ფეხბურთი

1:51 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რაპიდმა” “დილას” “მშრალი” სერია შეწყვიტა

გორის “დილამ” უეფა-ს ევროპის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველი გოლი გაუშვა და პირველი მარცხიც განიცადა. გიორგი დევდარიანის მიერ დარიგებულმა გუნდმა ვენაში ადგილობრივ “რაპიდთან” სასურველი ფეხბურთი ნამდვილად ვერ ითამაშა და 0:1 წააგო.

თავიდანვე ვთქვათ, რომ გორელთა მარცხი სრულიად კანონზომიერი გახლდათ. ავსტრიული გუნდი სტუმრებს აშკარად სჯობდა და მართალია, ციდან ვარსკვლავებს არც მასპინძლები სწყვეტდნენ, ისინი მოგებას აშკარად იმსახურებდნენ.

“რაპიდმა” ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს კონტრშეტევისას მოახერხა. ვენელებმა მეტოქის საჯარიმომდე ორი პასით მიაღწიეს, დასკვნით გადაცემას კი ლუის შაუბი გამოეხმაურა და საკმაოდ ეფექტურ ნახტომში ნუკრი რევიშვილის “მშრალი” სერია შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ “რაპიდის” შედეგიანი შეტევა გორელთა ერთადერთ სახიფათო იერიშს მოჰყვა. აღნიშნული ეპიზოდის მთავარი გმირი გრიგოლ დოლიძე გახლდათ, რომელიც მასპინძელთა გოლკიპერთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა, თუმცა სწრაფად ვერ იმოქმედა, მახვილი კუთხიდან კი დარტყმა არცთუ სახიფათო გამოუვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ “დილამ” ავსტრიაში მარცხი განიცადა, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს. 29 აგვისტოს გორელები “რაპიდს” თბილისის “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” მიიღებენ და იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს შესაძლოა ფორვარდი ირაკლი მოდებაძეც შეუერთდეს, ავსტრიელთა სასურველი ანგარიშით ძლევა წარმოუდგენელი სულაც არ სჩანს. 

 

უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფი. პირველი მატჩი. “გერჰარდტ-ჰანაპი-შტადიონი” (ვენა), ავსტრია

“რაპიდი“ (ვენა) – “დილა” (გორი) 1:0 (1:0)

“რაპიდი”: ნოვოტა, შრამელი, პეტსოსი (ბერენდტი, 71), სონლეიტნერი, ჰოფმანი (საბიტცერი, 80), დიბონი, შაუბი, გროზურეკი (დენერი, 88), ტრიმელი, ბურგშტალერი, ბოშკოვიჩი.

მწვრთნელი: ზორან ბარიშიჩი.

“დილა”: რევიშვილი, ღონღაძე, თომაშვილი (ბოლქვაძე, 50), ხიზანეიშვილი, კობახიძე, გურული, ალადაშვილი (მაისურაძე, 53), ილურიძე, დოლიძე (გაბაშვილი, 68), კვახაძე, გვალია.

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

გოლი: შაუბი (42).

გაფრთხილებები: ილურიძე (48), ჰოფმანი (56), გვალია (83), შაუბი (90), კობახიძე (92).

მსაჯი: შტეფან იოჰანესონი (შვედეთი).

0.122561