ჩოგბურთი

12:04 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი: „ყოველთვის მოგება შეუძლებელია“

მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი რაფა ნადალი კატალონიის დედაქალაქ ბარსელონას Barcelona Open Banc Sabadell-ის ტურნირში ჩაებმება. მოგეხსენებათ, მალიორკელი ამ შეჯიბრების მოქმედი გამარჯვებულია (შარშანდელ ფინალში თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს სძლია), წლეულს კი შეჯიბრების სტარტზე ესპანელი ალბერტ რამოსისა და რუსი ნიკოლაი დავიდენკოს შორის მოგებულს შეხვდება. ბარსელონას ტურნირის წინ ნადალმა და დავიდ ფერერმა ლისეუს საოპერო თეატრში საჩვენებელი საჩოგბურთი მატჩი ჩაატარეს.

- საოპერო თეატრში საჩოგბურთო ასპარეზობა ჯერ არ გამართულა. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ოპერის სცენაზე ჩოგბურთის თამაშისგან?

- მართლაც უნიკალური გამოცდილებაა. მე და დავიდი თავდაპირველად მოწიწებით გავედით ლისეუს თეატრის სცენაზე, შემდეგ ცოტათი გავთამამდით. დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს ამგვარი შესაძლებლობის მოცემისთვის.

- მონტე კარლოს „მასტერზ1000“-ის მეოთხედფინალში მარცხი კარგ გუნება-განწყობაზე არ დაგაყენებდათ...

- ყოველთვის მოგება შეუძლებელია. როდესაც წააგებ, უმთავრესი ამოცანა მარცხის სასწრაფოდ დავიწყება და ფსიქოლოგიური წონასწორობის აღდგენაა. საამისოდ კი საუკეთესო საშუალება ვარჯიშია. სამუშაო სწორად უნდა დაიგეგმოს, ეს კი მაღალ დონეზე გამოსვლის საშუალებას აუცილებლად მოგცემს. კარიერაში წარუმატებელი გამოსვლები ადრეც მქონია. ახლა ჩემი ამოცანა ბარსელონაში კარგი თამაშის ჩვენება და შეჯიბრების მოგებაა.

- ავსტრალიის ღია პირველობასა და მონტე კარლოს „მასტერზ1000“-ზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ შესაძლებელია სტანისლას ვავრინკა სეზონის ლიდერად მივიჩნიოთ?

- სტანისლასს მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი ყოველთვის ჰქონდა, ახლა კი მან სათანადო გამოცდილება დააგროვა. ვავრინკას ესოდენ დიდი წარმატება ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. 

0.137467