რაიან ჯოზეფ უილსონ გიგზი 1973 წლის 29 ნოემბერს დაიბადა კარდიფში, “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურა პირველად 1990-91 წლების სეზონში მოიზომა, შემდეგი წლიდან კი გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელია. მას შემდეგ მოყოლებული გიგზს უამრავი ტიტული მოუპოვებია და რეკორდი დაუმყარებია. ვეტერანი უელსელის მზერა დღესაც საფეხბურთო მინდვრისკენაა - გიგზი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება.
- რა განწყობით ხვდებით „ოლიმპიაკოსთან“ მატჩს?
- უპირველესად იმას მსურს ხაზი გავუსვა, რომ საბერძნეთში ჩამოსვლით მოხარული ვარ. კარგა ხანია, ელადაში არ მიასპარეზია - ბოლოს „ოლიმპიაკოსთან“ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2002 წელს ითამაშა. მოუთმენლად ველით ორრაუნდიან დაპირისპირებას. „ოლიმპიაკოსი“ მეტად რთულად დასაძლევი გუნდია, რაც ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლითაც დაამტკიცა და საშინაო ასპარეზზე მეტად სოლიდური თამაშით ადასტურებს. პლეი ოფიდან მოყოლებული, ჩემპიონთა ლიგის ტურნირი კიდევ უფრო დაძაბული და მაყურებლისთვის მიმზიდველი ხდება.
- ჩემპიონთა ლიგაში წელსაც მხოლოდ თასის დასაუფლებლად იბრძოლებთ?
- “მანჩესტერ იუნაიტედი” მიზანს არ იცვლის – ყოველთვის ნებისმიერი ტურნირის მოსაგებად ვთამაშობთ.
- სადღეისოდ “იუნაიტედში” მრავლად თამაშობენ ახალი თაობის ფეხბურთელები. თქვენ ახალგაზრდობასა და მათ შორის პარალელი რომ გაგავლოთ, რა საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს ხედავთ?
- დავიწყებ იმით, რომ ძალიან სასიამოვნოა ახალგაზრდა მოთამაშეების პროგრესისთვის თვალის მიდევნება. ჩემ გამოცდილ თვალს მათი წინსვლა არ გამოეპარება. თანაც, კლუბის ხელმძღვანელობამ მთხოვა, დამწყებ მოთამაშეებს პირადი მაგალითითა და რჩევით დავეხმარო. შეძლებისდაგვარად, ამას ვაკეთებ. ახალგაზრდობასთან ურთიერთობა მიყვარს და წვრთნების დროს მათ გვერდით ვუდგავარ.
- თანამედროვე მოთამაშეთაგან უპირველესად ვის გამოარჩევთ?
- “მანჩესტერ იუნაიტედელ” პარტნიორებს, სხვა კლუბებიდან თუკი ვინმეა გამოსაყოფი, ეს ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
- საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ოდესმე სხვა კლუბში გადასვლაზე არ გიფიქრიათ?
- არა. მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს გაზეთებში გაჩნდა ცნობა, თითქოს მილანის “ინტერს” ჩემი გადაბირება სურდა. პირადად მე იტალიელებთან კონტაქტი არ მქონია.
- ორი ათეულ წელზე მეტია უმაღლეს დონეზე ასპარეზობთ. რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ასკეტური ცხოვრების წესის დაცვა და ოჯახის წევრთა მხარდაჭერა?
- აუცილებელია საყოფაცხოვრებო და საფეხბურთო საკითხების დაბალანსება. დისციპლინის დაცვას კი ყურადღება განსაკუთრებით 30 წლის გადაბიჯების შემდეგ უნდა მიაქციო. ასაკის მომატებასთან ერთად, ფიზიკური ძალის აღდგენა სულ უფრო და უფრო ძნელდება. თორემ 18-19 წლისამ თამაშის შემდეგ, შესაძლოა, გვიან საღამომდე ბარში დაჰყო, მეორე დღეს ვარჯიშზე კი მწვრთნელმა ვერაფერი შენიშნოს. ახლობელ ადამიანთა მხარდაჭერა და სიყვარული სათამაშო ტონუსს საგრძნობლად მაღლა მიწევს. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ჩემს ორ ვაჟთან დროის გატარების დეფიციტია. ამას მხოლოდ ჩემი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მოევლება.
- ასაკიდან გამომდინარე, მეტად გადატვირთული საასპარეზო გრაფიკისთვის ფეხის აწყობა არ გიჭირთ?
- პრემიერლიგას მცირეხნიანი არდადეგები ხელს არ შეუშლიდა. აუცილებელი არაა, ეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვეს. იანვარშიც რომ დავისვენოთ, ურიგო არ იქნებოდა. მაგალითად, 2 კვირა რომელიმე თბილ ქვეყანაში მზეს მივეფიცხებოდით, შემდეგ კი, დავბრუნდებოდით და ერთკვირიანი წვრთნის შემდეგ, ჩემპიონატს განვაახლებდით. გასაგებია, რომ ინგლისში გულშემატკივარს ფეხბურთი ძალიან უყვარს და პრემიერლიგის შეუსვენებლად მიმდინარეობას სატელევიზიო ასპექტითაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ საკლუბო დონეზე პაუზის გარეშე თამაში ეროვნულ ნაკრებსაც ვნებს.