სხვა

15:08 | 18.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

რატომაც არა? “იმპერატორის თასი” არც ისე შორსაა

 

მაისის ბაშოს დასრულებამდე ოთხი დღით ადრე, “იმპერატორის თასის” მოპოვების რეალური შანსი ოთხ სუმოისტსღა შერჩა, რომელთა შორის ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინიც იმყოფება. 23 წლის სეკიტორს, ბრაზილიელის კაისეის დარად, 10 გამარჯვება აქვს მოპოვებული, ესტონელ ოძეკი ბარუტოს 9 მოგება აქვს, ერთადერთ დაუმარცხებელ მონაწილედ კი, იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება.

დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ, მორიგ წარმატებას იაპონელ ტოიოჰიბიკისთან მიაღწია. ქართველმა 26 წლის იაპონელი შიტატენაგეთი დაამარცხა და წარმატებული სვლა გააგრძელა. ხვალ გორგაძეს ერთ-ერთი ურთულესი ბრძოლა ელის. მის პირისპირ კომუსუბი კაკურიუ დადგება, რომელსაც “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ტურნირზე რვა ბრძოლა აქვს მოგებული.
გასული წლის მიწურულს, ქართველმა და 25 წლის მონღოლმა იორიკირით გამარჯვებები “გაცვალეს”, წლეულს იანვარში კი,, კაკურიუმ უკვე ცუკიოტოშით იმარჯვა.
როგორც აღვნიშნეთ, ტოჩინოშინის დარი ბალანსი გააჩნია ბრაზილიელ კაისეის, რომელიც უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში პირველ ბაშოს ატარებს. გორგაძესთან მარცხის შემდეგ, რიკარდო სუგანომ მობილიზება შეძლო და იოშიკაძე ცუკიდაშით დამარცხა. კაისეის მორიგი გამომცდელი 1-ლი მაეგაშირა გოეიდოა.
და შეუდარებელი ჰაკუჰო. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მონღოლი იოკოძუნას შეჩერება ვერც სეკივაკე კოტოშოგიკუმ მოახერხა. “თეთრმა ფენიქსმა” ფუკუოკელი სეკიტორი კოტოშოგიკუ იორიკირის წყალობით დაჯაბნა. ჰაკუჰოს შემდეგი მოწინააღმდეგე არანია, რომელსაც უკვე შვიდი შერკინება აქვს წაგებული და სავარაუდოა, რომ უარყოფით ბალანსს იგივე მაკე-კოშის ხვალვე გაიფორმებს.
მაკე-კოშისკენ მიექანება მაკუუჩიში რიცხული მეორე ქართველი თეიმურაზ ჯუღელიც, რომელსაც სუმოს სამყაროში გაგამარუს შიკონათი იცნობენ. 200-კილოგრამიანმა ქართველმა, მე-8 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან იორიტაოშით წააგო და 4 გამარჯვების წილ მე-7 მარცხი მოუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ ჯუღელი ტოკიოს ტურნირს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და დიდი შანსია, უარყოფითი ბალანსის გამო, ძურიოში აღმოჩნდეს. თეიმურაზს მაკე-კოშისთან ერთი წარუმატებლობა აშორებს. მისი მომდევნო მეტოქე მე-9 მაეგაშირა ასასეკირიუა. 29 წლის მონღოლს, 24 წლის ქართველი იანვარში იორიტაოშით ჰყავს დამარცხებული.
სამწუხაროდ, მორიგ დაქვეითებას ვერ ასცდება ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია, იგივე კოკაი. ძურიოში მე-6 რეიტინგით მოასპარეზე 30 წლის ქართველმა, ამჯერად, მასურაუმისთან წაიფორხილა (ოშიდაშით) და უარყოფით ბალანსს ვეღარ გადაურჩება. “შავ ზღვას” 3 მოგება და 8 მარცხი გააჩნია, მეთორმეტე საშეჯიბრო დღეს კი, ჰოჩიიამას დაუპირისპირდება.
დასასრულ, ოძეკი კოტოოშუზეც ვთქვათ, რომელმაც ნაცუ ბაშოდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ბულგარელ კალოიან მახლანოვს დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსი აღარ ჰქონდა (მისი ბალანსი 3:8-ზე გახლდათ), ამდენად, აღმზრდელთან თათბირის შემდეგ, ტურნირის მიტოვება განიზრახა. ოფიციალურ მიზეზად მარჯვენა მუხლის ტრავმა დასახელდა.
დღეს, კოტოოშუს მეტოქე კისენოსატოს გამარჯვება უბრძოლველად ერგო, ხვალიდან კი, ბაშოს ორგანიზატორებს ტურნირის განრიგში ცვლილებების შეტანა მოუწევთ. დარჩენილ დღეებში ბულგარელს ჰაკუჰოსთან, კაიოსთან, ჰარუმაფუჯისთან და ბარუტოსთან ჭიდილი ელოდა, ახლა კი, იოკოძუნასა და ოძეკებს ახალ მეტოქეებს გამოუძებნიან. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163109