იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი, საფეხბურთო ეშმაკობით სტივენ ჯერარდზე ჭკვიანია.
სერია A-ს მეორე ტურში ნეაპოლელებმა სტუმრად “კიევოს” წინააღმდეგობა გატახეს. ალბერტო პალოსკის დუბლს მარეკ ჰამშიკმა დუბლით, ხოლო გონსალო იგუაინმა და ხოსე კალეხონმა თითო-თითო გოლით უპასუხეს. ნამატჩევს ესპანელი სპეციალისტის სიტყვები Football Italia-მ გაავრცელა.
“ჰამშიკი “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანესი რგოლია. სწორედ მან დაგვაწინაურა, შეასრულა დუბლი და გონსალო იგუაინისთვის ზონებს ძალიან კარგად ათავისუფლებდა. ჰამშიკი ჩვენი ჯერარდია? ამ ორი ფეხბურთელის შედარება ძალიან ძნელია. მარეკი არაა სტივენივით მძლავრი, მაგრამ ის ტაქტიკური თვალსაზრისით ჯერარდზე ჭკვიანია.
განვლილ მატჩში მრავლად იყო დადებითი მომენტები. დებიუტში მეტოქეს ძლიერი დარტყმა მივაყენეთ და საწყისი ნახევარი საათი კარგად ჩავატარეთ. ორი გოლი გავიტანეთ, მერე ორი გავუშვით, მაგრამ მალევე მოვეგეთ გონს და სწრაფადვე ვუპასუხეთ. რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა, ვფიქრობ, საერთო ჯამში მაინც კარგი შეხვედრა ჩავატარეთ” - განაცხადა ბენიტესმა.
“ნაპოლიმ” ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა. მომავალ ტურში ის 15 სექტემბერს “ატალანტას” უმასპინძლებს.