კალათბურთი

23:35 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რამდენქულიანი სხვაობაა ლიტვას და საქართველოს შორის?

პანევეჟისში ლიტვის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის (51:82) კვალად, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა აღნიშნა, რომ მეტოქეებს შორის 30-ქულიანი სხვაობა არ გახლდათ. სერბი სპეციალისტი ვილნიუსში გაცილებით დიდ ბრძოლას შეგვპირდა, თუმცა, შეცდა. საქართველოს ნაკრებმა ბალტიისპირელებს სათანადო წინააღმდეგობა ვერც ამჯერად გაუწია და 54:81 წააგო.

თუკი პირველ მატჩში თამაშის ბედი საწყისი ტაიმის (31:46) შემდეგ იყო გადაწყვეტილი, ამჯერად, ქართველები შესვენებაზე მხოლოდ 7-ქულიანი (26:33) ჩამორჩენით გავიდნენ, კატასტროფული კი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 15:29 დათმეს.

თუმცა, ეს მხოლოდ დეტალებია, მთავარი კი ის გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრების ქმედებაში ორგანიზებულობა ისევ ნაკლებად სჩანდა, გაუაზრებელი შეტევები, ბავშვური შეცდომები და თითქოს ჩასაგდები, მაგრამ აცილებული ბურთები კი – რამდენიც გინდათ.

საქართველოს ნაკრები პასებში მეტოქეს 8:20 ჩამორჩა, დაკარგვები კი გაცილებით მეტი აღმოაჩნდა – 22:15. შემადგენლობაში ვიქტორ სანიკიძის დაბრუნებასთან ერთად, გამოსწორდა ვითარება ფარზე. მართალია, “ვიკამ” მხოლოდ 5 მოხსნა მიითვალა, თუმცა, გაცილებით გაუადვილა საქმე ზაზა ფაჩულიას, რომელმაც ორმაგი დუბლი (18 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი 3 ჩაჭრა) მიითვალა.

ქართველთა კაპიტანმა შეტევაში 8 ბურთი მოიხელთა, სულ სტუმრებმა მეტოქის ფარზე 19 (!) ბურთი მოხსნეს, ჯამურად კი მოხსნებში მასპინძლები 39:34 დაჯაბნეს. ეს, ალბათ, ერთადერთი კომპონენტი გახლდათ, რაშიც კოკოშკოვის შეგირდებმა მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმეს, სხვა მხრივ კი, მდგომარეობა არასახარბიელო იყო.

ქართველმა კალათბურთელებმა 42-დან 15 ორქულიანი (36%) და 21-დან 4 სამქულიანი (19%) გამოიყენეს, რამაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ მოახლოებულ შესარჩევ ციკლს გუნდი სტაბილური მსროლელის გარეშე ხვდება. მანუჩარ მარკოიშვილის და რიკი ჰიკმანის არყოფნაში, ნაკრებში, ფაქტობრივად არცერთი კალათბურთელი არ სჩანს, რომელზეც ამ კომპონენტში დაყრდნობა თავისუფლად შეიძლება.

იგივე გასულ მატჩში ფაჩულიამ თამაშიდან 15-დან 5 ტყორცნა გამოიყენა (ისიც ვთქვათ, რომ 2 მატჩის ჯამში ზაზას პასივში 16 დაკარგვა მოუგროვდა) და თუკი ცენტრისთვის ეს კიდევ მისაღები მაჩვენებელია, სხვების სტატისტიკა კიდევ უარესია: თორნიკე შენგელია – 14-დან – 3, გიორგი ცინცაძე – 8-დან – 2, სანიკიძე – 8-დან – 2, ბექა ბურჯანაძე – 9-დან – 3...

საქართველოს ნაკრებში არსებულ პრობლემებზე საუბარი კიდევ კარგა ხანს შეიძლება, თუმცა, ამჯერად აქ მოვრჩეთ. მომავალი შაბათიდან თბილისში “მერიის თასი” აიღებს სტარტს და იქნებ, შინაურ კედლებში ბიჭები უფრო გაიხსნან, მითუმეტეს, რომ ბელარუსის, მოლდოვას და დიდი ბრიტანეთის სახით ლიტვაზე გაცილებით სუსტი მეტოქეები ეყოლებათ.

www.gbf.ge-ს სტატისტიკა

 სრული სტატისტიკა

http://www.musukrepsinis.lt/wp-content/uploads/2014/07/LTU-_-GEO-2014-07-30.pdf

P.S. და ბოლოს. იგორ კოკოშკოვის მატჩისშემდგომი კომენტარიც: “როგორც დაგპირდით, ჩემმა გუნდმა უკეთ ითამაშა და ბოლომდე იბრძოლა. ნათელია, რომ ლიტვას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს და საკუთარი უპირატესობა ამჯერადაც დაამტკიცა. ჩვენთვის, ეს დიდი გამოცდილება გახლდათ. კარგია, რომ ასეთ გუნდთან 2 მატჩის ჩატარების საშუალება მოგვეცა. საქართველოს ნაკრები სასურველი ფორმისგან ჯერაც შორსაა”.

0.350464