მსოფლიო რეიტინგსიის პირველი ნომერი რაფა ნადალი პარიზის BNP Paribas Masters-ზე მეორე წრიდან ჩაერთვება და მის სასტარტო მეტოქეს დმიტრი ტურსუნოვისა და მარსელ გრანოლიერსის შეხვედრა გამოავლენს. პარიზში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, 27 წლის რაფას შანსი აქვს გახდეს პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში 6 „მასტერზ1000“ მოიგო.
- რას გვეტყოდით მოახლოებულ პარიზის მასტერსზე?
- პარიზში კიდევ ერთხელ ჩამოსვლით მოხარული ვარ. სხვადასხვა მიზეზით, 4 წელია, ამ მასტერზე არ მითამაშია და ამიტომაც სტარტს მოუთმენლად ველი. პარიზი ჩემთვის პლანეტის განსაკუთრებული ქალაქია, შემიძლია ვთქვა – ყველაზე განსაკუთრებული.
- 4 ნოემბერს ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყება. რა განწყობით ხვდებით ამ შეჯიბრებას?
- სეზონის შემაჯამებელი ტურნირი მეტად მნიშვნელოვანი ასპარეზობაა. მხოლოდ 2010 წელს მოვახერხე ფინალში გასვლა, სხვა დროს ამ შეჯიბრებებზე ცუდად გამოვდიოდი. წლეულს ამ უხეირო ტრადიციის დარღვევას ვაპირებ. სეზონის მიწურულს ყოველთვის მოტივირებული ვარ, მაგრამ მოტივაციის სათანადო კალაპოტში ჩაყენებას ყოველთვის ვერ ვახერხებდი. იმედია, ამჯერად ამას წარმატებით მოვახერხებ.
- ლონდონში ჩასატარებელი შემაჯამებელი ტურნირის შედეგის მიუხედავად, წლევანდელი სეზონით უკმაყოფილო ნამდვილად არ უნდა იყოთ...
- მოხარული ვარ, ჯანმრთელობა კორტზე ყოველდღიურად გასვლის შესაძლებლობას რომ მაძლევს. წლის დასაწყისში ვერ წარმოვიდგენდი, ამდენს თუ მივაღწევდი. ყოველმხრივ შევეცდები, სეზონი წარმატებით დავაგვირგვინო. პარიზშიც და ლონდონშიც პირველობისთვის ვიბრძოლებ. თუკი ეს მოვახერხე, რეიტინგში პირველ ადგილს შევინარჩუნებ. კლასიფიკაციაში ლიდერის პოზიცია რომც დავკარგო ბევრი არაფერი შეიცვლება – კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ვატარებ. წლეულს ყველაზე მეტად ვისიამოვნე ჩოგბურთის თამაშით. ბევრი ემოციურად დატვირთული შეხვედრაც ჩავატარე. 8 თვის წინ წარმოუდგენელიც კი იყო, 2013-ში ამდენს რომ მივაღწევდი.