ფეხბურთი

1:03 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ევროპის სუპერჩემპიონია

ევროპის სუპერთასის რიგით მე-2 ესპანური დაპირისპირება „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. მადრიდულმა ვარსკვლავთკრებულმა ლიდერის, ივან რაკიტიჩის გარეშე დარჩენილი „სევილია“ დამაჯერებლად დაამარცხა.

ესპანური გუნდები ევროპის სუპერთასზე ერთმანეთს მეორედ ხვდებოდნენ. პირველად ეს 2006 წელს მოხდა, როდესაც აუტსაიდერად მიჩნეულმა „სევილიამ“ „ბარსელონა“ 3:0 გაანადგურა. 8 წლის შემდეგ, კვლავ აუტსაიდერის სტატუსით მოთამაშე „სევილია“ უკვე „რეალს“ დაუპირისპირდა და უნაი ემერის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ გუნდთან ვერაფერი გააწყვეს.

ახალ სეზონს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. თამაშის ორივე გოლი სწორედ პორტუგალიელი ვარსკვლავის ანგარიშზეა. „ოქროს ბურთის“ ამჟამინდელმა მფლობელმა ორივე საგოლე შეტევა წამოიწყო და თავადვე დააგვირგვინა.

რონალდუ, „რეალის“ მაისურით, მე-4 ფინალში თამაშობდა და წინა 3 მატჩის მსგავსად, მან გოლის გატანა ამჯერადაც მოახერხა. პორტუგალიელმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, როდესაც მადრიდელთა კონტრშეტევა მარცხენა ფლანგზე მყოფი ბეილისთვის ბურთის გადაწოდებით დაიწყო, თავად საპირისპირო ფლანგზე გაიხსნა და უელსელის მიერ დაბრუნებულ ბურთს კარში ადგილი ახლო მანძილიდან მიუჩინა. ეს, რონალდუსთვის, ევროტურნირებზე გატანილი 69-ე გოლი იყო. მან ლიონელ მესის გაუსწრო და გერდ მიულერთან გათანაბრება მოახერხა.

მე-2 ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც რონალდუმ „რეალის“ შეტევა უკვე მარცხენა ფლანგიდან წამოიწყო, ბენზემასგან ბურთი საჯარიმოს წინა ხაზთან მიიღო და ძლიერი დარტყმით მადრიდელთა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. პორტუგალიელმა ევროტურნირებზე თავისი 70-ე გოლი გაიტანა და ის ფილიპო ინძაგის გაუთანაბრდა. ამაზე უკეთესი შედეგი (77 გოლი) მხოლოდ „რეალის“ კიდევ ერთ ლეგენდაურლ 7 ნომერს, რაულ გონსალესს აქვს.

„სევილიამ“ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა და „რეალმა“ ევროპის სუპერთასი 2002 წლის შემდეგ პირველად, სულ კი მეორედ მოიგო. „რეალს“ სულ 19 ევროთასი დაუგროვდა და მადრიდელები „ბარსელონას“ გაუთანაბრდნენ. პირველ ადგილზე, 20 ევროპული თასით, „მილანია“.

ამ თამაშის შემდეგ, ესპანურ გუნდებს 12 სუპერთასი დაუგროვდათ და მე-2 ადგილზე მყოფ იტალიელებს (9 თასი) მათ კიდევ უფრო გაასწრეს.

უნდა აღინიშნოს მადრიდელთა ახალწვეულის, ტონი კროოსის მიღწევა. გერმანელმა ფეხბურთელმა, რომელმაც „სევილიასთან“ სრულად ითამაშა, ბოლო 10 ოფიციალურ თამაშში ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი მოიგო.

მადრიდელთა მეკარე იკერ კასილიასი კი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი კაპიტნის სტატუსით მოიგო.

 

რეალი-სევილია 2:0 (1:0)

კარდიფი, “კარდიფ სიტი

რეალი (4-2-3-1): კასილიასი, კარვახალი, პეპე, რამოსი, კოენტრაუ (მარსელო 84), კროოსი, მოდრიჩი (ილიარამენდი 86), ბეილი, როდრიგესი (ისკო 72), რონალდუ, ბენზემა.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

სევილია (4-2-3-1): ბეტო, კოკე (ფიგეირასი 84), პარეხა, ფასიო, ნავარო, კრიშოვიაკი, კარიკო, ვიდალი (ასპასი 66), სუარესი (რეიესი 79), ვიტოლო, ბაკა.

მწვრთნელი: უნაი ემერი.

გოლები: 1:0 რონალდუ (30), 2:0 რონალდუ (49).

გაფრთხილებები: კარვახალი 45, კროოსი 53 - ვიტოლო 42, ნავარო 66.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 11 (7)-6 (3), კუთხური: 12-8, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-5, ჯარიმა: 17-14.

0.292669