სტატიები

18:42 | 15.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

რამზან კადიროვის მეგობარი “სექსუალური ფეხბურთის” მამამთავარი

რუსულ პრემიერლიგაში, სამწვრთნელო დებიუტი ჰქონდა რუუდ გულიტს. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელი გახლდათ, სადამრიგებლო კარიერას რაც შეეხება, ამ მხრივ გაცილებით ნაკლებადაა წარმატებული და საფეხბურთო სამყარო მას მხოლოდ ერთი გამონათქვამით იცნობს. “ნიუკასლ იუნაიტედში” მუშაობის პერიოდში გულიტი ამტკიცებდა, “სექსუალური ფეხბურთის” სტილს ვამკვიდრებო. “სენტ ჯეიმს პარკზე” რუუდს ამის რეალიზების საშუალება არ მისცეს (პოსტიდან მალე დაითხოვეს), ისევე, როგორც როტერდამის “ფეიენოორდსა” და ამერიკული MLS-ის “ლოს ანჯელეს გელექსიში”. ვნახოთ, რა შედეგი ექნება უმაღლესი კლასის ჰოლანდიელ ფეხბურთელს გროზნოს “ტერეკის” დამრიგებლის რანგში...
რუუდ გულიტი მეტისია - მამით სურინამელი, დედით ჰოლანდიელი. უკვე ბავშვობაში, გულიტისთვის ფეხბურთი იმაზე მეტი იყო, ვიდრე თამაში. ჰოლანდიის ნაკრების მომავალი კაპიტანი, ყოველთვის უფროსი ასაკის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშს ცდილობდა, რაშიც მას ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობდა. რუუდი თანატოლებზე ერთი თავით მაღალი იყო და თანაც, გაცილებით უფრო სწრაფად დარბოდა. ისეც ხდებოდა, რომ გულიტი ბურთს თავის კართან ახლოს იღებდა, მეტოქის მთელ გუნდს ატყუებდა და გოლი გაჰქონდა. 15 წლის ასაკში, ის ჰოლანდიის სასკოლო ნაკრების ღირსებას იცავდა. ბრწყინვალე პროფესიონალურ კარიერას ჯერ კიდევ მაშინ უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა 16 წლისა მოულოდნელად “აიაქსის” სკოლაში დაიწუნეს. 17 წლის ასაკში კი, რუდმა თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი “ჰაარლემთან” გააფორმა. მოგვიანებით იგი ჰოლანდიის ნაკრებშიც მიიწვიეს. მაშინ გულიტი 19 წლის იყო, ხოლო ჰოლანდიელები შვეიცარელებს ხვდებოდნენ. იმ მატჩში მოედანზე რუუდი მცირე ხნით გამოჩნდა, გუნდის ძირითადი მოთამაშე კი, ის სამი წლის შემდეგ გახდა.
რუუდის აღმასვლა 1982 წლიდან დაიწყო, როდესაც ის როტერდამის “ფეიენოორდში” აღმოჩნდა. “ფეინოორდის” შემადგენლობაში გატარებული წლებიდან, საუკეთესო აღმოჩნდა 1983-1984 წლების სეზონი. გუნდმა “ოქროს დუბლი” შეასრულა - ჰოლანდიის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში გაიმარჯვა. გულიტით კი, პსვ დაინტერესდა. რუუდი ახალ კლუბში გადავიდა. “ფეიენოორდში” იგი ლიბეროს პოზიციაზე თამაშობდა, პსვ-ში კი მას მოიერიშე მოთამაშის ფუნქცია დააკისრეს. ამგვარად, გულიტი ფლეიმეიკერად იქცა. უჩვეულო სისწრაფის (ფეხბურთელი 100 მეტრს 10 წამში გარბოდა), მოედნის ხედვის უნაკლო ნიჭის, ბრწყინვალე ტექნიკისა და არაორდინარული საფეხბურთო აზროვნების წყალობით, რუუდ გულიტი ჯერ პსვ-ს, მოგვიანებით კი, “მილანისა” და ჰოლანდიის ნაკრების ლიდერი გახდა. ის თანაგუნდელებს გამოზომილი პასებით ამარაგებდა, მეტოქის შეტევებსაც შლიდა და გოლებიც გაჰქონდა. 1985-1986 წლების სეზონში, ჰოლანდიის ჩემპიონატში 24 გოლი გაიტანა, ხოლო შემდგომ პირველობაში 22-ჯერ გამოიჩინა თავი. ორივე შემთხვევაში ეინდჰოვენელებმა პირველი ადგილი დაიკავეს.
გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რომ ამის შემდეგ, სუპერკლუბთა მესვეურებმა მის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს. მათ შორის ყველაზე მეტად სილვიო ბერლუსკონი აქტიურობდა. სატელევიზიო მაგნატს ახალი ნაყიდი ჰქონდა “მილანი”. ბერლუსკონის სურდა, კლუბისათვის ძველი დიდება დაებრუნებინა. ამიტომ სინიორ სილვიომ გულიტის სანაცვლოდ იმ დროისათვის სარეკორდო თანხა, 10 მილიონი დოლარი გაიღო. ამასთან, ფეხბურთელის ანაზღაურებაც სარეკორდო გახლდათ - წელიწადში 2,2 მილიონი. გულიტთან ერთად, ბერლუსკონიმ რაიკაარდიც შეიძინა, მაგრამ უფრო იაფად. ტელემაგნატის კიდევ ერთ სუპერშენაძენად მარკო ვან ბასტენი იქცა, თუმცა ამ უკანასკნელს ტრავმის გამო “მილანში” პირველი სეზონი პრაქტიკულად ჩაუვარდა. სამაგიეროდ, გულიტი თავიდანვე უმაღლეს დონეზე ათამაშდა. ის მარტო გაუსწორდა “ნაპოლის”, რომელშიც მარადონა ბრწყინავდა (4:1). ჟურნალისტებმა კი, 1987 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ევროპაში. რაც შეეხება “მილანს”, ათწლიანი პაუზის შემდეგ, გუნდმა კვლავ მოიპოვა “სკუდეტო”.
