ფეხბურთი

12:56 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი: “წარმატებული პერიოდიც მალე დაგვიდგება”

 40 წლის უელსელი რაიან გიგზი “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე-მწვრთნელია და “ჰალთან” გუშინდელ მატჩში 70-ე წუთზე მან საკუთარი თავი მინდორზე “შეუშვა”. გიგზი 2 ათეული წელია ოლდ ტრაფორდელთა ღირსებას იცავს და ყოველ სეზონში გოლის გატანას ახერხებდა, ამჯერად კი რაიანის შედეგიანობის გრაფაში “0” წერია. 

- რა მხრივაა თქვენთვის მნიშვნელოვანი “ჰალ სიტისთან” დაპირისპირება?

- ბევრი ამბობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში “ოლდ ტრაფორდზე” ბოლო მატჩი ჩავატარე. ახლა ამ თემაზე საუბარი არ მინდა. ჩემი აზრით, უფრო საყურადღებო ისაა, გუნდის შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა წარმატებით ითამაშეს. “იუნაიტედი” ახალბედებს ყოველთვის აძლევდა თავის გამოჩენის შანსს, დღეს საღამოს კი მათ გულშემატკივართა და კლუბის ხელმძღვანელების იმედი სრულად გაამართლეს.

- წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები რით იყო გამოწვეული?

- “სანდერლენდთან” დაპირისპირებისას არც თამაშის ხარისხმა დამაკმაყოფილა და არც შედეგმა. გაბრაზებული და გაწბილებული დავრჩი, რადგან მთელი კვირის განმავლობაში ნაყოფიერად მოვემზადეთ და ჩავარდნა ჩემთვის მოულოდნელი იყო. “ჰალთან” მატჩის წინ შემადგენლობის გადახალისება გადავწყვიტე. ამ ნაბიჯმა გამიმართლა. 2 გოლი გაიტანა დებიუტანტმა ჯეიმს უილსონმა, პრემიერლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა ტომ ლოურენსმა და მშვენიერი შთაბეჭდილებაც დატოვა.

მაიკლ კინი, ტომ ლოურენსი და ჯეიმს უილსონი ჩვენთან 9 წლის ასაკში მოვიდნენ, ადნან იანუზაი კი 16 წლიდანაა “იუნაიტედში”. მოხარული ვარ, მათ პირველ გუნდში რომ ვხედავ.

- მათი წარმატებული თამაში თქვენთვის სიურპრიზია?

- არა. მარუან ფელაინს ჯეიმს უილსონის უკან თამაში დავავალე და ამ ნაბიჯმა გაამართლა – მათ ერთობლივად მოახერხეს მატჩის პირველი 2 გოლის ორგანიზება, თანაც დუბლი ჯეიმსმა შეასრულა.

- “მანჩესტერის” რიგებში ბოლოჯერ ითამაშა ნემანია ვიდიჩმა...

- ნემანიამ წინა 2 შეხვედრა ჩაატარა, ამჯერად კი მის ბოლო წუთებზე გაყვანას ვვარაუდობდი. ჯონსის ტრავმის გამო გეგმა შემეცვალა და ვიდიჩმა სათამაშო დროის დიდი ნაწილი გაატარა მინდორზე. სერბმა შეუცდომლად იასპარეზა. ასეთსავე თამაშს მივეჩვიეთ მისგან ბოლო 8 წლის განმავლობაში. ვიდიჩი ჩვენი გუნდის ბრწყინვალე მცველი გახლდათ.

- ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონით კმაყოფილი არ უნდა იყოთ...

- “მანჩესტერ იუნაიტედი” გამარჯვებებსაა ჩვეული, ამჯერად კი გულშემატკივრის გახარება ვერ მოვახერხეთ. ყოველთვის ვგრძნობდით ერთგულ ქომაგთა მხარდაჭერას. მათ უნდა ვუთხრა, რომ ამჯერადაც თავი არ დაგვიზოგავს. ერთგულ ფანებს მოვუწოდებ კვლავ დაგვიჭირონ მხარი და წარმატებული პერიოდიც მალე დადგება.

- ადასტურებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელი სპეციალისტ ლუის ვან გაალი დაინიშნება?

- ამის თაობაზე ჩემთვის არაფერი უთქვამთ. მომავალ კვირას პრემიერლიგის დასკვნითი მატჩი გვაქვს და “საუთჰემპტონთან” შეხვედრისთვის გუნდს მოვამზადებ.

0.105611