როგორც ვიუწყებოდით, 27 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თურქული შეკრების მიმდინარეობისას პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. საქართველოს ორგზის ჩემპიონი თურქეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ ”მანისასპორს” უგოლოდ დაუზავდა.
გთავაზობთ გასული მატჩის შესახებ ზესტაფონელთა თავკაცის რატკო დოსტანიჩის კომენტარს, რომელიც მან მანისელებთან შეხვედრის დასრულებისთანავე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ინტერნეტ-გვერდთან საუბრისას გააკეთა:
“სულ რაღაც ორი კვირაა, რაც მე და ახალმა სამწვრთნელო შტაბმა გუნდი ჩავიბარეთ და მუშაობას შევუდექით. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებთ მუშაობას როგორც ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე, ასევე მათი ტაქტიკური განსწავლულობის დონის ამაღლებაზე.
ბოლო დღეებია, გუნდს ფიზიკური დატვირთვები ჰქონდა. გადავწყვიტეთ, თამაშის საშუალება ყველასათვის მოგვეცა და ამიტომაც ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობებით ჩავატარეთ. პარალელურად, თანდათანობით ვცდილობთ ფეხბურთელები სათამაშო რიტმში შევიყვანოთ.
გასულ მატჩში მიღებული შთაბეჭდილებები სხვადასხვაგვარი ხასიათისაა – ერთის მხრივ, უკმაყოფილო ვარ ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით, თუმცა, ამავე დროს, კმაყოფილი ვარ ფეხბურთელთა მიერ ნაჩვენები მონდომებითა და მოედანზე ბოლომდე გახარჯვის სურვილით.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენ გრძელი გზის დასაწყისში ვართ და წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველის”.