რაფა ნადალმა გასულ კვირას ზედიზედ მეხუთედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა, სადიდსლემო ტურნირზე მეთოთხმეტედ იმარჯვა და “მეიჯორებზე” მოპოვებული ტიტულებით მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება. “როლან გაროსის” გადამწყვეტ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხებით მალიორკელმა მსოფლიო რეიტინგსიაში პირველი პოზიცია შეინარჩუნა.
- კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ “როლან გაროსის” ფინალს და ემოციას, რომელიც პარიზში მეცხრე ტრიუმფის შემდეგ დაგეუფლათ...
- ფინალში ბევრი დაძაბული მომენტი იყო. როდესაც გადამწყვეტ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩს ეთამაშები, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ორივე ჩვენთაგანი კორტზე ბოლომდე დაიხარჯა. პირადა ჩემთვის “ნოლეს” წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია. მას შემდგომში წარმატებებს ვუსურვებ. ემოციას რაც შეეხება, ამ მხრივ გადატვირთული და ბედნიერი ვარ. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ტრავმის გამო საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინე. რთული პერიოდი მქონდა და ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია პარიზში გაჩემპიონება. “როლან გაროსი” ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება იყო და სადღეისოდაც ასეა.
- რა განწყობით ხვდებით “ბალახის სეზონს”?
- ვიმედოვნებ, მუხლი არ შემაწუხებს. ტრავმის შემდეგ ყველაზე მეტად ბალახისსაფარიან კორტზე გამოსვლა მიჭირს. შარშანდელ უიმბლდონზე წარუმატებლად გამოვედი. პირველივე წრეში ბელგიელ დარსისთან წავაგე. ყველა ზომას ვიხმარ, წლეულს მესამე სადიდსლემო ტურნირზე გაცილებით უკეთ ვიასპარეზო.
- პარიზში მეთოთხმეტე სადიდსლემო შეჯიბრება მოიგეთ. როჯერ ფედერერის რეკორდის მოხსნას შეეცდებით?
- როჯერს 17 დიდი სლემის შეჯიბრება აქვს მოგებული, მე 14. კიდევ მრავალი სეზონის განმავლობაში ვაპირებ მაღალ დონეზე თამაშს და როდესაც კარიერას დავასრულებ რეკორდებსა და მიღწევებზე მას შემდეგ ვისაუბროთ. ისე კი, პირადად ჩემთვის რეკორდი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ყოველ მატჩში ბოლომდე ვიბრძვი, ვცდილობ მაყურებელს საინტერესო და მაღალი კლასის ჩოგბურთი ვუჩვენო. ყველაზე მეტად სასიხარულო კი ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებაა.
- “მალიორკას” საფეხბურთო კლუბის აქციების 10 პროცენტის მფლობელი ხართ. ადასტურებთ, რომ კლუბის ყიდვას რომან აბრამოვიჩი აპირებს?
- ამ გარიგების თაობაზე პირველად მესმის. ბოლო დროს მხოლოდ “როლან გაროსზე” გახლდით მთლიანად კონცენტრირებული და საფეხბურთო ნიუსებისთვის თვალის მისადევნებლად დრო არ მქონდა.