დასრულდა ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის პირველი გათამაშაბა, რომელშიც 1996 წელს დაბადებული ჭაბუკებით დაკომპლექტებული რეგიონალური ნაკრებები ასპარეზობდნენ.
მე-3 ადგილის გამოსავლენ მატჩში, ერთმანეთს სამეგრელოს პირველი ნაკრები და კახეთი დაუპირისპირდნენ. ,,ტორპედოს’’ ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული შეეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. თამაშისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა, როცა კახელმა ჭაბუკებმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. პენალტის შესრულება გიორგი ზაზაშვილმა ითავა და... თანაგუნდელებს მინიმალური ანგარიშით, 1:0 გამარჯვება მოაპოვებინა.
არანაკლებ დაძაბული გამოდგა ქუთაისის ,,ცენტრალურ’’ სტადიონზე გამართული ფინალური შეხვედრა, სადაც ტურნირის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად, ერთმანეთს იმერეთის პირველი გუნდი (მწვრთნელები: რევაზ კვერნაძე და როლანდ ცუცქირიძე) და თბილისის მეორე გუნდი (უფროსი მწვრთნელი თენგიზ სულაქველიძე-უმცროსი, მწვრთნელები: რევაზ სანთელაძე და გიორგი კვანტალიანი) დაუპირისპირდნენ. აქაც ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დავით პაპიძის მიერ გატანილმა თერთმეტმეტრიანმა საჯარიმო დარტყმამ, გამარჯვება და ტურნირის მთავარი ჯილდო თბილისელთა მეორე გუნდს არგუნა.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ტურნირის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა.
გამარჯვებულ გუნდს ტურნირის მთავარი ჯილდო, რამაზ შენგელიას სახელობის თასი და მედლები, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძემ და რამაზ შენგელიას შვილმა გიორგი შენგელიამ გადასცეს. მეორე ადგილზე გასული იმერეთის პირველი გუნდი, სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა თენგიზ სულაქველიძემ დააჯილდოვა. მესამე ადგილზე კახეთის გუნდი გავიდა, რომელსაც ჯილდო თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგოლ ცაავამ გადასცა, ხოლო მეოთხე ადგილზე გასული სამეგრელოს პირველი გუნდი, კახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა როსტომაშვილმა დააჯილდოვა.
ტურნირზე აგრეთვე დაწესებული იყო სპეციალური პრიზები, რომლებიც თითოეული გუნდიდან საუკეთესო მოთამაშეებს გადაეცემოდა. ესენი გახდნენ: ირაკლი ჩირიკაშვილი – თბილისი-2, გიორგი ჩორგოლაშვილი – იმერეთი-1, მიხეილ ურჩუხიშვილი – კახეთი და გოგა ქორიძე – სამეგრელო-1. ყველა მათგანს პრიზები ქუთაისის ,,ტორპედოს’’ ყოფილმა კაპიტანმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა ოქროპირაშვილმა გადასცა.
ტურნირზე ასევე დაწესებული იყო სახელობითი პრიზები. ვეტერანი ფეხბურთელის, დავით რუხაძის სახელობის პრიზი გადაეცა იმერეთი-1-ის გუნდის წევრს, გივი კოხრეიძეს. პრიზი მას 60-იანი წლების ,,ტორპედოს’’ კაპიტანმა ავთანდილ წვერავამ გადასცა. საზოგადოება ,,ფერისცვალების’’ მიერ დაწესებული პრიზი ფინალურ მატჩში გატანილი გადამწყვეტი გოლისათვის, თბილისელ დავით პაპიძეს გადაეცა. ქუთაისის ,,ტორპედოს’’ კლუბის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცა იმერეთის პირველ გუნდს, რომელიც კლუბის სახელით, აღმასრულებელმა დირექტორმა გოგა პაპიაშვილმა გადასცა. ასევე დაჯილდოვდნენ მატჩის მომსახურე მსაჯები გოგა კიკაჩეიშვილის მეთაურობით. მათYსამახსოვრო საჩუქრები თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რეზო მგელაძემ გადასცა.
მატჩის შემდეგ, ,,მსოფლიო სპორტმა’’ კომენტარი ფინალური მატჩის მეტოქე გუნდების მწვრთნელებს და ტურნირის ორგანოზატორს, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვალერი მანაგაძეს ჩამოართვა.
თენგიზ სულაქველიძე-უმცროსი (,,თბილისი-2”) - ,,ეს, ისეთი კაცის სახელობის ტურნირია, რომ მასში მონაწილეობა ყველა გუნდისთვის დიდი პატივია. სრულიად შესაძლებელი იყო, თასი ქუთაისში დარჩენილიყო და ამაში გული ნამდვილად არავის დასწყდებოდა. ვინც ქართულ ფეხბურთს იცნობს, ყველამ კარგად იცის ჩემი ოჯახის დამოკიდებულება ბატონ რამაზ შენგელიასადმი. ასე რომ, თასის მოგება ძალიან მინდოდა და ჩემი ბიჭების უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება ტურნირის ორგანიზებას, ყველაფერი ბრწყინვალედ ჩატარდა. ჩამოსული გუნდებისთვის ძალიან კარგი პირობები იყო შექმნილი: ნორმალური სასტუმრო, კვება და კარგი სათამაშო მინდორი. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და პირველ რიგში, მიღწეული შედეგით.”
რევაზ კვერნაძე (,,იმერეთი-1”) - ,,ბიჭებს მონდომებას ვერ დავუკარგავ - რაც შეეძლოთ, ყველამ იბრძოლა. შეიძლებოდა მოგვეგო, მაგრამ თბილისელებს უფრო გაუმართლათ. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.”
ვალერი მანაგაძე (იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) - ,,პირველ რიგში, დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას მხარდაჭერისთვის. ასეთი ტურნირები ალამაზებენ ქართულ ფეხბურთს. მთავარია, ახალგაზრდა თაობამ იცოდეს რა დონის ოსტატები გვყავდა და ვის ნაკვალებზე იზრდებიან. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ტურნირში მონაწილეობა მიიღო და განსაკუთრებით იმ ძველი თაობის ფეხბურთელების, რომლებმაც თავისი ქუთაისში ჩამობრძანებით, ტურნირი გაალამაზეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს რამაზ შენგელიას ნათელ ხსოვნას.’’
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
მალხაზ ახვლედიანის ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია