ჩოგბურთი

10:23 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი: “ნახევარფინალში გასვლიდან ტიტულის მოპოვებამდე შორია”

რაფა ნადალმა ლონდონის სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე 2 სასტარტო მატჩის მოგების შემდეგ მსოფლიოს რეიტინგსიის ლიდერობა წლის ბოლომდე შეინარჩუნა. 2003 წლიდან მოყოლებული ნადალი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც სეზონის დასაწყისში ტოპსამეულში არ იყო, სეზონს კი მოწინავე პოზიციაზე დაასრულებს. 10 წლის წინათ, ეს ამერიკელმა ენდი როდიკმა მოახერხა (იანვარში მეათე იყო), 2001-ის სეზონს ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი მეშვიდე ადგილზე შეხვდა, მაგრამ შემდეგ პირველ საფეხურამდე დაწინაურდა, ბრაზილიელი გუსტავო კუერტენი 2000 წლის დეკემბერში ლიდერი იყო, იანვარში კი მეხუთე პოზიცია ეკავა, ერთი წლით ადრე კი ამერიკელმა ანდრე აგასიმ მეექვსე ადგილიდან დაიწყო და 1999-ის სეზონი ლიდერის რანგში დაასრულა. რაფა ნადალს რაც შეეხება, წლეულს იანვარში იგი რეიტინგსიაში მეოთხე საფეხურს იკავებდა.

- სეზონს კლასიფიკაციის ლიდერის როლში დაასრულებთ. რამდენად რეალურად გეჩვენებოდათ ეს თებერვალში, როდესაც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ კორტს დაუბრუნდით?

- ყოველთვის ვამბობდი, რომ წლის კლასიფიკაციის სათავეში დასრულება ჩემი მიზანი არ იყო. მაგრამ წლეულს მოპოვებული ამდენი ტიტულის შემდეგ რეიტინგსიაში პირველი ადგილი ნამდვილად დავიმსახურე. კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს მივაღწიე – სამწლიანი პაუზის შემდეგ სეზონს კლასიფიკაციის მოწინავე პოზიციაზე დავასრულებ. მეორე მხრივ, ავსტრალიის ღია პირველობა გამოვტოვე, მაიამისა და უიმბლდონზე ქულაც არ გამომიშავებია. ამის გათვალისწინებითაც სერიოზულ წარმატებას მივაღწიე, რადგანაც მეტად სერიოზული კონკურენტები მყავდა. ეს ფაქტი ჩემ ლიდერობას კიდევ უფრო წონადს ხდის. წლეულს მართლაც ბევრი შეჯიბრება მოვიგე, თუმცა, პირველობა დასკვით შეჯიბრებაზე გავინაღდე. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია, თუ რაოდენ ძნელია საჩოგბურთო მწვერვალზე ასვლა და შემდეგ დამაგრება.

- დახურულ კორტებზე შედარებით უარესად გამოდიხართ, ვიდრე ღია არენებზე. საამისო მიზეზი რაა?

- მზეზე თამაში მიყვარს (იცინის). სერიოზულად თუ ვიტყვი, დარბაზში ყველაფერი სხვაგვარადაა – ბურთის გრძნობა, ხმა. შესაძლოა, ეს ვინმეს წვრილმანად მოეჩვენოს, მაგრამ ამას მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი თუ იტყვის. ისე კი, სწრაფი კორტი მიყვარს. ორჯერ მოვიგე საჰარდო ტურნირი მონრეალში, წლეულს ცინცინატიში ვიმარჯვე. ამ ქალაქებში მეტად “სწრაფად მიმდინარე” მატჩებია. ინდიან უელსში კორტები საშუალო სისწრაფისაა, იქ პაექრობა შედარებით მიადვილდება. ლონდონის კორტს რაც შეეხება, იგი იდეალურ მდგომარეობაშია.

- წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გასვლით საბოლოო გამარჯვების განაცხადი გააკეთეთ...

- ნახევარფინალში გასვლიდან ტიტულის მოპოვებამდე ძალიან შორია. 2 მატჩის მოგება დადებითი მომენტია, მაგრამ გულახდილად თუ ვიტყვი, ამ საფარზე ფავორიტი არ ვარ. თუმცა ერთიცაა – ბოლომდე მთელი მონდომებით ვიბრძოლებ და ვნახოთ, რა გამომივა.

- ნოვაკ ჯოკოვიჩმა მკვეთრი რეაქცია მისცა ვიქტორ ტროიცკის დისკვალიფიკაციას და განაცხადა, რომ ანტისადოპინგო კომიტეტს აღარ ენდობა...

- ტროიცკის პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ წესი წესია და დადგენილი ნორმა ყველამ უნდა დაიცვას. ვიქტორმა იცოდა, დოპინგტესტი რომ უნდა ჩაებარებინა და შეცდომა დაუშვა. ტროიცკი მეცოდება, მაგრამ მომხდარში მისი წილიც დიდია.

0.133955