"გრუნტის მეფედ" წოდებულმა რაფაელ ნადალმა ბარსელონაში წარმატებით დაიცვა შარშან მოგებული ტიტული. ტურნირის ფინალურ მატჩში 26 წლის "რაფამ" ორ სეტში დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის მე-12-ე ჩოგანი - თანამემამულე ნიკოლას ალმაგრო 6:4, 6:3.
შეხვედრა 1 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში რაფაელმა ოთხჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, საკუთარი კი მხოლოდ ორჯერ დათმო. ნადალის ანგარიშზე ასევე 1 ეისი გახლდათ, ალმაგრომ კი თავისმხრივ 2 ეისის წილ ამდენივე ორმაგი დაუშვა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში მალიორკელი სოლიდური სხვაობით ამარცხებს ნიკოლასს 10:0.
ნადალმა ბარსელონას პრესტიჟული ტურნირი თავის კარიერაში უკვე მერვედ მოიგო და 389300 ევროსთან ერთად 500 სარეიტინგო ქულაც შეიმატა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ტურნირის გამარჯვებულმა განაცხადა: "ბედნიერი ვარ, რომ ისევ ხელში მიპყრია ეს თასი. ბარსელონაში გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დღევანდელი მატჩი საკმაოდ მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, საწყისი ექვსი გეიმის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, რაც ოროვე ჩოგბურთელს დისკომფორტს გვიქმნიდა. კმაყოფილი ვარ რომ 2 სეტში შევძელი ასეთი მაღალი კლასის მეტოქის დამარცხება. მატჩის მიმდინარეობისას შევძელი და გამოვასწორე თამაშის ხარისხი. პირველ სეტში 1:3 ვმარცხდებოდი, მაგრამ შევძელი სიტუაციის გამოსწორება. მეორე პარტიის გადამწყვეტ მომენტებში კი უკვე კარგად გავისარჯე" - ციტირებს ნადალის სიტყვებს ATP.