაფიქსირებული შედეგი “ლივერპულისთვის” უფრო იყო წარუმატებლობა, ვიდრე “ჩელსისთვის” წარმატება, ვინაიდან მერსისაიდელებმა გათამაშების ფავორიტის წოდება “მანჩესტერ სიტის” დაუთმეს.

“ჩელსი” და “ატლეტიკო” ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან. პირველად ეს 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. ლონდონში მასპინძლებმა 4:0 იმარჯვეს, ხოლო მადრიდში გამართული მატჩი 2:2 დასრულდა. 2012 წელს, ევროპის სუპერთასზე, ევროპის ლიგის მფლობელმა “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი “ჩელსი” 4:1 გაანადგურა. ერთი კვირის წინათ, მადრიდში, გუნდებმა ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს.

“ჩელსი” ესპანეთის წარმომადგენლებს სულ 33-ჯერ შეხვედრია. ლონდონურ გუნდს 14 მოგება, 12 ფრე და 7 წაგება დაუგროვდა. საკუთარ კედლებში ჩატარებული 14 მატჩიდან “არისტოკრატებმა” 9 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთი წააგეს.

“ატელტიკო” ინგლისურ გუნდებს 22-ჯერ შეხვედრია. მადრიდელებმა 8 თამაში მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 5 დათმეს. სტუმრად ჩატარებულ 9 მატჩში “ატლეტიკოს” 1 მოგება, 4 ფრე და 4 წაგება აქვს.

ლონდონში გასამართ თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო “ჩელსის” ლემპარდი და ობი მიკელი, ხოლო “ატლეტიკოს” გაბი არ ეყოლება. ლონდონელებს ვერც ტრავმირებული პეტერ ჩეხი დაეხმარება. ჯონ ტერის, ედენ აზარისა და სამუელ ეტოოს საკითხი კვლავ გაურკვეველია. სტუმართა მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მოედანზე არდა თურანის გამოჩენა.

მატჩს იტალიელი ნიკოლა რიცოლი განსჯის. მას “ჩელსის” შეხვედრაში მონაწილეობა აქამდე ერთხელ მიუღია. 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლონდონელებმა ვალენსიაში 1:1 ითამაშეს.

რიცოლი “ატლეტიკოს” უკეთ იცნობს. მას ამ გუნდის შეხვედრაში 3-ჯერ უმსაჯია. 2007 და 2009 წლებში, მადრიდელებმა “გლორიასთან” და “პორტუსთან” სტუმრად ითამაშეს და 1:2 და 0:2 წააგეს. 2010 წელს, “ატლეტიკომ” “ფულემს” უმასპინძლა და მეტოქეს 2:1 სძლია.

 

ჩელსი-ატლეტიკო (პირველი მატჩი 0:0)

