ესპანური ფეხბურთის შოკიდან გამოყვანისა და პრესტიჟის დაცვა მადრიდის “რეალს” ევალება. მას შემდეგ, რაც მიუნხენის “ბაიერნმა” კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგობა არც კი შეიმჩნია, კიდევ ერთი გერმანულ-ესპანური დაპირისპირება გაიმართება. ამჯერადაც გერმანიაში.
თუ “ბაიერნისა” და “ბარსელონას” წყვილში, პირველ მატჩამდე, გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება შეუძლებელი იყო, ამ შემთხვევაში ეს სტატუსი მადრიდის “რეალს” უნდა მივაკუთვნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფურ ეტაპზე, “დორტმუნდმა” ესპანელებს აჯობა და კლოპის გუნდმა პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა, ამჯერად, უპირატესობას მაინც მადრიდელები ფლობენ. მაგრამ არა კონკრეტულად დღევანდელ თამაშში. გადავსებული და გადაწყვითლებული “ვეშტფალენშტადიონი” არაერთი გუნდისთვის ყოფილა იმედგაცრუების ადგილი, მათ შორის “რეალისთვისაც”.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდები შიდა ასპარეზზე მოტივაციის ნაკლებობას განიცდიან, ისინი თამაშებს მაინც იგებენ. “დორტმუნდს”, ბუნდესლიგაში, ზედიზედ 5 მოგება აქვს, ხოლო “რეალმა”, ლა ლიგის ბოლო 10 თამაშში მხოლოდ 2 ქულა დაკარგა.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 6 მატჩს ითვლის და ის სათავეს 1998 წლიდან იღებს. 15 წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, საკუთარ კედლებში 2:0 მოგების შემდეგ, “რაელმა” დორტმუნდში 0:0 ითამაშა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 5 წლის შემდეგ, ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე, უფრო ძლიერი კვლავ “რეალი” აღმოჩნდა. მადრიდელებმა გერმანელებთან 4 ქულა აიღეს და მე-2 ადგილი დაიკავეს, ხოლო “დორტმუნდი” ჯგუფში ჩარჩა. გუნდების ბოლო შეხვედრა მიმდინარე სეზონში გაიმართა. გერმანიაში, მასპინძლებმა ლევანდოვსკისა და შმელცერის გოლებით მოიგეს. სტუმართაგან ერთადერთი ბურთი რონალდუმ გაიტანა. 2:1 იგებდა “დორტმუნდი” მადრიდშიც, მაგრამ მესუთ იოზილმა, ბოლო წუთებზე, ანგარიში საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. მანამდე, თითო გოლი როისს, პეპესა და არბელოას (საკუთარ კარში) ჰქონდათ გატანილი.
“დორტმუნდი” ესპანურ გუნდებს სულ 20-ჯერ შეხვედრია. გერამნელებმა 6-ჯერ მოიგეს, ხოლო შვიდ-შვიდჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს. საკუთარ კედლებში, დორტმუნდელებს, 5 მოგების წილ, 2-2 ფრე და მარცხი დაუგროვდათ.
გერმანიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 50 თამაშში “რეალს” 21 მოგება, 10 ფრე და 19 მარცხი აქვს. სტუმრად, მადრიდელებმა მხოლოდ ერთხელ მოიგეს, ხოლო 6-ჯერ ფრედ ითამაშეს და 16-ჯერ წააგეს. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ჟოზე მოურინიოს გუნდის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს.
“დორტმუნდის” თამაშზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით მარიო გიოტცეს თემას. გუშინ, ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “დორტმუნდის” ახალგაზრდა შემტევი კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” განაგრძობს. თამაშის წინა დღეს, იურგენ კლოპმაც განაცხადა, რომ ინფორმაციის გავრცელებისთვის საუკეთესო დრო ამჟამად არაა და დიდი ალბათობით, ის არ ცდება – უარყოფითი ცნობის გავრცელება გუნდის თამაშზე დადებითად არ აისახება.
“დორტმუნდი” მეტოქეს უდანაკარგოდ დაუხვდება, ხოლო “რეალი” გერმანიას საკადრო პრობლემებით ეწვია. მადრიდელებს ტრავმირებული მარსელო და დისკვალიფიცირებული არბელოა არ ეყოლებათ. მცირე ტრავმები აწუხებთ ესიენს, ბენზემასა და მოდრიჩს. უკვე დიდი ხანია ჯანმრთელადაა იკერ კასილიასი, მაგრამ ჟოზე მოურინიოს პირადი გადაწყვეტილებით, 23 იანვრის შემდეგ უთამაშებელი მეკარე სათადარიგოთა სკამის განუყოფელი ნაწილი გახდა.
- მიმდინარე გათამაშებაში, გუნდები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. ჯგუფურ ეტაპზე, “დორტმუნდმა” შინ 2:1 მოიგო, ხოლო მადრიდში გუნდებმა 2:2 ითამაშეს;
- “დორტმუნდის” ნახევარმცველი ნური შაჰინი “რეალის” საკუთრებაა. მადრიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში მან 1 გოლის გატანა მოახერხა;
- “დორტმუნდი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში არ წაუგია;
- “დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1998 წლის შემდეგ პირველად თამაშობს. 15 წლის წინათ, გერმანელები ფინალს მიღმა “რეალმა” დატოვა;
- “დორტმუნდმა”, მიმდინარე გათამაშებაში, ხუთივე საშინაო თამაში მოიგო;
- ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე ჩატარებული 2 ნახევარფინალიდან “დორტმუნდმა” 1 მოიგო;
- მიმდინარე გათამაშებაში, “დორტმუნდმა” მხოლოდ 9 გოლი გაუშვა, რაც ნახევარფინალისტთა შორის საუკეთესო შედეგია;
- განვლილ 10 თამაშში, “დორტმუნდის” ფეხბურთელებმა ყველაზე ცოტაჯერ ააცილეს კარს ბურთი (50), მოაწოდეს ყველაზე ცოტა კუთხური (49) და მიიღეს ყველაზე ცოტა ყვითელი ბარათი (9);
- რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი ბუნდესლიგის ბოლო 12 თამაშში გაიტანა;
- “დორტმუნდმა”, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 საშინაო თამაში მოიგო;
- გერმანიაში ჩატარებული 24 თამაშიდან “რეალმა” მხოლოდ 1 მოიგო;
- “რეალმა”, გერმანიაში ჩატარებული ბოლო 5 თამაში წააგო;
- გასულ სეზონში, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გერმანულმა გუნდმა გამოაგდო;
- “რეალმა”, გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 გასვლით მატჩში მოახერხა;
- მიმდინარე გათამაშებაში, “რეალმა” გოლი სტუმრად ჩატარებულ ხუთივე თამაშში გაუშვა;
- 11 გოლით, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა;
- რონალდუმ გოლი ლიგის ბოლო 5 თამაშში გაიტანა. ტურნირის რეკორდი ზედიზედ 6 თამაშში გატანაა;
- ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 თამაშში რონალდუმ 20 გოლი გაიტანა;
- მიმდინარე გათამაშებაში, “რეალის” მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში 37 გოლი გავიდა (მადრიდელებმა 23 გაიტანეს და 14 გაუშვეს), რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჟოზე მოურინიომ გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაყვნა მეშვიდედ მოახერხა. წინა 6 შემთხვევიდან, პორტუგალიელის გუნდი ფინალში 2-ჯერ გავიდა;
- “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, მაგრამ მადრიდელებს ფინალში 2002 წლის შემდეგ არ უთამაშიათ;
- გუნდებს შორის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ მატჩებში “რეალმა” 3 გოლი გაიტანა. სამივე მათგანში მონაწილეობდა “დორტმუნდის” პრინციპული მეტოქის, “შალკეს” აღზრდილი მესუთ იოზილი, რომელმაც ერთხელ გაიტანა და 2-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა;
- ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე აქამდე გამართული 23 ნახევარფინალიდან “რეალმა” 12 მოიგო და 11 წააგო;
- მიმდინარე გათამაშებაში, “რეალმა” კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთხელ მოახერხა;
- მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, “რეალმა” 9 თამაში წააგო და ყველა ერთბურთიანი სხვაობით.
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, გიუნდოგანი, კუბა, გიოტცე, როისი, ლევანდოვსკი.
რეალი (4-2-3-1): ლოპესი, რამოსი, პეპე, ვარანი, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო, დი მარია, იოზილი, რონალდუ, იგუაინი.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).