ჩოგბურთი

23:29 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ ნახევარფინალი და პირველობა გაინაღდა

 რაფა ნადალმა ლონდონში, სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე მატჩი მოიგო (შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა 7:6, 7:6 დაამარცხა), ვადაზე ადრე გაინაღდა ნახევარფინალის საგზური და სეზონს რეიტინგსიის სათავეში დაასრულებს. 27 წლის მალიორკელმა ვავრინკას ძლევას 2 საათი და 13 წუთი მოანდომა.

შეგახსენებთ, მუხლის ტრავმის გამო, ნადალს ბევრი გაუცდა და თამაში მიმდინარე წლის თებერვალში განაახლა. მას შემდეგ მოყოლებული რაფამ 10 ტურნირი მოიგო, მათ შორის “როლან გაროსი” და აშშ-ის ღია პირველობა, აგრეთვე, ინდიან უელსის, მადრიდის, რომის, მონრეალისა და ცინცინატის “მასტერზ1000”-ები.

“ვავრინკასთან შეხვედრა მეტად ემოციური გამოდგა. ცოტათი გამიმართლა და ძალიან მოხარული ვარ, ნახევარფინალის საგზური რომ გავინაღდე. შარშან ამ ტურნირზე არ მითამაშია, ამიტომაც უკვე დიდ წარმატებას მივაღწიე. მშვენიერია, სეზონს პირველი ჩოგნის რანგში რომ დავასრულებ. ამის მიღწევა სულ უფრო და უფრო რთული ხდება და რომ არა ჩემი გუნდის ძალისხმევა, კლასიფიკაციის ლიდერობას ვერ დავიბრუნებდი”, - ვავრინკას დამარცხების შემდეგ ნადალი ბედნიერებას არ მალავდა  და საკუთარი განწყობა BBC-ს კორესპონდენტსაც გაუზიარა.

0.13203