  • “ჩელსის”, ჩემპიონთა ლიგაზე ესპანურ გუნდებთან გამართულ ბოლო 16 თამაშში წაგება არ აქვს. ლონდონელებმა 6-ჯერ მოიგეს და 10-ჯერ ფრედ ითამაშეს;
  • “ატლეტიკო” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ არ წაუგია;
  • “ატლეტიკოს” მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი გოლების 45% პირველ და ბოლო 15 წუთზე მოდის;
  • “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლო 11 სეზონში მეშვიდედ გავიდა. “ბარსელონას” შედეგთან ერთად, ეს საუკეთესო მაჩვენებელია;
  • “ატლეტიკო” ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში 1974 წლის შემდეგ პირველად თამაშობს;
  • “ჩელსიმ”, ჩემპიონთა ლიგი ფლეი ოფში ჩატარებული ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “ჩელსის” მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი გოლების 61% პირველ ტაიმზე მოდის;
  • მიმდინარე გათამაშებაში “ჩელსიმ” 7 გოლი გაუშვა, აქედან 6 მეორე ტაიმში;
  • დიეგო კოსტამ, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 7 თამაშში 7 გოლი გაიტანა;
  • ჟოზე მოურინიომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მერვედ გაიყვანა. “ჩელსისთან” ერთად ის ამ ეტაპამდე მესამედ მივიდა. წინა ორ შემთხვევაში ლონდონური გუნდი ფინალს მიღმა დარჩა;
  • “ჩელსის”, ევროტურნირის ნახევარფინალში, საკუთარ მოედანზე არასდროს წაუგია. ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ლიგაზე, თასების მფლობელთა თასზე და ბაზრობათა თასზე გამართული 12 თამაშიდან ლონდონელებმა 8 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს;
  • “ჩელსიმ”, ევროტურნირის ფლეი ოფში “სტემფორდ ბრიჯზე” ჩატარებული ბოლო 5 თამაში მოიგო, აქედან უკანასკნელი 3 მშრალად;
  • 2008 წლიდან მოყოლებული, წინა 6 გათამაშებაში, ჩემპიონთა ლიგას ან “ბარსელონა” იგებდა, ან კატალონიელთა გამომგდები გუნდი, ხოლო 2006 წლიდან მოყოლებული, თუ “ბარსელონა” არა, მისი მძლეველი გუნდი ფინალში აუცილებლად გადიოდა. წელს, “ბარსას” ტურნირიდან გამოთიშვა “ატლეტიკომ” მოახერხა;
  • “ატლეტიკოს” პირველი მეკარე ტიბო კურტუა “ჩელსის” საკუთრებაა. ის მადრიდულ გუნდში, არენდის წესით, მე-3 სეზონს ატარებს;
  • “ატლეტიკო” ევროტურნირის 1/2-ფინალში მეცამეტედ თამაშობს. წინა 12 მცდელობიდან მადრიდელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა 6-ჯერ მოახერხეს;
  • “ჩელსის” ევროტურნირის 1/2-ფინალში 11-ჯერ უთამაშია. ლონდონელები ფინალში 5-ჯერ გავიდნენ;
  • ჟოზე მოურინიოს შანსი აქვს გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას 3 გუნდს მოაგებინებს. აქამდე, პორტუგალიელმა ამ ტურნირზე “პორტუსთან” და “ინტერთან” ერთად იმარჯვა;
  • “ჩელსის” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი “ატლეტიკოს” სკოლის აღზრდილია. 19 წლის ასაკში, ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა;
  • “რეალში” მუშაობის დროს, მოურინიო “ატლეტიკოს” 9-ჯერ დაუპირისპირდა. პორტუგალიელის გაწვრთნილმა გუნდმა 8-ჯერ მოიგო და ერთხელ წააგო;
  • მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 11 მატჩში “ატლეტიკომ” 5 გოლი გაუშვა, რაც საუკეთესო შედეგია;
  • “ატლეტიკომ” ბოლო 13 თამაშიდან 11 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. უკანასკნელ 6 შეხვედრაში მადრიდელებმა კარის მშრალად შენახვა მოახერხეს;
  • “ჩელსი” ევროტურნირის ნახევარფინალში ესპანურ გუნდს მეხუთედ ხვდება. წინა 4 შემთხვევიდან ლონდონელები მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთხელ გავიდნენ;
  • “ჩელსის”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი სტუმრად უგოლოდ 3-ჯერ უთამაშია. ლონდონელები შემდეგ ეტაპზე ერთხელ გავიდნენ;
  • “ატლეტიკოს”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში, 0:0 ორჯერ აქვს ნათამაშები. მადრიდელები მომდევნო ეტაპზე ორივეჯერ გავიდნენ;
  • სამუელ ეტოოს, “ჩელსის” მაისურით, 12 გოლი აქვს გატანილი და ყველა მათგანი “სტემფორდ ბრიჯზე”.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): შვარცერი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, ლუისი, რამირესი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, ეტოო.

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, გარსია, ტიაგო, სუარესი, კოკე, კოსტა, დიეგო.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

0.341516