საჩოგბურთო სამყარო საფრანგეთის ღია პირველობაზე რაფა ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ნახევარფინალის მოლოდინშია. “როლან გაროსის” შარშანდელი გათამაშების ფინალისტები ხვალინდელი დაპირისპირების წინ ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ და ძირითადად ერთუერთს აქებენ.
“სადღეისოდ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს ვხვდები და ცხადია, ვნერვიულობ. ყოველმხრივ შევეცდები თამაშისგან სიამოვნება მივიღო და მაქსიმალური მობილიზებით ვიასპარეზო”, - ნადალის ეს სიტყვები ფრანგულ პრესას მოჰყავს.
“საფრანგეთის ღია პირველობაზე კარგად გამოვდივარ, რაფასთან შეხვედრა კი ჩემთვის ტურნირის ყველაზე რთული პაექრობა იქნება. ნადალის დამარცხება მხოლოდ იმ შემთხევევაშია შესაძლებელი, თუკი პირველი მოწოდებიდან ბოლომდე მაღალი დონის თამაშის ჩვენებას მოვახერხებ და მთელი მატჩის მსვლელობისას აქტიურად ვიმოქმედებ. რაფას ძლევა მხოლოდ ასეა შესაძლებელი. ნახევარფინალის ბედის გადაწყვეტა პატარა დეტალსაც კი შეუძლია”, - ფრთხილობს “ნოლე”.
შეგახსენებთ, “როლან გაროსის” შარშანდელ ფინალში ნადალმა ჯოკოვიჩს 6:4, 6:3, 2:6, 7:5 მოუგო.