1988 წლის ზაფხული ჰოლანდიის ნაკრებისათვის ტრიუმფული იყო ევროსპარეზზე. ამ ტურნირის ფინალური შეხვედრიდან, რომელშიც ჰოლანდიელებს მეტოქეობას საბჭოელები უწევდნენ, ძირითადად ყველა ვან ბასტენის სუპერგოლს იხსენებს ხოლმე, მაგრამ მანამდე, დასაევის კარი გულიტმა აიღო. ერვინ კუმანმა ჰოლანდიელთა ერთი შეხედვით ჩაშლილი შეტევის გაგრძელება მოახერხა და ბურთი ვან ბასტენს გადასცა, რომელმაც გულიტი მონახა. ასე გაიხსნა ანგარიში.
სამწუხაროდ, 1988 წლის შემოდგომაზე, გულიტმა სერიოზულად დაიზიანა მუხლი, რის გამოც ფეხბურთელმა არაერთი ოპერაცია გაიკეთა. ტრავმის გამო, 1989 წლის ივნისიდან 1990 წლის აპრილამდე, გულიტი მოედანზე არ გასულა. მას კიდევ სამი ოპერაცია გაუკეთეს. “მილანში” კი მისი დაბრუნებისა აღარც სჯეროდათ და შემცვლელის მოძებნასაც აპირებდნენ. ასეთად რუმინელ გეორგი ჰაჯის მიიჩნევდნენ, რომელიც იმხანად მადრიდის “რეალში” თამაშობდა. ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალურ მატჩში კი, რუუდმა ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ძალიან ნაადრევი იყო. “მილანმა” ლისაბონის “ბენფიკა” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გულიტის შესანიშნავი პასის წყალობით, რაიკაარდმა გაიტანა.
1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან ჰოლანდიის ნაკრები სამშობლოში უმედლოდ დაბრუნდა. გულიტი და კომპანია გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა, რომელიც ოქროს მედლებს დაეუფლა. ჰოლანდიელებმა გერმანელებზე რევანშის აღება ევრო-1992-ის ჯგუფურ ეტაპზე მოახერხეს (3:1). თანაც, გულიტმა თავისი მეურვე მიხაილ ფრონცეკი პირწმინდად დაჯაბნა. ჰოლანდიის ნაკრები ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ნახევარფინალის პენალტების სერიაში, მომავალ ჩემპიონ დანიის გუნდთან დამარცხდა. იმ პერიოდში, “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტი საკის ნაცვლად, ფაბიო კაპელომ დაიკავა. ამ ცვლილებით ყველაზე მეტად გულიტი დაზარალდა. იმ თავისუფლებისაგან, რომელსაც ჰოლანდიელ ვარსკვლავს საკი ანიჭებდა, კაპელოს შემთხვევაში აღარაფერი დარჩა. ახალი მწვრთნელი რუუდს მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა, სადაც ჰოლანდიელი სრულად ვერ ამჟღავნებდა თავის პოტენციალს. ამასთან, ის სულ უფრო ხშირად ხვდებოდა სათადარიგოთა სკამზე. რუუდი ჯერ მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლას აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და უპირატესობა გენუის “სამპდორიას” მიანიჭა. ახალ კლუბში მას აგრძნობინეს, რომ მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რაც მოესურვებოდა. იმ სეზონში გულიტმა 15 გოლი გაიტანა და “სამპდორიას” იტალიის თასის გათამაშებაში გაამარჯვებინა. 1994 წელს, ჰოლანდიელი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
1995 წელს, რუდ გულიტმა ისეთი მაცდუნებელი წინადადება მიიღო ლონდონური “ჩელსისაგან”, რომ უარი ვერ თქვა. შემტევი ნახევარმცველის ამპლუაში მრავალწლიანი თამაშის შემდეგ, ლონდონურ კლუბში გულიტი ისევ ლიბეროს პოზიციას დაუბრუნდა. 1996 წელს, “არისტოკრატთა” დამრიგებელი გლენ ჰოდლი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელად გადაიყვანეს, რუუდ გულიტს კი “ჩელსის” მოთამაშე- მწვრთნელის ფუნქციების შესრულება დაავალეს. ჰოლანდიელმა ჯერ ჯანლუკა ვიალი შეიძინა, შემდეგ “სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ ერთი იტალიელი ჯანფრანკო ძოლა დაიმატა და გუნდთან ერთად ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიგო. 1998 წელს მან მოულოდნელად დატოვა “ჩელსი”, რის მიზეზადაც “გადაღლა” დაასახელა, მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციები კი ვიალის გადააბარა. ამის შემდეგ, ხანგრძლივი შესვენებებით, “ნიუკასლში”, “ფეიენოორდსა” და “ლოს ანჯელეს გელექსიში” გულიტმა მწვრთნელად ვერ ივარგა, 2011 წლის 18 იანვარს კი, ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში “ტერეკს”, რომელმაც რუსული პრემიერლიგის სასტარტო ტურში, გროზნოში “ზენიტთან” წააგო...
 

 

გოჩა კაჭარავა





 

0.115893