სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიასადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა წლებში ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული წერილები, ინტერვიუები და ჩანახატები. წიგნი უხვადაა ილუსტრირებული, მათ შორის ფეხბურთელის პირად არქივში დაცული ფოტოებით. პროექტის ხელმძღვანელი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გია გორგოძეა. წიგნზე მუშაობდნენ ცნობილი სპორტული ჟურნალისტები თამაზ მიგრიაული და ილია ბაბუნაშვილი, შემდგენელი ასევე სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა. არტდიზაინი ზაზა ასანიშვილისა.
პრეზენტაციას ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა და ყველამ ძალიან გულთბილად გაიხსენა ბატონი რამაზი. შემდეგ ჟურნალისტებსა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს სამახსოვრო პრიზები გადასცეს. მაგალითად, ჩვენს კოლეგას, ამჟამად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ელგუჯა ბერიშვილს ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი ღვაწლისთვის მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია გადასცეს.
“საინტერესო ინიციატივა შემოგვთავაზა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ. ეს არის უნიკალური წიგნი, უნიკალურ პიროვნებაზე. რამაზ შენგელია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი თავდამსხმელი იყო. მე წილად მხვდა ბედნიერება, პირადად გამეცნო ბატონი რამაზი და შემიძლია დაგარწმუნოთ, არანაკლებ ბრწყინვალე ადამიანი იყო მწვანე მინდორს მიღმა. მიხარია, რომ ბატონი რამაზისადმი მიძღვნილი წიგნი ასეთი კარგი გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ის ყველა გულშემატკივრის ბიბლიოთეკაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.” – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
პრეზენტაციის შემდეგ სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის მეუღლემ, ქალბატონმა ლია შენგელიამ სპორტის სამინისტროში განთავსებულ ქართული სპორტის მუზეუმს რამაზ შენგელიას მაისური, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედალი, ფოტოალბომები და არქივი აჩუქა.
„რამაზის ოჯახისთვის მისი ყველა პრიზი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, ქართული სპორტის მუზეუმი ის ადგილია, სადაც ასეთი ნივთები უნდა ინახებოდეს. დარწმუნებული ვარ, რამაზიც ამავეს გააკეთებდა", - განაცხადა ქალბატონმა ლიამ.
შეგახსენებთ, რომ რამაზ შენგელია 2012 წლის 21 ივნისს, 55 წლისა გარდაიცვალა.