მადრიდის “რეალის” არგენტინელ ნახევარმცველ ანხელ დი მარიას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გამოცვლა უნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა იანვარში მას ამის საშუალებას არ მისცემს.
25 წლის არგენტინელი კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილის კონკურენციის ფონზე მადრიდელთა რიგებში სათადარიგო ფეხბურთელად იქცა და საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილიოა. მისი შეძენა ფრანგულ ლიგა 1-ში მოასპარეზე “მონაკოს” სურს, მაგრამ “რეალის” ხელმძღვანელობა მასთან განშორებას არ ჩქარობს.
AS-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ და მწვრთნელებმა ანხელს უკვე აცნობეს, რომ იანვარში მას გუნდის დატოვების ნებას არ დართავენ. ნაცვლად ამისა, დი მარიას ისინი ბრძოლისკენ მოუწოდებენ, რათა სასტარტოში თამაშის უფლება დაიბრუნოს და საკუთარი პროფესიონალიზმი დაამტკიცოს.
ის, რომ არგენტინელი საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა შაბათის მატჩშიც გამოჩნდა. ესპანეთის თასის შეხვედრაში ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ იმდენად სუსტად ითამაშა, რომ 56-ე წუთზე შეცვალეს. არგენტინელმა წყენა არ დამალა და გასახდელში ისე წავიდა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის არც კი შეხედა.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულში დი მარიას შეძენა ლონდონის “არსენალს” და “მანჩესტერ სიტის” სურდათ, მაგრამ მაშინ გუნდში დარჩენა თავად მოთამაშემ გადაწყვიტა და ინგლისური კლუბები უარით გაისტუმრა.