ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალი” ორი ესპანელი ფეხბურთელის – ისკოსა (“მალაგა”) და დანიელ კარვახალის (“ლევერკუზენი”) შეძენას ეცდება. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.
მოგეხსენებათ, როდესაც “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა, კლუბმა ესპანელი ფეხბურთელების შეძენა დაიწყო. “სამეფო კლუბში” მივიდნენ ხაბი ალონსო, რაულ ალბიოლი, ალვარო არბელოა და ესტებან გრანერო. მოგვიანებით, “რეალმა” პედრო ლეონი და სერხიო კანალესიც დაიმატა. უკანასკნელ პერიოდში, მადრიდელებმა პოლიტიკური კურსი შეცვალეს და ესპანელებზე უარი თქვეს. დედაქალაქელებმა მხოლოდ ხოსე კალეხონი და დიეგო ლოპესი შეიძინეს. ზაფხულში, “რეალი” აქცენტის გაკეთებას ისევ ესპანელებზე გეგმავს.
კარვახალი, რომელიც “რეალის” აღზრდილია, “ლევერკუზენში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში აღმოჩნდა. მადრიდელებს მისი გამოსყიდვა 6.5 მილიონ ევროდ შეუძლიათ.