ჭადრაკი

1:24 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაპიდში ერთნაირი მონაგარით დაასრულეს

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი რაპიდში, რომელშიც მეტოქეები ერთმანეთს 15 ტურის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ. საბოლოო ცხრილში საუკეთესო შედეგი – 10.5 ქულა უკრაინელ კატერინა ლაჰნოს და რუს ალექსანდრა კოსტენიუკს აღმოაჩნდათ, რომელთაც პირველ-მეორე ადგილები გაინაწილეს.

ერთნაირი შედეგით (8.5 ქულა) დაასრულეს ტურნირი ქართველმა მოჭადრაკეებმა – ბელა ხოტენაშვილმა და ნანა ძაგნიძემ. დამატებითი მაჩვენებლებით, ბელამ მე-9 ადგილი დაიკავა, ნანამ კი – მე-12.

ტურნირის ბოლო დღეს ქართველები ჩინებულად გაისარჯნენ. ხოტენაშვილმა უკრაინელები ნატალია ჟუკოვა და ინა გაპონენკო და გერმანელი ელიზაბეტ პაეცი დაამარცხა, ძაგნიძეს და ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას კი დაუზავდა.

თავის მხრივ, ხოტენაშვილთან ზავის გარდა, უზბეკ ნაფისა მუმინოვასთან გააფორმა ყაიმი ძაგნიძემ, ხოლო ყატარელ ჩენ ჟუსთან, უკრაინელ მარია მუზიჩუკთან და რუს ტატიანა კოსინცევასთან მოგებები მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატში 14 ქვეყნის 34 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, რაპიდის კვალად კი, 26-28 აპრილს, მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიცში დაუპირისპირდებიან.

ბლიცში ასპარეზობაც 15 ტურად წარიმართება, ოღონდ, რაპიდისგან განსხვავებით, მეტოქეები დაწყვილებულ შეხვედრებს გამართავენ (თეთრებით და შავებით).

0.127883