ფეხბურთი

15:40 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ მესამე ცდა რონალდუს გარეშე

2013-2014 წლების სეზონის რიგით მე-3 „ელ კლასიკოს“ „ვალენსიას“ საშინაო არენა „მესტალია“ უმასპინძლებს. მადრიდის „რეალმა“ კატალონიის „ბარსელონასთან“ უკანასკნელი ორი დაპირისპირება დათმო და ამ სეზონში ბოლო შანსი აქვს. თავის მხრივ, ხერარდო მარტინოს გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და პრიმერა დივიზიონშიც მნიშვნელოვნად გაირთულა საქმე. ამრიგად, კატალონიელთათვის კოპა დელ რეის თასის მოგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ელ კლასიკოს“ ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მადრიდელთა ვარსკვლავის - კრიშტიანუ რონალდუს არყოფნა, რომელიც აღდგენით კურსს გადის და მიუნხენის „ბაიერნთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩებისთვის ემზადება. ტრავმის მიუხედავად, „რეალის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ 29 წლის პორტუგალიელი ვალენსიაში მაინც იახლა. რონალდუ თანაგუნდელებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს.

ტრავმების მხრივ, კატალონიელთა ბანაკში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. გუნდის ნომერ პირველი მეკარის - ვიქტორ ვალდესის მძიმე ტრავმის შესახებ უკვე ყველასთვის ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, უკანახაზელები - კარლეს პუიოლი და ჟერარ პიკე სათამაშოდ მზად არიან, მაგრამ მათი სათამაშო ფორმა ოპტიმალურისგან ძალზე შორსაა.

ხერარდო მარტინო („ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი): „საგოლე მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. „ბარსელონა“ უბრალო გუნდია. თუ კარგად ვითამაშებთ, მოვიგებთ. არცთუ დიდი ხნის წინ, ეს გუნდი კარგად თამაშობდა და სასურველ შედეგს აღწევდა.

მესმის, რომ ხალხი ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელის. მინდა შეგახსენოთ, რომ იყო ყოველ წელს საუკეთესო, შეუძლებელია. ყველაფერი ნეგატიური უნდა დავივიწყოთ და სიტუაცია გამოვასწოროთ. ამისთვის დიდი შრომაა საჭირო. ესპანეთის თასის უკანასკნელი მატჩია და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“.

კარლო ანჩელოტი („რეალის“ მთავარი მწვრთნელი): „რონალდუ არ ითამაშებს, მაგრამ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს და ჩვენი ძალების გვწამს. როდესაც ვინმე გვაკლია, მას სათადარიგო ფეხბურთელები ღირსეულად ცვლიან. ვეცდებით, დღევანდელ მატჩშიც იგივე მოხდეს.

წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოგვიწევს თამაში, მაგრამ ეს დამატებითი მოტივაციაა. რონალდუს გარეშე ჩატარებულ წინა მატჩებში, გუნდი მაქსიმალურად იხარჯებოდა“.

ანდრეს ინიესტა („ბარსელონას“ ნახევარმცველი): „დარწმუნებული ვარ, თასის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ. მეტოქე ძალიან ძლიერია. ჩვენს გუნდს კარგად თამაში და მოგება ძალუძს. თასის აღმართვა ჩვენს ქომაგებს გაახარებს და იქნებ, სეზონის ჩავარდნისგანაც გვიხსნას.

მიუხედავად ყველაფრისა, თასის მოგება ბევრს არაფერს ცვლის. პრიმერაში ნაბიჯი უკან გადავდგით, ჩემპიონთა ლიგიდან კი, გამოვვარდით. პრიმერას მოსაგებად ისევ ვიბრძვით. ანალიზი უნდა გავაკეთოთ იმისა, თუ როგორი სეზონი ჩავატარეთ“.

იკერ კასილიასი („რეალის“ მეკარე): „თასის მოგება ძალიან გვინდა. ეს ჩვენთვის ერთგვარი გვირგვინი იქნებოდა. ვიცით, რომ იოლი გასეირნება არ გველის. ბრწყინვალე ფეხბურთელების წინააღმდეგ საკმაოდ დაძაბული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენი ძალების გვწამს.

თასის ფინალში გავედით და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურიც მოვიპოვეთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ პრიმერაში გავიმარჯვოთ. სადღეისოდ, ჩვენი პრიორიტეტი კოპა დელ რეის თასია. ეს სეზონის პირველი ტიტული იქნება“.

„ბარსელონასა“ და „რეალის“ დაპირისპირება ჩვენი დროით 23:30-ზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი ანტონიო მიგელ მატეუ ლაჰოსი გახლავთ.

0.191718